Accessibility links

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და მისი განსჯის კვირა


გასული კვირის ორშაბათს დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის გამო წყალდიდობა იყო, განსაკუთრებული პრობლემები გურიაში შეიქმნა. რამდენიმე სოფლიდან ათეულობით ოჯახის ევაკუაციაც გახდა საჭირო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობას ზარალის დათვლა დაავალა.

სამშაბათს კი გაჩნდა კითხვა, თუ ვინ წავა ან ვინ უნდა წავიდეს შვეიცარიაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოდან - პრეზიდენტი, პრემიერი თუ ორივე. ეს შეკითხვა გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თურქეთში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში მიიწვიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე კარგა ხანია დავოსში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ამზადებს.

„პრეზიდენტმა რა მოწვევა მიიღო, არ ვიცი, მე არ ვყოფილვარ თურქეთში და ამ საუბარს არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრმა მოწვევა 14 მაისს მიიღო და ის წავა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე“, - განაცხადა 30 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს პრეზიდენტს დავოსში გამგზავრების გადაწყვეტილება ჯერ არ მოუღიაო, ამბობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიიჩნევდნენ, რომ წასვლა დავოსის ეკონომიკური ფორუმზე, სადაც ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები განახილება, უფრო პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. უკანასკელ ორ ფორუმზე საქართველოს მთავრობის მეთაური, პრემიერი წარმოადგენდა.

გასული კვირის ოთხშაბათს 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ - მწვავე დებატების შემდეგ -კენჭისყრის ასეთი შედეგით დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რეზოლუცია ”საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება”, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების მიკაელ ასტრუპ იენსენისა და ბორის ცილევიჩსის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობა. დებატების მსვლელობისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების კრიტიკა ძირითადად ყოფილი თანამდებობის პირთა გასამართლებას უკავშირდებოდა.

რეზიუმეში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველომ დემოკრატიული განვითარების პროცესში შესამჩნევ პროგრესს მიაღწია და, მაგალითად, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში განმტკიცდა პარლამენტის როლი, რომლის წინაშეც უფრო ანგარიშვალდებული გახდა ქვეყნის მთავრობა. თუმცა პოლიტიკური სივრცე კვლავაც უკიდურესად პოლარიზებულად მიიჩნევა. ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა მიკაელ ასტრუპ იენსენმა, საპარლამენტო ასამბლეის 1 ოქტომბრის სხდომაზე თქვა, არჩევნების წინ საქართველოში წნეხის ქვეშ მოექცნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რათა მოეხსნათ თავიანთი კანდიდატურები, და, არაერთ შემთხვევაში, ისინი ასევე წნეხის ქვეშ მოექცნენ პარლამენტის სივრცეშიც - იმედი არის, მაგრამ მისასალმებელი კონდიცია ჯერ ისევ შორსააო:

”მთლიანობაში, კვლავ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს ისეთ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივესალმებით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიტყვით, რომ ჯერ კიდევ გრძელი, გრძელი გზაა გასავლელი”.

ოპტიმიზმს გამოთქვამდა ანგარიშის კიდევ ერთი თანაავტორი, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი, ბორის ცილევიჩსი, თუმცა მის შეფასებებშიც ისმოდა კრიტიკა სხვადახვა მიმართულებით:

”ცხადია, სასამართლო სისტემა კვლავაც რჩება მგრძნობიარე საკითხად. ჩვენს ანგარიშში ხაზი გავუსვით რამდენიმე მოვლენას და, კერძოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის, გასამართლება მოხდეს თავისუფალი მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების შესაბამისად”.

ყოფილი თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნის საკითხი ოთხშაბათის დებატების ერთ-ერთ უმთავრეს აქცენტს წარმოადგენდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატებმა - გუგული მაღრაძემ, ეკა ბესელიამ და ირაკლი ჩიქოვანმა - თავიანთ გამოსვლებში სცადეს აეხსნათ, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას,

რეზოლუციამ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე აზრთა სხვადასხვაობა და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კატეგორიული იყო პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სივრცეში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოკავშირეების - ევროპის სახალხო პარტიის (EPP) - მხარდაჭერით ისარგებლეს და ამ პროცესში მათ საქართველოს ინტერესებზე არ უფიქრიათ:

”ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ახალაიას თაობაზე და ასევე სააკაშვილის თაობაზე, ეს მე არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომ ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოსახლეობას. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებდნენ წლების განმავლობაში - აქ ახალი არაფერია აბსოლუტურად. ეს არის პოლიტიკური პარტიების გამოხატულება. ისინი ისე ხატავენ ამ სურათს, თითქოს ეს არის ევროპის საბჭოს მოწოდება და რაღაც... მე კიდევ გიმეორებ, რომ არც ერთ საქმესთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას არ დაუტოვებია პასუხგაუცემელი კითხვა. პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე”.

საქართველოს დელეგაციაში უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ ”ქართულმა ოცნებამ” სერიოზული მარცხი განიცადა:

”უმრავლესობის წევრები უნდა შეეგუონ საკუთარ კრახს და დაანებონ თავი EPP-სკენ (ევროპის სახალხო პარტია) ხელის გაშვერას. ასეთი აგდებული დამოკიდებულებით ევროსაბჭოსა და სხვა ევროპული ინსტიტუტების მიმართ გამოირჩეოდა ”იედინაია როსია” და რუსეთი. ჩვენ ასეთი ტერმინოლოგია მათგან გვესმოდა”.

რეზოლუციას საკმაოდ დაბალანსებულად მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისთვის გაუგებარია პოლიტიკოსების სიბრაზე და ესოდენ უარყოფითი ემოციები.

”ჩვენ თუ მივყვებით ამას და ვიტყვით, რომ ეს რაღაც საოცარი რეზოლუციაა, რომელიც ცვლის მთლიანად თამაშის წესებს ქართულ პოლიტიკაში, ეს ნამდვილად არ არის ასე და გაზვიადებული იქნება ... მაგრამ, უბრალოდ, საყურადღებოა ის, რომ მომავალში ასეთი ტიპის რეზოლუციები სხვა საერთაშორისო ფორუმებზეც (ვთქვათ, ეუთოში ან სხვაგან და სხვაგან) თუ გამოჩნდა და ამან მიიღო პერმანენტული ხასიათი, - განსაკუთრებით ის ნაწილები, რაც მთავრობას შეიძლება არ მოსწონდეს, - შეიძლება, უბრალოდ, დაიხვიონ მათ, ვინც კრიტიკულად უყურებს საქართველოს ნატოსთან ან სხვა ორგანიზაციებთან დაახლოებას”, - უთხრა პოლიტოლოგმა რადიო თავისუფლებას.

2 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნის მთავრობამ არ დაადასტურა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ, საწვრთნელი ბაზის გახსნის შემთხვევაში, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობათა ნორმალიზაციის პროცესში ნეგატიური შედეგები გარდაუვალი იქნებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მოკლე განცხადების დასკვნით ნაწილში კი საუბარია იმაზე, რომ თემას მოსკოვი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაზე გამოხმაურებისას, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ვინაიდან თავიდანვე ნათელი იყო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეებისთვის არც ბაზა იხსნება და არც წვრთნები იგეგმება, განცხადებას აზრი არ აქვსო.

3 ოქტომბერს ქუთაისში პოლიციელის ნასროლ ტყვიას 21 წლის მირზა ბ. შეეწირა, ოფიციალური ინფორმაციით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მისდევდნენ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს, რომელიც პოლიციას არ დაემორჩილა და სცადა ავტომობილით პოლიციელს დასჯახებოდა, წინააღმდეგობას კი პოლიციელმა გასროლით უპასუხა. სამართლადამცავი დაკავებულია, საქმის გამოძიებას სახალხო დამცველიც დააკვირდება.

XS
SM
MD
LG