Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირა მთავარი აქცენტებით


გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ახმეტელის მეტროსთან
გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ახმეტელის მეტროსთან

განსხვავებული შეხედულებები საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, პოლიტიკაში მობრუნებული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გარემოვაჭრეების მორიგი პროტესტი, სტიქია დასავლეთ საქართველოში - ასეთი იყო გასული კვირა საქართველოში.

კვირა მთავარი აქცენტებით
please wait

No media source currently available

0:00 0:07:39 0:00
გადმოწერა

ვნებათა ღელვა არ წყდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. კითხვაზე, თუ როგორი იქნება კონსტიტუციის პროექტის ის რედაქცია, რომელიც საერთო-სახალხო განხილვის საგანი უნდა გახდეს, პასუხი დიდწილად დამოკიდებულია იმ დავის შედეგზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაიწყო. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს არა 2023 წელს, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვიტა, არამედ 2018 წლიდან. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ატარებენ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას:

„არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, ამ სისტემაში თანხმდება პარტიებთან, თანაც თავისი აპარატის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, თავისი ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით ხვდება პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა საქართველოს პარლამენტზე“.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, თქმით კი, პრობლემა ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას ცვლის ყოველნაირი კომპრომისისა და შეთანხმების გარეშე, ერთპიროვნულად:

„სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შედიოდა კომისიაში, დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. ამიტომაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხალხის სამსჯავროზე ამ ძირითადი კანონის გამოტანა და ჩვენი დახმარებით გაწონასწორება, დაბალანსება ამ ძირითადი დოკუმენტის. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები. არასოდეს არ მივაჭრია ამ თემით და არც არავინ არ იფიქროს, რომ ამ საკითხზე შეიძლება მევაჭროს“.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

გასულ კვირაში დუმილი დაარღვია საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ერთობლივად შექმნან ახალი ცენტრისტული პარტია, რომელიც ახლებური ხედვებითა და მიდგომებით ჩაერთვება ქვეყნის განვითარების პროცესში. პარტია, რომელსაც ჯერ არც სახელი აქვს და არც გუნდი ჰყავს, ფორმირების პროცესშივე აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ გუნდს საზოგადოებას მაისის ბოლოს წარუდგენს.

“მე ვაცხადებ სადამფუძნებლო პრინციპებს, რომ ეს იქნება ცენტრისტული და არა რომელიმე უკიდურეს ფლანგზე. ეს იქნება ქვეყნის ტრადიციების, პოზიტიური ტრადიციების, სახელმწიფოებრივი ტრადიციების მისხალ-მისხალ აღმოჩენის და შეკრების პარტია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი საფუძველი სახელმწიფოს წინ წაყვანისთვის. ეს პარტია ახლიდან არ დაიწყებს სახელმწიფოებრივ წელთაღრიცხვას, ეს პარტია არ დაანგრევს იმას, რაც სხვამ გააკეთა. ჩვენი კრედო იქნება: რაც კარგია, ვუვლით; რაც გვაკლია, ვქმნით და რაც ცუდია, ვცვლით. ეს არ იქნება ახალი საქართველო, ნულიდან დაწყებული საქართველო“.

დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტიკოსებისთვის. მათგან მმართველი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, წინამორბედს წარმატებებს უსურვებს, თუმცა ამ წარმატების მოლოდინი თავად არა აქვს.

რადიო თავისუფლებამ შეფასება პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძესაც სთხოვა - შეძლებს თუ არა დავით უსუფაშვილის პოლიტიკური პარტია გახდეს ხელისუფლების ალტერნატიული ძალა და რა გავლენა შეიძლება მოიპოვოს მან ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტრში ცენტრისტული პოზიციის დაკავებით:

“არაფერი აზრი არა აქვს, ცენტრისტულს დაარქმევ, მემარჯვენეს თუ მემარცხენეს. ხალხს აინტერესებს სამუშაო ადგილები, ხალხს აინტერესებს დაბალი გადასახადები და უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ხალხს უნდა დაანახვო საქმე, რომ სამუშაო ადგილებს ქმნი, უნდა დაპირდე რაღაცებს“.

საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ლეგალურად ცხოვრების უფლება მიეცემა - საბერძნეთის საემიგრაციო კანონში შესული ცვლილებები მათ ახალ უფლებებს ანიჭებს, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი. მისი თქმით, „მესამე ქვეყნებისთვის“ გამიზნული ცვლილებები საქართველოსაც შეეხება და კონკრეტულ შემთხვევაში გაფართოვდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებზე დაყრდნობითაც საბერძნეთში არალეგალურად მყოფ პირებს ლეგალურად ბინადრობის საშუალება მიეცემათ. იოსებ ნანობაშვილი კონკრეტულ მაგალითს ასახელებს:

არ უნდა შეგვიზღუდოს მთავრობამ ვაჭრობა. ჩვენგან არ უნდა დაიწყოს მთავრობამ. არც ჩვენ გვსიამოვნებს წვიმაში, თოვლსა და ქარში ღამის 12-ის 10 წუთამდე, სანამ ბოლო მეტრო არ ამოივლის, აქ ვსხედვართ. ჩვენც გვინდა ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობის პირობები. მაშინ მოგვცენ სამსახურები. ჩვენ არანაირ ბაზრობაზე არ შევალთ. სისულელეა ბაზრობაზე ფიქრი...
ლელა ქაქუთია

„ასეთ საბუთად ჩაითვლება 7 წლის განმავლობაში საქართველოში ფულის გადარიცხვის ქვითრები. უნდა ფიქსირდებოდეს, რომ ეს პიროვნება ყოველწლიურად რიცხავდა თანხას საბერძნეთიდან საქართველოში. ჩვეულებრივად გამოყენებული იქნება ამ კანონის შესაბამისი მუხლი და პირს მიეცემა ლეგალიზაციის საშუალება, ანუ ვინც არალეგალურად იმყოფება საბერძნეთში, მას მიეცემა ლეგალურად ყოფნის უფლება. ქვითრების საკითხი გარკვეულწილად ჩვენ უკვე შევისწავლეთ და იმ საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობა, რომლებსაც იყენებენ ჩვენი თანამემამულეები ფულის გადმოსარიცხად, გასცემენ ამგვარ ცნობას“.

იოსებ ნანობაშვილის თქმით, არაოფიციალური მონაცემებით, არალეგალ მიგრანტთა რიცხვი 150-დან 220 ათასამდე მერყეობს და უმრავლესობა ქალია.

გასულ კვირას მოულოდნელი ყინვის გამო საქართველოს რამდენიმე რაიონი დაზარალდა. მრავალწლოვანი ნარგავები გაიყინა კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭისა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ჯერ არ ფლობს სრულ ინფორმაციას ზარალის მასშტაბის თაობაზე, თუმცა, როგორც ფერმერები ამბობენ, ზარალი მნიშვნელოვანია. ფერმერთა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ აგროდაზღვევის მოქმედი პრაქტიკა არ ითვალისწინებს მოსავლის დაზღვევას ყინვებისგან.

სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა გურია და სამეგრელო. ძლიერმა ქარმა ათობით სოფელში ხეები მოგლიჯა, სახლებს და ადმინისტრაციულ შენობებს კი სახურავები ახადა. როგორც გურიისა და სამეგრელოს ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდა, ასეთი გრიგალი იქ არასოდეს ყოფილა. დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ელიან.

გასულ კვირაში ხმაური იყო ახმეტელის მეტროსთან - 25 აპრილს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი კონსტრუქციები დაშალეს. ვაჭრობის აკრძალვას გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ და უარს ამბობენ სავაჭროდ ბაზრობის ტერიტორიაზე გადავიდნენ. თბილისის მერიის განცხადებით, პირველი ექვსი თვის განმავლობაში გარემოვაჭრეები ბაზრობაზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან.

მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეთა ინფორმაციით, დაახლოებით, 150 ადამიანი ვაჭრობდა.

„არ უნდა შეგვიზღუდოს მთავრობამ ვაჭრობა. ჩვენგან არ უნდა დაიწყოს მთავრობამ. არც ჩვენ გვსიამოვნებს წვიმაში, თოვლსა და ქარში ღამის 12-ის 10 წუთამდე, სანამ ბოლო მეტრო არ ამოივლის, აქ ვსხედვართ. ჩვენც გვინდა ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობის პირობები. მაშინ მოგვცენ სამსახურები. ჩვენ არანაირ ბაზრობაზე არ შევალთ. სისულელეა ბაზრობაზე ფიქრი“, - ამბობს გარემოვაჭრე ლელა ქაქუთია.

ლაშა ჩხარტიშვილი
ლაშა ჩხარტიშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ დედაქალაქში გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი კონსტრუქციების დაშლა და გარევაჭრობის ნებართვის აკრძალვა საკითხის სიღრმისეული შესწავლის გარეშე მიმდინარეობს. ის გარემოვაჭრეებთან ერთად მოითხოვს, რომ გარევაჭრობას მიეცეს ცივილიზებული სახე. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიმართა პარლამენტს კანონპროექტით „გარე ვაჭრობის შესახებ“:

​„არ მომხდარა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც ჩემი ავტორობით 2014 წელს შევიდა პარლამენტში, რომელიც გულისხმობს, რომ არსებობდეს ბალანსი გარემოვაჭრეებს, ბაზრობების მეზობლებსა და სხვა ადამიანებს შორის და ამ ყველაფერს ჰქონდეს ცივილიზებული სახე. ასეთი პრაქტიკა არსებობს მთელ მსოფლიოში და ცივილიზებულ, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში. ეს პრაქტიკა სრულიად აპრობირებულია, მათ შორის ქალაქის ცენტრშიც. შესაძლებელია, რომ ამ ტერიტორიაზე დარჩნენ ის მოვაჭრეები, ვისაც წვრილი სავაჭრო კაპიტალი აქვს და ივაჭროს ცივილიზებული სახით, არავის ხელი არ შეუშალოს და, პირიქით, განაპირობოს დაბალი ფასები, რადგან რაც მეტია გამყიდველი, მით დაბალია ფასიც“.

კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, თბილისის მცხოვრებთათვის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. ტყემალაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 2.5 მილიონი ლარი იმისათვის მოიკლო, რომ თბილისში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზარდოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG