Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ტურისტული სეზონი ლაგოდეხში გახსნილად გამოცხადდა


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ტურისტული სეზონი ლაგოდეხში გახსნილად გამოცხადდა. ერთი, რაც დამთვალიერებელთა უკმაყოფილებას იწვევს, ნაკრძალის ზოგიერთ ადგილას მიმოფანტული ნაგავია. რა მოსწონთ ტურისტებს და რის გაუმჯობესებას გეგმავს ნაკრძალის ადმინისტრაცია?

15 ივნისიდან ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული სეზონი გახსნილად გამოაცხადა. ლაგოდეხში ტურისტთა რაოდენობა, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს, უკვე გაიზარდა.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ყოველდღიურად ჰყავს დამთვალიერებლები. აქ შეხვდებით როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოსწავლეებს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის გიორგი სურამანიძის განცხადებით, წელს ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი პოლონეთიდან ჩამოვიდა:

"შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, წელს უცხოელ ვიზიტორთა 12 %-იანი მატება შეინიშნება. დაემატა ქვეყნები: პოლონეთი, რომელიც საკმაოდ დიდი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი და ლიდერობს; შემდეგ მოდის გერმანია და ისრაელი. გამოჩნდნენ ახალი ქვეყნებიც: უკრაინა და რუსეთი, რომლის გააქტიურებაც საკმაოდ შესამჩნევია, წინა წელთან შედარებით."

ნამდვილად ეტყობა, რომ მრავალი წლის ნაკრძალია, კარგად არის შენახული და შემორჩენილია ისეთი ნადირი, რომელიც სხვა ტერიტორიაზე არ ბინადრობს ...

სამოგზაურო მარშრუტი ლაგოდეხის ნაკრძალში მაისიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ამ დროს სეზონისთვის დამახასიათებელი მზიანი ამინდები კარვებში ღამის თევისა და ცხენებით გასეირნების საშუალებასაც იძლევა. ტურისტული მარშრუტების დროს ვიზიტორებს საშუალება აქვთ ნახონ გარეული ნადირიც - ისეთები, რომლებიც მხოლოდ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ:

"ნამდვილად ეტყობა, რომ მრავალი წლის ნაკრძალია, კარგად არის შენახული და შემორჩენილია ისეთი ნადირი, რომელიც სხვა ტერიტორიაზე არ ბინადრობს. მე პირველად ვიყავი ლაგოდეხის ნაკრძალში. საკმაოდ დაბალ ადგილებში ვნახე შვლის კვალი, ასევე ირემი, რაზეც ვიტყვი, რომ ასე თავისუფლად ნადირი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არ გვხვდება."

ერთადერთი, რამაც დამთვალიერებელს შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას, ნაკრძალის ტერიტორიაზე ზოგან დაყრილი ნაგავია, თუმცა დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს, რომ ამ კუთხით სპეციალური პროგრამებია შექმნილი და მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. სააგენტო ნაკრძალის დაბინძურებას ტურისტების დაუდევრობით ხსნის:

არის მართლაც ძალიან ლამაზი ბუნება. ვიყავით სუბალპურ ზონაში. ჩვენ არ გვივლია ცხენებით, მაგრამ, როგორც ვიცით, ცხენიც ძვირი არ ღირს ...

"გადმოგვეცა 60 სპეციალიზებული ნაგვის ურნა. ეს არის ეკოურნები, სადაც არის გარკვეული წარწერები, თხოვნა, ნუ დაანაგვიანებთო. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფაქტიურად მთელი ტერიტორია მოვიცვათ. ნაგვის ურნები განლაგებულია ყველა ტერიტორიაზე."

თავისი უნიკალურობითა და ხელშეუხებელი ბუნებით ლაგოდეხის ნაკრძალი სამოგზაურო-სათავგადასავლო, ეკო-კულტურული ტურიზმის მოყვარული უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს:

"არის მართლაც ძალიან ლამაზი ბუნება. ვიყავით სუბალპურ ზონაში. ჩვენ არ გვივლია ცხენებით, მაგრამ, როგორც ვიცით, ცხენიც ძვირი არ ღირს. ვიცით, რომ ბევრი სარგებლობს ამ მომსახურებით, ასევე გიდის მომსახურებით. ტურისტების რაოდენობით, რაც ჩვენ ვნახეთ, არანაირად არ არის ხელმიუწვდომელი."

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მომსახურების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება იგეგმება. ამჟამად გერმანიის მთავრობის დახმარების 5 მილიონიანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ახალი სანახაობების მოწყობას ითვალისწინებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული მომავალში ტურისტების რაოდენობაც გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG