Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა თხილავა - მწერალი


22 ივლისი, კვირა
ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევით, თვალის გახელისთანავე ვესალმები გულში; ნიკას ფრთხილად ვკოცნი ბეჭზე და ვდგები.

ათ დღეში ივლისიც მთავრდება. მასშია თავმოყრილი ცხოვრების მთავარი შტრიხები. ჩემი წარსული ივლისში ჩერდება...

ისეთი სიჩუმეა სახლში, თითქოს მე და კედლები ვართ ირგვლივ მარტო. არც იგრძნობა, რომ ყველა ოთახში სძინავს უამრავ პრობლემას, ტკივილსა და სიხარულს. ხმაურიანი და ქაოსური სასწავლო წლის მერე მოშვებული ვარ. ახლა დროა მხოლოდ ფიქრისა და წერის, გადაფასებებისა და ანალიზის, ლილესთან და ნიკასთან ერთად სეირნობისა და თამაშის...

ორი სიცოცხლეა, დღიური არ დამიწერია. წარსულის ჩანაწერებს არასდროს ვკითხულობ და კარადის მიუწვდომელ ადგილზე მაქვს შეჩურთული. მაგიდაზე სკამს ვდგამ, რომ ფერდაკარგულ, საბჭოურ ფურცლებს მივწვდე. ხარბად ვკითხულობ ყველა გვერდს. აქ არ არის ფაქტები. მხოლოდ განცდებია. ვცდილობ, აღვიდგონო, როდის რა მოხდა. ნაკლები ღიმილია ფურცლებზე. არ მომწონს. გვერდით ვდებ და ცივ ყავას ვუბრუნდები. არც უნდა წამეკითხა, თუმცა ამას აღარაფერი ეშველება. რაც ჩემია, ჩემია. ამ ფურცლებშია წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, რადგან „წარსული მუდამ წინ გველოდება“. ოთარ ჭილაძემ თქვა ასე და ეს ის იშვიათი გამონაკლისია, ბრმად რომ ვენდობი კაცს.

ფეხის ნაბიჯებს ვგრძნობ. ბარბარე ჩუმად უახლოვდება მისაღებ ოთახს. ფარდის კუთხიდან ყოფს თავს. მის ლურჯ თვალებში ბევრი „ეშმაკუნა“ ხტის. ხელებგაშლილი მორბის ჩემკენ. კისრის ხაზებში გამჯდარ მის სუნს ხარბად ვისუნთქავ. ამ წუთში იმასაც კი ვპატიობ, რომ ნაადრევად დამაბერა და ბებია გამხადა. მართალია, „ლაითი“ ბებია, მაგრამ მაინც ბებია. მე და ბარბარე „ნამდვილი“ ბებიის გამოღვიძებამდე ჩუმად ვსვამთ ერთად ცივ ყავას. შოშიასავით მიღებს პირს, მოწონების ნიშნად გულზე იტყაპუნებს პაწაწა თითებს და დამსახურებულად იღებს ყავის ქაფს. შემოგვისწრეს. ორივე უდანაშაულო სახეს ვიღებთ და საქმიანად ისევ ლეპტოპში „ვძვრები“.
თავისუფლების დღიურები - ეკა თხილავა
please wait

No media source currently available

0:00 0:14:28 0:00
გადმოწერა

რა მოხდა საბჭოურ ფურცლებზე ორი სიცოცხლის მიღმა - 22 ივლისს? უსიამოვნო გვერდებს ვშლი. აქ ასახული განცდებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ სატელეფონო ზარი მქონია. ნეტა ვისგან? აღვიდგინე საუბრის დეტალები და უფრო ღრმად მოვკალათდი სავარძელში. სიცხეა. ყველა ხმაურობს ირგვლივ. დროა, ყურსასმენები მოვიძიო და ჩემი ახალდაბადებული ლიტერატურული გმირის - აშას ისტორიებს გავყვე. გვიან ღამემდე ვფიქრობ. რაღაც ისეთ შტრიხებს ვწერ, სად მივალ, რატომ და როგორ, ჯერ არ ვიცი. დანარჩენი სივრცე მთლიანად დახშულია. გვიან საღამოს ხათუნასთან ერთად ვზივარ უჯრებიან სამზარეულოში და ისევ ნორა ბებოს მოდუღებულ ყავას ვსვამ. აქ, ამ სამზარეულოში, დრო ჩერდება და ისევ 18 წლის ვარ. იგივე ფერები. იგივე მადუღარა. იგივე განცდები... მიყვარს ეს სახლი და სამზარეულო, რომელიც, როგორც ამბობენ, მე დავახავსე.

შინ მისულს კარს, როგორც ყოველთვის, ნიკა მიღებს. ჩემ დაბრუნებამდე არასდროს იძინებს. მიყვარს ის განცდა, ნიკა რომ უამრავი ღიმილით მხვდება და კისერზე მეხვევა. ვიძინებთ. მერე რა, რომ ცხელა.

23 ივლისი, ორშაბათი
დედა მახსენებს, რომ დღეს ბებიაჩემის - შურას გარდაცვალების დღეა. შრაბო, როგორც მას ვეძახდით, ყოველთვის მოდის ჩემთან სიზმარში, როცა რაღაც ხდება. მოდის ნათელი, თბილი ღიმილით და მეფერება. კეკო - ასე მეძახდა შრაბო. ისე გარდაიცვალა, ჩემს სახელს ვერ შეეგუა, რადგან დიდი ბებიის, ანუ შრაბოს დედამთილის საპატივცემულოდ დამარქვეს ეკა. მთელი სიცოცხლე აპროტესტებდა. დღემდე ვხედავ, როგორ მორბოდა ჭიშკრისკენ ჩემთან შესახვედრად შრაბო, დღემდე მახსოვს მისი თითების სითბო. მახსოვს, როგორ ვთამაშობდით „სეკას“ ერთად, როგორ ვატყუებდი და როგორ ვძარცვავდი დამარცხებულს უნამუსოდ მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ შენახული რკინის მანეთიანებისგან. მახსოვს მისი კეცის ხაჭაპურების სუნი და გემო... მახსოვს, რომ მისთვის გაზეთი „სოფლის ცხოვრება“ იყო მარქსი და ყველაფერი სჯეროდა, რაც მასში ეწერა. არადა, რამდენი სისულელე ეწერა! არ უნდა ჩაგვეცვა შარვლები - საშიში ყოფილა. არ უნდა გვეტარებინა მაღალყელიანი ჩექმები - არ ვარგებულა. არ უნდა გაგვეკეთებინა მზის სათვალეები - თვალის ჩინს წაგვართმევდა. მოკლედ, მოდის სააგენტოს გაზეთი იყო თუ სოფლის ცხოვრების, ღმერთმა უწყის, მაგრამ ბებია რომ იტყოდა, ასე წერია გაზეთშიო, იქ ყველაფერი მთავრდებოდა. მის რკინის ლოგიკას ირონიული ღიმილით ვხვდებოდი, სამწუხაროდ, ყოველთვის, მაგრამ ზრდილობისთვის მაინც ვუკანტურებდი თავს. სამაგიეროდ მსჯიდა, დილის რვა საათზე მაგდებდა ლოგინიდან და კასიონას დუქანში მაგზავნიდა „ერი“ კილო ფქვილის, „ერი“ კილო შაქრისა და ოთხი პურის მოსატანად. ერთ მოღრუბლულ დღესაც ასე ამიკრა გუდა-ნაბადი დუქნისკენ. გზის ნახევარი მქონდა გავლილი, ბებიაჩემის ყვირილი რომ მომესმა - „კეკო, კეკოოოო!“ მივბრუნდი. ღრუბლიანი ამინდია და ქოლგა წაიღეო, მთხოვა. უსიტყვოდ გამოვგლიჯე ხელიდან შავი, ოდნავ გახუნებული გრძელი ქოლგა და გავბრუნდი. თითქმის დუქანთან ვიყავი მისული, ისევ რომ მომესმა სირბილისგან გულამოვარდნილი შრაბოს ყვირილი: თუ წვიმა დეიწყო, ქოლგა არ გაშალო, მეხი არ დაგეცეს, ბებია, მეშინიაო,- მითხრა და სწრაფად გამეცალა. ხმამაღლა ვიცინოდი შუკაში ხიშტივით ქოლგით ხელში. ისტერიულად. შინ გალუმპული დავბრუნდი, მაგრამ შრაბო კმაყოფილი იყო და მშვიდი, „ვაფლის“ პირსახოცით მამშრალებდა და მკოცნიდა...

დღევანდელი დღე შრაბოს დავუთმეთ. გავიხსენეთ. ვიცინეთ. ისეთი განწყობა გადმოგვედო ყველას, პირი ვერ მოვმუწეთ. ბავშვები გულდაგულ გვისმენენ და არ იღლებიან. საღამოს მე, ლილე და ნიკა ვსეირნობთ სააკაძის მოედანზე და დაღლილები ვბრუნდებით სახლში, სადაც გველოდებიან და ვუყვავართ. დილიდან აშას უნდა დავუბრუნდე ისევ.

24 ივლისი, სამშაბათი
ახალგაღვიძებული, კედელზე ჩარჩოში ჩასმულ ნიკას ნახატს ვაკვირდები. განსაკუთრებით მიყვარს ეს ნახატი. მართალია, იდეაში ნიკამ ნარუტო დახატა, მაგრამ რეალურად ავტოპორტრეტი გამოუვიდა. ნიკას თმები, თვალები, გამოხედვა აქვს ნარუტოს. მეღიმება. ვაცნობიერებ, რომ ღირებულება და ხარისხი სხვადასხვა ცნებებია. ნიკას ნახატი, ლილეს ჩანაწერები და რამდენიმე ლექსი უფრო ღირებულია ჩემთვის, ვიდრე რენუარის „ორი გოგო შავებში“, მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ და შექსპირის სონეტები, რადგან ჩემია და ჩემშია. მათია და მათში ვასოცირდები მეც. ამ ადამიანებმა მასწავლეს ღიმილიც, ტირილიც, ბრძოლაც არსებობისთვის და, რაც მთავარია, მასწავლეს თავისუფალი ცურვა. „ორივე ვგრძნობდით ტრაექტორიას წრფისას, რომელსაც ერქვა შენ და წრფისას, რომელსაც ერქვა მე. ამიტომ დავტოვეთ უჯრებიანი რვეული და დავიწყეთ თავისუფალი ცურვა, რომ შორს უჯრებისგან, შორს რვეულისგან გვეპოვა ერთმანეთი და გადაკვეთა“...

ახლა ვცურავ თავისუფლად და ვწერ. „აშას უყვარდა საღამო, როცა მარტო რჩებოდა ტბასთან და ქოხელების გაკრეფისთანავე სუსტი თითებით გლეჯდა ყვითელ იალქნებს, რომლებმაც რუხი და ჩუმი გახადა სანაპირო; სძულდა საიდანღაც მოსული გემი ქალს; მუშტებით სურდა მისი სქელი და დამსკდარი კედლების განგრევა; აშა გულდაგულ, ფეხისგულებიდან სისხლის დენამდე სრესდა გამხმარ ფოთლებს, რომლებიც საიდანღაც ისევ ჩნდებოდა და ავსებდა სივრცეს, სადაც არც ერთი ხე არ იყო ირგვლივ“.

შუალედებში - ყავა და ბევრი სიგარეტი (წერისას არასდროს ვეწევი); წიწიბურა და მაწონი. შავბნელი შურით მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც არ სჭირდებათ წიწიბურა და მაწონი, უგემური ბორშჩი და დაბალკალორიული ხაჭო. რას ვიზამ? ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილია.

მეილზე უამრავი წერილი მხვდება. ვპასუხობ. სოციალურ ქსელებშიც „შევრბივარ“ რამდენიმე წუთით და მერე ისევ აშა.

„ისლის ქოხების ახმაურებისთანავე მძიმე ფერებში ეხვეოდა ქალი და ისევ მიწის აშად იქცეოდა. თრგუნავდა მიწის სიმძიმე ქალს“. მეც მთრგუნავს, ალბათ... ამ სიმძიმისგან დაღლილი საღამოს რუსოსთან ერთად ვსვამ ცივ ლუდს და ვსაუბრობ ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა.

25 ივლისი, ოთხშაბათი
დილიდან ვწერ. ჩამითრია მოთხრობამ. ისევ ტეხილ ფიგურებად და ეპიზოდურად ვხედავ ახალ პერსონაჟებს. მესმის მათი ხმა. დღეს აშა მინოს შეხვდა პირველად. „კაცი მაშინ გამოჩნდა სანაპიროსთან, როცა დასისხლიანებულ ფეხისგულებს კაბის გრძელი ბოლოებით იწმენდდა ქალი“. უკვე მომწონს მინო. გაუმართლა აშას.

შესვენებისას საბჭოურ ფურცლებს ვუბრუნდები. ვკითხულობ. ძლივს ვარჩევ გაკრულ ხელნაწერს - „მთელი სიცოცხლეა გამუდმებით ვცდილობ, ქალური ბუნება ჩავკლა ჩემში. არაფერი გამომდის“... ორი სიცოცხლისა და შვიდი თვის წინანდელი ჩანაწერია. რამდენჯერმე ვუბრუნდები ფრაზას. ვაცნობიერებ, რა მომიტანა საბჭოურმა აღზრდამ; როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება სხვა რეალობაში. თუმცა კარგია, რომ არაფერი გამომივიდა, რომ ქალი ვარ და თავისუფალი ცურვაც შემიძლია.

საღამოს მანანა თანდაშვილთან ვიკრიბებით. რთული შეხვედრაა. გერმანიის ცნობილი გამომცემლობა ქართველი მწერალი ქალების ანთოლოგიას გამოსცემს. დაფინანსებისთვის 8 ათასი ევრო გვაკლია. ახლა ჩვენ მწერლები აღარ ვართ. ანა იდეების ბანკია; ნენე, ეკა და მაკა - გზა და მეთოდები იდეების განხორციელებისკენ; მე და თამთა მოვლენებს ვადევნებთ თვალს და კორექტივები შეგვაქვს. ვიწონებთ ან ვიწუნებთ გზებს. ყველაფერს საბოლოოდ აფასებს მანანა. გამოსავალი არ ჩანს... არადა, სულ ერთი კვირა გვრჩება.

26 ივლისი, ხუთშაბათი
ლილე ხმაურობს. ცხვირს ჰყოფს ჩემს ლეპტოპში და წინ მიდებს 20-პუნქტიან არზას, სადაც ჩამოწერილია, რა უნდა ვთქვა მასზე „თავისუფლების დღიურებში“. ჩამონაწერის მოკლე აზრი ასეთია: ლილე არის საოცრად პოზიტიური, განათლებული, ლამაზი, თავმდაბალი (ეს მეტისმეტი მოსვლია), უნიკალური ადამიანი (ფრაზა ხაზგასმული აქვს), ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოინდომებს და, რაც მთავარია, დედას ის ყველაზე მეტად უყვარს (ეს უკანასკნელი ფრაზაც ხაზგასმულია).

ისევ ხმაურობს ლილე და სადღაც ნაპოვნ კომკავშირელის ნიშანს აჩვენებს ნიკას, რომელიც ლენინს ვერც ცნობს. ლილე დასცინის. არადა, მე თეთრი შურით მშურს ჩემი შვილის, რომელიც ისევ დაბნეულია და ვერაფრით ხვდება, რატომ ვატარებდით ლენინისგამოსახულებიან გულსაბნევს ბავშვობაში. ლილე უხსნის, რომ ეს იგივეა, პრეზიდენტის გამოსახულებით გულსაბნევი ატარონ სკოლაში. ნიკას კიდევ უფრო მეტად უმრგვალდება და უფართოვდება თვალები გაოცებისგან და კიდევ უფრო ხმამაღლა ხარხარებს ლილე.

საღამოს ლილე ძერასასთან მიდის და სახლში გაუსაძლისი სიჩუმეა. ყველას გვენატრება უკვე ეს გადარეული გოგო. ნიკა ზის და ხატავს. აშას ცხოვრებაში კი ახალი ისტორიებია...

27 ივლისი, პარასკევი
ხვალ ლილე და ნიკა თბილისიდან ერთი თვით მიდიან. არ ვიმჩნევ, მაგრამ ვერ ვარ კარგად. ვერაფერს ვაკეთებ... ვალაგებ ბავშვების ნივთებს. ირმა რეკავს. ლამის გავძვერი ყურმილში. მენატრება. ჩემი სახლის ყველა კუთხეშია უცნაური ფერებითა და ფორმებით შექმნილი მისი ნახატები. საღამოობით ყოველთვის ვზივარ და ვუყურებ მათ. სიმშვიდე მოაქვს ირმას.

დღეს ქეთიც ჩამოვიდა თბილისში. ბარში ვსხედვართ. ბოლოს აქ იზასთან ერთად ვიყავით. იზა ჩემი მოსკოველი მამიდაშვილია. ორი ენა იცის მხოლოდ - რუსული და სამტრედიული, საიდანაც 12 წლის ასაკში წავიდა. მისი ქართულის მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა! ამ ბარში ჰკითხა ბოლადენილმა ბარმენს სწორედ: უკაცრავად, აქანე სალფეტკი არ გაქვენო? და ვერაფრით მიხვდა, რატომ ვხარხარებდით მეც, ქეთიც და ბარმენიც ცრემლებამდე. რაია, რა შემეშალაო? - გაოგნებული კითხულობდა. იზამ სიტყვა „ყრძო“ აღიქვა როგორც ყრუ ძროხა და ახლა ბედნიერია იმით, რომ საქართველოდან კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ის სიტყვა წაიღო, რომლის არსის გაშიფვრაც, ვაღიარებ, რომ ძალიან გამიჭირდა მისთვის.

გვიან ღამით ვბრუნდები სახლში. ნიკა ისევ ზის კომპიუტერთან და ჩემ დაბრუნებას ელოდება.

28 ივლისი, შაბათი
არ მიყვარს ეს დღე. ვცდილობ, არ გავიხსენო არც ერთი წამი 28 ივლისის. სწრაფად ვიცვამ. ბავშვებს ვემშვიდობები (კარგია, რომ მათი წასვლის დროს სახლში არ ვიქნები). გავრბივარ.

ყურსასმენებში ადელი მღერის (ლილესა და არა მარტო ლილეს გავლენაა). გარედან შემოჭრილი ხმაური ფარავს მელოდიას. ტაძრიდან მღვდლის ხმა ისმის, მთელ უბანს ფარავს მისი რაღაცნაირად არამღვდლური ხმაური. პოლიტიზებული ქადაგებაა... ქრისტე და ბარაბა... მეცნობა ტერმინოლოგიაც კი... ორი სიცოცხლის მიღმაც იმავე ფრაზებს ვისმენდი... ქრისტესა და ბარაბას პოლიტიზებული ვარიანტი... ვღიზიანდები. აღარც მაინტერესებს, ვინ ქრისტეა და ვინ ბარაბა, მაგრამ მღვდელი გასაქანს არ მაძლევს... ისევ ყურსასმენებს ვიშველიებ.

ტაქსის მძღოლიც პოლიტიზებულია. თავს აქნევს სინანულით. სულაც არ მინდა, პოლიტიკა იყოს ჩემი ნაწილი, მაგრამ არ გამოდის და ვერ გამოვა. ახლა ჰაერიც კი პოლიტიზებულია საქართველოში. ისევ ყურსასმენები და გზა რადიო თავისუფლებისკენ, სადაც, ალბათ, სიმშვიდეა და მელიან... მელიან, რომ მოვყვე, როგორ ვისწავლე თავისუფალი ცურვა და ბრძოლა არსებობისთვის... ხვალიდან ისევ აშას ისტორიები დაიწყება.
XS
SM
MD
LG