Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი - იურისტი


6 ოქტომბერი, კვირა
რვის ნახევარზე ზურამ გამაღვიძა. მის საწოლს გავხედე. როგორც სხვა დროს, ახლაც ღიმილით მიყურებდა. მე და ზურას კომუნიკაციის განსაკუთრებული მეთოდი გვაქვს - გავუღიმებ, გამიღიმებს, მერე ისევ გავუღიმებ, მერე ისევ გამიღიმებს... მერე იყო საკვირაო პროცედურა - სახლის საფუძვლიანი დალაგება და სხვ.

სახლში სამნი ვცხოვრობთ: დათო, ზურა და მე. დათო გამისონია ჩემი ქმარია, ჟურნალისტი. ზურა კი ჩემი ხუთი თვის და სამი კვირის შვილია. მე და დათოს არასდროს გვყოფნის დრო საუბრისთვის, მსჯელობისთვის, მოსაზრებების, გეგმების, ემოციების და შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის.

დასვენების დღეებს დათო, ზურა და მე ერთად ვატარებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა თავისუფალ დროსაც, რომელიც ძალიან ცოტაა, როგორც წესი, ერთად ვართ. დილაობით სახლიდან ერთად, ათის ნახევარზე გავდივართ. მე დათოზე ადრე ვბრუნდები, ის კი გვიანობამდე მუშაობს.

ცუდი ამინდია. ცივა. გამახსენდა, რომ დიდი ხანია, არ მიქსოვია. გადავწყვიტე, ზურას პულოვერი მოვუქსოვო და საქმესაც შევუდექი... მე ვქსოვდი, ის თამაშობდა, თან ფერადი ძაფების ყურებით ერთობოდა, თან ვუსმენდით:

One little, two little, three little Indians
Four little, five little, six little Indians
Seven little, eight little, nine little Indians
Ten little Indian boys and girls.

ზურას ძალიან მოსწონს მუსიკა, ამიტომაც ძილის წინ ხშირად ვუსმენთ იავნანას სხვადასხვა ვერსიებს. შევამჩნიე, რომ გამორჩეულად მოსწონს პოლონური იავნანა „Bajka iskierki“.
თავისუფლების დღიურები - ნაზი ჯანეზაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:10:42 0:00
გადმოწერა

7 ოქტომბერი, ორშაბათი
შვილს ხან დედაჩემთან ვტოვებ, ხან - დათოს დედასთან. მიხარია, რომ ძიძის ვაკანსია არ გვაქვს, ზურა კი სანდო და თბილ გარემოში იზრდება. სახლიდან ისევ 09:30 საათზე გავედით, ვჩქარობთ, როგორც ყოველთვის.

სამსახურში ისევ დახურული დაწესებულებების მონიტორინგის საჭიროებაზე ვმსჯელობთ. მიმაჩინა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საზოგადოების კომპეტენტური წარმომადგენლები უნდა შედიოდნენ და მერე ამაზე თავისუფლად უნდა საუბრობდნენ. ციხის კარები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სტაბილურად ღია უნდა იყოს. ამის გარეშე სასჯელაღსრულების სისტემის წარმატებულ რეფორმაზე საუბარიც კი ილუზორულია.

წელიწადზე მეტი ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტს ძალიან დეტალური წერილი მივწერეთ; განვმარტეთ, რატომ არის საჭირო საზოგადოებრივი მონიტორინგი. განცხადება არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო. ეს ჯერ კიდევ „ციხის კადრების“ გავრცელებამდე მოხდა. სამწუხაროდ, პასუხი არ მიგვიღია.

დღემდე გრძელდება დისკუსია საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის შესახებ. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც მოდელია. ვინ მისცემს მანდატს? რა ფორმით? ვის ექნება შესვლის უფლება? ვინ დააფინანსებს? ექნება თუ არა რესურსები? ეს და სხვა მსგავსი კითხვები მუდმივად ტრიალებს. თუმცა, ვფიქრობ, მთავარია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეში შევიდეს, ფაქტების ობიექტური დოკუმენტირება მოახდინოს და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართოს. საზოგადოებრივი მონიტორინგი დაეხმარება ხელისუფლებას, ხალხს, პატიმრებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მკვლევრებს, შეაფასონ რეალური ვითარება, ტენდენციები, და მხოლოდ საკითხის სიღრმისეული ანალიზის შემდეგ დაგეგმონ რეფორმები.

სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს მონიტორინგია დაგეგმილი.

2009 წლიდან მოყოლებული, ჩემი მშობლების ოჯახში თითქმის ყოველ წელს იბადება ბავშვი. ჩემს ძმისშვილებს - ნიკას, ელენეს და სალომეს შორის სხვაობა დაახლოებით თითო წელია. წელს ჩემი შვილი დაიბადა. დღეს შესანიშნავი ახალი ამბავი გავიგე: გაისად მეოთხე ძმისშვილი შემეძინება.

8 ოქტომბერი, სამშაბათი
ეს დღე განსაკუთრებულია - ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელ დირექტორად დამნიშნეს. ორგანიზაცია 2013 წლის 4 ივნისს დაფუძნდა, ამჟამად 50-ზე მეტი მოქმედი მოსამართლის ინტერესებს აერთიანებს. ჩვენი მიზნებია: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესება, მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერება, მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცების მხარდაჭერა, საზოგადოების ინფორმირება და სამართლებრივი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა.

ამ პერიოდამდე სრულიად სხვა, ადვოკატირების კამპანიების განხორციელება მიხდებოდა, ახლა კი განსხვავებულ პროცესებში მომიწევს მონაწილეობა, რაც ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. ვიმედოვნებ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი შედეგების მიღწევას, რომლებიც დადებითად აისახება სასამართლოზე და შემდეგ - ხალხის ცხოვრებაზე.

გავრცელდა განცხადება „მოსამართლეთა ერთობის“ სახელით. რამდენიმე სააგენტო ამით დაინტერესდა და საკუთარ ვებგვერდებზე ინფორმაცია განათავსა. მივიღე მილოცვები როგორც ნაცნობებისგან, ისე უცნობებისგან. არ მიკვირს, მაგრამ მაინც უცნაურია, როცა მრავალწლიანი პროფესიული ურთიერთობის მიუხედავად, ზოგი ამას არც კი ამჩნევს, თუნდაც იმ მიზნით, რომ სამომავლოდ ერთობლივი ძალები მიმართონ სასამართლოს გაძლიერებისთვის.

ნაშუადღევს ვიყავი საზოგადოებრივ რადიოში, სადაც სასჯელაღსრულების თემაზე გადაცემათა ციკლის თანაწამყვანი ვარ. ამ გადაცემის თემა იყო „სექსუალური უმცირესობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“. სტუმრებმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს, თუმცა მსმენელების ჩართვებმა კიდევ ერთხელ გამაკვირვა. ხშირად ისმოდა ასეთი ფრაზები: „სამეურნეო ნაწილში პატიმრები თუ ხელფასს აიღებენ, იქ დასაქმებისთვის არიან?“ და სხვა ჰომოფობიური კომენტარები თუ შეკითხვები. მაინც კარგია, რომ ვისაუბრეთ და პასუხები გავეცით.

გადაცემის შემდეგ წავედი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე მონიტორინგზე. შევხვდით პატიმრებს და ციხის დირექტორს. გავეცანით არსებულ ვითარებას.

პატიმრებთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის სტრესულია. სახლში ყოველთვის გამოფიტული და ძალიან დაღლილი ვბრუნდები. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საღამოს გამოვედი. ტელეფონზე დედაჩემის შეტყობინება დამხვდა: „ზურას პირველი კბილი ამოუვიდა“.

9 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დილა კარგი სიახლით დაიწყო: „მოსამართლეთა ერთობა“ იწყებს პროექტს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. კარგია, რომ ჩვენი წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი რესურსები იქნება.

კიდევ ერთი ვიზიტია დაგეგმილი სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში. ციხეში შესვლისას, დავინახე ორი ქალი ჩვილ ბავშვთან ერთად. ისინი ხანგრძლივ პაემანზე იყვნენ მოსულები. ბავშვი მამას მოუყვანეს. ძალიან მძიმეა იმის ყურება, როგორ მიდის ასეთი პატარა ასაკის ბავშვი მამის სანახავად ციხეში.

მერე შევხვდით 60-ოდე წლის მამაკაცს, რომელმაც ციხეში 30-ზე მეტი წელი გაატარა.

დანაშაულის პრევენციას მეტი დრო უნდა დაეთმოს. რამდენიმე დღის წინ თავისუფალი დროის გამოყენებაზე ვსაუბრობდით და ვფიქრობ, აუცილებელია, რომ სპორტი და სხვა მსგავსი რამეები აქტიურად იყოს ჩართული დანაშაულის პრევენციის პროგრამებში. სხვაგვარად მხოლოდ მასშტაბური ამნისტიით პატიმართა რაოდენობის შემცირება მხოლოდ ერთჯერად კამპანიად დარჩება და სამომავლოდ განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მოგვიტანს.

პრევენციაზე საუბრისას, გამახსენდა „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ გამოკვლევა, რომელიც ასეთ სურათს იძლევა: პატიმარი ქალების 42% საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს; 6% - ძალადობრივი დანაშაულისთვის; ხოლო 29% - ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. ათიდან რვა პატიმარი ქალი დედაა. პატიმარი ქალების 46% ამბობს, რომ ღარიბი ან ძალიან ღარიბია. ამავე დროს, დაკავებისას, ქალების 22% კერძო ბიზნესში იყო ჩართული. და აქვე ქალებისა 27%, ანუ ყველაზე დიდი რაოდენობა, დანაშაულის ჩადენის მიზეზად ფინანსურ ინტერესს ასახელებს. 67,5% ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასვლისას, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დასაქმება იქნება. საჭიროა გენდერულად სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინება.

სახლში საღამოს დავბრუნდი, თუმცა, როგორც გაირკვა, ცოტა ხნით: მოგვიანებით კიდევ ერთი შეხვედრაზე მომიწია წასვლა. სახლში 9 საათზე მივედი.

ზურამ მალე დაიძინა. ეს კარგიც არის და ცუდიც. ცუდი იმიტომ, რომ შვილთან კომუნიკაციისთვის საღამოს გატარებული ერთი საათი საკმარისი არ არის; კარგი იმიტომ, რომ მისი დაძინების შემდეგ შესაძლებლობა მაქვს, კიდევ რაღაც ვაკეთო. ყველა შემთხვევაში, როცა ვბრუნდები, ზურას მაგრად ვიხუტებ გულში და ასე ვცდილობ, „გაცდენილი“ დრო ავინაზღაურო. ბუნებრივია, ეს მარტივი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ დღე დასრულდა, საქმე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. დაღლილი ვარ, თუმცა კიდევ უნდა მოვიკრიბო ენერგია, რათა სხვა საკითხებსაც მივხედო. ღამის 3 საათამდე მომიწია მუშაობა, ხოლო შემდეგი დილა 6 საათზე დაიწყო. რთულია ასეთ ვითარებაში, მხნე და ენერგიული იყო, თუმცა შესაძლებელი ყოფილა.

10 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დილაა. ძალიან გვეჩქარება. დღეს ზურა დედაჩემთან არის. ვაფრთხილებ, რომ გვიან მოვალ და, თუ ტელეფონს ვერ ვუპასუხე, ეს ნიშნავს, რომ ისევ ციხეში ვარ.

რამდენიმე დღის წინ მაგიდაზე გოგი გვახარიას „ცრემლიანი სათვალე“ და ალბერტ შპეერის „მოგონებები“ დავტოვე. ერთ საღამოს შინ დაბრუნებულს, დათოს დედამ მითხრა, რომ „ცრემლიანი სათვალე“ ძალიან მოსწონს და კითხულობს. დედაჩემი „მოგონებებით“ დაინტერესებულა. მე კი ვფიქრობ, რა მრავალფეროვანი ბებიების გარემოში იზრდება ჩემი შვილი!

დილით ჯერ ბანკში ვიყავი, მერე სამსახურში, მერე კი - სახალხო დამცველის ოფისში, რადგან პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში მე-17 დაწესებულების მონიტორინგია დაგეგმილი.

ციხეში ნაშუადღევს მივედით. ეს არის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. იქ უამრავ განსხვავებულ ადამიანს ნახავ: ემოციურს, მშვიდს, აგრესიულს, კეთილს... მათთან შეხვედრა ხან ადვილია, ხან კი - ძალიან ძნელი. ბევრ საკანში ვიყავით. შევხვდი ისრაელის მოქალაქეს, რომელმაც ქართული არ იცოდა და პატიმრობის პერიოდში ისწავლა. შეხვდი, ასევე, ადამიანს, რომელიც 50-ე წელია ციხეშია; ამ ხნის მანძილზე თავისუფლებაში მხოლოდ 8 საათი გაატარა. შევხვდი კაცს, რომელსაც საწოლთან საბავშვო სათამაშოს დაკიდება უნდა, რადგან ვერ იძინებს. ერთმა პატიმარმა თავისი ხელით დამზადებული ბლოკნოტი მაჩუქა. ჩემს ლექსიკონში უცხო აღარაა სიტყვები: „გასუდვა“, „სვაბოდა“, „ლარიოკი“, „ბალნიჩკა“, „კარმუშკა“, „აბსლუგა“ და სხვ.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირები თავიანთი საქმეების ინდივიდუალურ შესწავლას, გადასინჯვას ელოდებიან. რამდენიმე ხნის წინ აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ. პატიმრებმა ეს იციან. ახლა დისკუსია შეჩერებულია. არადა, მოლოდინი გაჩნდა. იქნებ, საერთოდ არ დაწყებულიყო ამ საკითხის საჯარო განხილვა, თუ სახელმწიფო ვერ აცნობიერებდა იმ ხიფათს, რაც ამ მექანიზმის შექმნას ახლავს თან? არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამ ადამიანებს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ. მესმის, რომ საკითხი ძალიან რთულია, მაგრამ როგორ მოიქცეს ეს ხალხი? ვის მიმართოს? რა პროცედურებით? რის საფუძველზე? ეს მათ მიერ დასმული კითხვებია, რომლებზეც პასუხი არ არსებობს, გარდა მთავარი პროკურატურიდან გაგზავნილი შაბლონური წერილისა.

სახლში 21 საათზე დავბრუნდი. ზურას უკვე ეძინა.

11 ოქტომბერი, პარასკევი
დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა: საია ატარებს სამუშაო შეხვედრას, რომელიც ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის მექანიზმის შექმნას. ღონისძიებაში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მრავალი წელია, მუშაობენ. დისკუსია ემოციურია. ამას ველოდი. ჩვენ ხომ უკვე მრავალი წელია, მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ვითხოვთ.

საინტერესო ტენდენციებია. უარს არც ერთი სტრუქტურა არ ამბობს. იდეას ყველას ეთანხმება და პრინციპების დონეზე ყველას მოსწონს. თუმცა, როდესაც საქმე დეტალების განხილვაზე და იმის დადგენაზე მიდგება, ვინ და როგორ უნდა გასცეს მანდატი, პასუხი ბუნდოვანია.

შეხვედრაზე აღვნიშნე: საერთოდ, რატომ ისმის კითხვა - „გვინდა თუ არა საზოგადოებრივი მონიტორინგი?“ ამას ჯობია, საკითხი ასე დავსვათ: გვინდა თუ არა დემოკრატია? გვინდა თუ არა ადამიანის უფლებების პატივისცემა? გვინდა თუ არა კანონის უზენაესობა? ჩემთვის ეს კითხვები თანაბარმნიშვნელოვანია. ძნელია, ისმინო თუ როგორი არადამაჯერებელია სამოქალაქო სექტორის პოზიცია და როგორ ითხოვენ დამატებით არგუმენტებს საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნისთვის. 2012 წელს გავრცელებული „ციხის კადრები“, ადამიანის უფლებების პატივისცემა, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენციაა ძირითადი არგუმენტები.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ თურმე მე მას პატიმრები „ავუბუნტე“. საინტერესოა, რატომ იქცა ტენდენციად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ ბრალდებების გამოთქმა? საინტერესოა, რატომ საუბრობენ ასე უსაფუძვლოდ და არაარგუმენტირებულად? ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებს, პასუხისმგებლობის მეტად გაცნობიერება სჭირდებათ, და კრიტიკას ასეთი ბრალდებებით არ უნდა პასუხობდნენ. ეს ძალიან ცუდია არა მხოლოდ პირადად ჩემთვის ან რომელიმე ერთი მოხელისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც. მინდა, ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც პროგრესია, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების პატივისცემის კონტექსტში.

მომავალი კვირა კიდევ უფრო დატვირთული იქნება, „მოსამართლეთა ერთობა“ აქტიურ მუშაობას იწყებს. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ორგანიზაცია საქმიანობას ყოველდღიურ რეჟიმში შეუდგეს. ვგეგმავთ სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას. თავისი არსით ორგანიზაცია უნიკალურია. ის აერთიანებს იმ პირებს, ვინც თავად ქმნის მართლმსაჯულებას და იქითკენ ისწრაფვის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გახდეს. მოხარული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. იმედი მაქვს, ერთობლივი ძალებით სასურველ შედეგებს მივაღწევთ.

ზურას დიდი ბებია და ბაბუა აფხაზეთში ცხოვრობენ: იმ სახლში, რომელიც მათ ეკუთვნით და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათია. შვილთაშვილი პირველად დღეს საღამოს ნახეს, როცა უკვე ექვსი თვე უსრულდება. ბაბუა მეც ახლა გავიცანი.

12 ოქტომბერი, შაბათი
დილა სასიამოვნოდ დაიწყო, არ მეჩქარება, შემიძლია დათოსთან და ზურასთან მეტი დრო გავატარო.

შაბათობით ხშირად დათოს ოჯახში მივდივართ სადილად. დღესაც ასეა, ნაშუადღევს მათთან წავედით. კარგი ამინდია. შესაბამისად, ზურას გასეირნებასაც ვახერხებთ.
XS
SM
MD
LG