Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნესტან ნიჟარაძე - ჟურნალისტი


24 მარტი, კვირა
შესაძლებელი რომ იყოს, სიტყვების მაგივრად, რომელთა გამოყენებაც მომიწევს ამ დღიურისთვის, თითოეული დღის შინაარსს მხოლოდ ფოტოებით ავაწყობდი. ასე მგონია, მკითხველისთვის ეს უფრო საინტერესო იქნებოდა. სინამდვილეში, ჩემთვისაც. თან მიჩვეული ვარ ფოტოსთან ურთიერთობას. მიჩვეული ვარ ფოტოგრაფიის მეშვეობით ურთიერთობასაც - ადამიანებთანაც და რეალობასთანაც. საკუთარ თავთანაც. მეტიც, ფოტოგრაფია უკვე დიდი ხანია აღარ არის ჩემთვის რეალობის ამსახველი მედიუმი (ალბათ, არც არასდროს ყოფილა), არამედ თავად იქცა გარკვეულ რეალობად, რომელიც ჩემთვის გაცილებით უფრო მისაღებია, ვიდრე ის, რასაც იგი შეიძლება ასახავდეს. ერთგვარი ფილტრია ჩემსა და რეალობას შორის. თუმცა მე არ ვარ ფოტოგრაფი; არც არასდროს ვყოფილვარ. მეტიც, არასდროს ვიქნები! არც დღიური დამიწერია როდისმე. არც დავწერ!

ეს დღე არაფრით არის გამორჩეული ყველა იმ სხვა დღისგან, როცა არც კი მიფიქრია დღიურის წერა. დილა თომასთან და რეჟისთან შეხვედრით დაიწყო. თომასი გერმანელი ფოტოგრაფია, რეჟისი - ფრანგი ჟურნალისტი. თომასი ძალიან კარგი ფოტოგრაფია და რეჟისი - ძალიან კარგი ჟურნალისტი. თომასზე უკეთესად კავკასია ჯერ არავის გადაუღია. არც რეჟისზე მეტი დაუწერია არავის ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოზე და კავკასიაზე. ბევრი ვისაუბრეთ თბილისის მომავალ ფოტოფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება - 28 მაისიდან 4 ივნისამდე. ბევრი ვიკამათეთ და დავიშალეთ.

რატომღაც მარცხენა თვალი მეცრემლება.

დღეს კავკასიური ფილმის ფესტივალის მესამე დღეა. დარბაზი სავსეა. 14:00-ზე დოკუმენტურ ფილმს ვაჩვენებთ აფხაზეთზე: „აფხაზეთი: დროის სახე, 1983“. ბანალური საბჭოთა პროპაგანდის კლასიკურ სტილში გადაღებული დოკუმენტურია ეროვნული არქივის მასალებიდან, მიძღვნილი აფხაზეთის გასაბჭოების 40 წლისთავისადმი. მიღწევები ინდუსტრიაში, მიღწევები კულტურაში, მიღწევები მეცნიერებაში. მიღწევები ყველგან და ყველაფერში... ფრაზა „საბჭოთა ჩაი საუკეთესო ჩაია მსოფლიოში“ უკვე აღარც კი მჭრის ყურს - საბჭოთა პროპაგანდა! ნაკლებად ვუსმენ პროპაგანდას, ვაკვირდები გამოსახულებას. ვუყურებ ქალაქებს, პეიზაჟებს. ბიჭვინთას. გამახსენდა, ბოლოს მე და მამა ბიჭვინთაში რომ ვიყავით. მთელი ოქტომბრის თვე. იმ დროს ქართველები აფხაზეთში დასასვენებლად უკვე აღარ მიდიოდნენ. უკვე დაძაბულობა იყო. მამა კი ამბობდა: „გული მიგრძნობს, ბოლოჯერ მივდივართ. ამიტომაც უნდა წავიდეთ...“ მამა მართალი აღმოჩნდა: 1989 წლის ოქტომბერში ჩვენ ბოლოჯერ ვიყავით ბიჭვინთაში. წავედით 1 ოქტომბერს და თბილისში 30-ში დავბრუნდით. ეს ყველაფერი აფხაზეთზე დოკუმენტური ფილმის ნახვის გარეშეც ხშირად მახსენდება. ფილმის ყურებისას, დარბაზიდანვე მივწერე ჩემს ამხანაგს, რომელიც აფხაზეთში საერთაშორისო მისიაში მუშაობს და, შესაბამისად, სოხუმში ცხოვრობს. ესემესში ორი სიტყვა იყო: ბიჭვინთაში მინდა (არც ძახილის ნიშანი დავსვი, არც წერტილი).
თავისუფლების დღიურები - ნესტან ნიჟარაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:58 0:00
გადმოწერა

ჩვენებაზე აფხაზეთიდან დევნილები მოვიდნენ. გვთხოვეს ფილმის ხელმეორედ ჩვენება. გვთხოვეს ფილმის ასლები თავისთვის, ნაცნობებისთვის; ასევე, დევნილებისთვის.

მარცხენა თვალი ისევ მეცრემლება.

ანტუანის ესემესი მივიღე. ვიღაცას რუსულად დააწერინა ხუმრობით: კარპატებში ვარ. ეს ახლოს არის საქართველოსთან? :) „საქართველოსთან ყველაფერი ახლოს არის“, ვუპასუხე მე.

ანტუან დ’აგატა ფრანგი ფოტოგრაფია. ბოლო 20 წელია, იღებს ღამის ცხოვრებას: პროსტიტუციას, ნარკოტიკებს... თვალს უსწორებს რეალობას, რომელიც ყველა შემთხვევითი გამვლელის ან ტურისტის ყურადღების მიღმა რჩება და შემზარავია თავისი სისასტიკით. თავად ხდება ხოლმე ამ რეალობის ნაწილი. წლობით იკარგება ხან კამბოჯაში, ხან მექსიკაში... არ აქვს სახლი და არც სჭირდება. დახეტიალობს მთელ მსოფლიოში. ცხოვრობს სასტუმროებში და ბორდელებში. და თან იღებს, იღებს... მის ბოლო ინტერვიუში, რომელიც წავიკითხე, ანტუანი ამბობს: „მეძავები და ნარკომანები თავიანთი სხეულებით და ცხოვრებით უპირისპირდებიან გლობალურ ეკონომიკურ ზეწოლას. სისასტიკე ამ პროცესის ნაწილია. ეს სამყაროს ნაწილიც არის. იმ ადამიანებს, რომლებსაც მე ‘მსოფლიოს გარეუბნებში’ ვხვდები, უბრალოდ, არ აქვთ არჩევანი და იძულებულები არიან, შეეგუონ იმ პირობებს, რომლებსაც მათ ცხოვრება უკარნახებს.“ და კიდევ: „მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დავრჩე მოწყვლადი. ყველაფერს ვაკეთებ, რომ შიშმა არ სძლიოს სურვილებს, და სურვილებმა არ სძლიონ თანაგრძნობას.“

25 მარტი, ორშაბათი
დილიდან ზარია კარზე. თავაზიანმა კურიერმა, ზურამ, პარიზიდან გზავნილი მომიტანა. ჩემი უფროსი მეგობარი კრისტოფი უკვე მეოთხე წელია, ყოველ ოთხშაბათს ფრანგულ სატირულ გაზეთს „Canard Enchainé“ („დაბმული იხვი“) მიგზავნის ფოსტით. ასეთი ტრადიცია გვაქვს: ოთხშაბათობით, დილით, ის პარიზის მე-13 არონდისმანში (ანუ უბანში) ყიდულობს ახალ გაზეთს. კითხულობს და მერე იქვე მეცამეტის ფოსტაში მიდის და თბილისში მიგზავნის. მართალია, გზავნილები ხშირად დაგვიანებით მოდის ჩემამდე და, შესაბამისად, ნოემბრის გამოშვებას მაისში ვიღებ ხოლმე, მაგრამ მაინც მიხარია. მეტიც, კრისტოფსაც უხარია! შარშან, საშობაოდ, გაზეთს შოკოლადის ფილაც გამოაყოლა, მაგრამ არც გაზეთი და არც შოკოლადი ჩემამდე არ მოსულა. კრისტოფი გაბრაზდა, მე გული დამწყდა. დღეს გამიმართლა - გაზეთის 6 და 13 მარტის ნომრები 24 მარტს მივიღე. „Chic alors!“ - იტყოდნენ ფრანგები. ნამდვილი ფუფუნებაა ფრანგულ სატირულ პრესას მოწყურებული ადამიანისთვის - ვიტყოდით ჩვენ ქართულად.

ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში, გარკვეული კონტროლის ქვეშ მყოფი პრესის პირობებში სწორედ ეს სატირული გაზეთი იქცა საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ გამოცემად. არ იქნებოდა ურიგო, ვინმეს ქართული სატირული გაზეთის გამოშვებაზეც ეფიქრა, თორემ მხოლოდ ისღა ისმის, რომ მედია კონტროლის ქვეშ არის. კონტროლის თუ გავლენის?..

საღამოს კავკასიური ფილმის ფესტივალის დახურვაა. მიხეილ კალატოზოვის „ჯიმ შვანთეს“ ვაჩვენებთ, ცოცხალი მუსიკალური აკომპანემენტით დინი ვირსალაძის შესრულებით. და ოთხდღიანი ფესტივალიც დავხურეთ.
სახლში დაბრუნებულს იმეილი დამხვდა ლინკით New Yorker-ის სტატიაზე, რომელიც ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ მიერ გამოცემულ ახალ წიგნს - Revolutions - ეძღვნება. საინტერესო წიგნია...

26 მარტი, სამშაბათი
დილიდან ფოტოებს ვუყურებ. ეს უკვე დიდი ხნის ჩვევაა - ფოტოების მეშვეობით გავიგო, რა ხდება, რა მოხდა; გავიგო ის, რაც არ ვიცი. შემთხვევით ვაწყდები ბრიტანული არხის, Channel 4-ის გადაცემულ მარსელ მეტელსიეფენის სატელევიზიო რეპორტაჟს სირიელ ბავშვებზე. ფილმი ალეპოშია გადაღებული. ქალაქის დარ-ალ-შიფას საავადმყოფოში ბავშვები სანიტრებად და ექთნებად მუშაობენ. კლინიკაში დაჭრილების და გარდაცვლილების უწყვეტი ნაკადი შემოჰყავთ დღის განმავლობაში. რეპორტაჟის ერთ-ერთი გმირი, 12 წლის მუჰამედი, მუშაობას დილის 8 საათზე იწყებს და ღამის 11-ზე ამთავრებს „პირველად სისხლი რომ დავინახე, შემეშინდა“, - ამბობს მუჰამედი, - „მაგრამ უკვე შევეჩვიე. ახლა სისხლი ჩემთვის წყალივით არის.“ მუჰამედი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ალეპოელ მოზარდთაგან, რომლებიც ქალაქის საავადმყოფოში მუშაობენ. ალეპოში ყველაფერი თავდაყირა დგას: ბავშვები უფროსებს მკურნალობენ! მანამდე ქალაქში სამედიცინო პერსონალი ხუთიათას ექიმს, ექთანსა და სანიტარს ითვლიდა. ახლა 600 ათასიან ქალაქს სულ რაღაც 30-მდე ექიმიღა შემორჩა.

ქალაქს მდინარე ქეიექი ჰყოფს. ერთ ნაპირს სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, მეორეს - სირიის თავისუფალი არმიის ნაწილები. დილიდან მდინარის ნაპირებთან ხალხი იკრიბება. ელოდებიან, როდის ჩამოიტანს მდინარის წყალი გვამებს. გვამები თოკებით წყლიდან ამოაქვთ და ამოსაცნობად სატვირთო მანქანებით გადააქვთ ქალაქში. სწორედ ერთი წლის წინ, 2012 წლის გაზაფხულზე ვმუშაობდით სირიაში მიმდინარე მოვლენების ამსახველ ჯგუფურ ფოტოგამოფენაზე, რომელიც თბილისის ფოტოფესტივალის პროგრამაში ვაჩვენეთ შარშან. მახსოვს, ძალიან გაგვიჭირდა ბრიტანელ ფოტოგრაფთან, პოლ კონროისთან დაკავშირება. ის მძიმედ დაიჭრა ჰომსში, 2012 წლის თებერვალში. იქიდან მისი ტრანსპორტირება დიდხანს ვერ მოხერხდა, რადგან სირიის სამთავრობო ძალებმა უარი განაცხადეს „ჰუმანიტარული დერეფნის“ გაკეთებაზე, რომლის გავლითაც დაჭრილები უნდა გამოეყვანათ. ბოლოს, კონროი საკაცით გამოიყვანეს სირიის თავისუფალი არმის ძალების დახმარებით და ლიბანის საზღვრამდე მიაცილეს. ამ ოპერაციას 20-მდე სირიელის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე დღის შემდეგ კონროიმ ფოტოები იმეილით გამომიგზავნა (მისი არქივის დიდი ნაწილი ადგილზევე, ჰომსშივე განადგურდა), გადაამოწმა, რომ ფოტოები მივიღე და მომწერა: „ვეღარ დამიკავშირდები, საოპერაციოდ მამზადებენ.“

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. სიტუაცია სირიაში მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა. 100 ათასამდე ადამიანია დაღუპული ამ ორწლიანი შეიარღებული დაპირისპირების შედეგად.

ბოლო ფოტორეპორტაჟი, რომელიც სირიიდან მივიღე, იტალიელ ფოტოგრაფს ალესიო რომენცის ეკუთვნის. სწორედ ამ რეპორტაჟში მიიღო მან ყველაზე პრესტიჟული ფოტოგრაფიული ჯილდო - World Press Photo - 2013 წლის თებერვალში.

შარშან ალესიო თბილისის ფოტოფესტივალის გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. ეს მისი პირველი გამოფენა იყო, პირველი ფოტოფესტივალი. ამ ერთი წლის განმავლობაში კი ალესიო თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ვარსკვლავად იქცა.

27 მარტი, ოთხშაბათი
ველაპარაკე გურამ წიბახაშვილს. მასთან ჩაწერილი ინტერვიუ უნდა გადავაგზავნო Weekend-ში. კიდევ ერთხელ გადავიკითხე მასალა. ერთ-ერთ პასაჟში გურამი ამბობს: „სულ მაინტერესებს, რაშია ფოტოგრაფიის ძალა ანუ ის, რითაც მან ფაქტიურად ‘დაიპყრო’ სამყარო. და მე მგონი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანმა ჩათვალა, რომ რეალობაზე ძვირფასი მისგან შექმნილი გამოსახულებაა; ყოველი შემთხვევისთვის იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ თანამედროვე სამყაროში რეალურ მოვლენას, საგანს, ადამიანს, აუცილებლად სჭირდება თავისი გამოსახულება... თანამედროვე ადამიანისთვის, ვფიქრობ, რეალობის ‘რეალურობის’ დამადასტურებელი საბუთი მისი გამოსახულებაა.“

გურამმა ზუსტად იცის ხოლმე თქმა. ვმუშაობთ მის გამოფენაზე, რომელსაც მაისში თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში ვაჩვენებთ. „IX ბლოკი“ 1986-2000 წლებში გადაღებული ფოტოების დიდი სერიაა. გურამმა რომ მკითხოს, ვეტყოდი, რომ ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიაზე მუშაობის წლები მისთვის ფოტოგრაფად მუშაობის პირველი წლები იყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ეს 15-წლიანი პერიოდი ერთი ავტორის ფოტოებშია თავმოყრილი. სხვა ასეთი მასშტაბური “დოკუმენტი”, რომელიც იმ წლებში მიმდინარე ცვლილებებს ასახავს, უბრალოდ არ არსებობს ან ჯერ არ გვინახავს. ყველა იმ პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცვლილებების ფონზე, გურამი, პირველ რიგში, აკვირდება ადამიანს. ადამიანს, რომელიც სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

ზუსტად არც ვიცი რამდენი ათასი ფოტო აქვს გურამს ამ სერიაში. ალბათ 10 000 მდე. ვიცი, რომ ჩვენ ამ ათასობით ფოტოდან სულ რაღაც 80 უნდა ამოვარჩიოთ და გამოფენად შევკრათ; თან ისე, რომ 80 ფოტოთი ყველა ის გამოწვევა ვაჩვენოთ, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ქვეყანა, საზოგადოება, ადამიანი - თითოეული ჩვენგანი.

„IX ბლოკი“ პირველად რომ ვნახე, შვეიცარიული წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფის, რობერტ ფრანკის „ამერიკელები“ გამახსენდა. რობერტ ფრანკი თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, მისი „ამერიკელები“ კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია ფოტოგრაფიის ისტორიაში, რომელშიც ფრანკმა 50-იანი წლების ამერიკის სულისშემძვრელი პორტრეტი შექმნა. გურამის ფოტოები მხოლოდ მაისის ბოლოს გამოიფინება თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში.

28 მარტი, ხუთშაბათი
ჟან მიშელ ბასკიას ფოტოს გადავაწყდი შემთხვევით. ფოტოზე წარწერაა: „მე არ ვარ შავკანიანი არტისტი. მე ვარ არტისტი.“

17:00-ზე ეროვნულ გალერეაში ვარ. გალერეის დირექტორს ნინო გედევანიშვილს ვხვდები. მიყვარს ნინოსთან მუშაობა. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ფოტოფესტივალის და ეროვნული გალერეის შარშანდელი თანამშრომლობა: სამი ცენტრალური გამოფენა, რომელმაც თავი მოუყარა თანამედროვე ფოტოგრაფიის მეტრების ნამუშევრებს, სწორედ ეროვნული გალერეის დარბაზებში განთავსდა. მათი უმეტესობა პირველად გამოიფინა თბილისში! იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და ეროვნული გალერეის სივრცე გახსნილი დარჩება მსოფლიო ფოტოგრაფიისთვის, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სცენაზე დომინანტურ როლს იკავებს...

ვიდრე მომავალ ფოტოფესტივალზე დავიწყებთ საუბარს, ნინო მეუბნება, რომ ლექციების ციკლი დაიწყო ეროვნულ გალერეაში -„ამერიკული ექსპრესიონიზმიდან პოპ-არტამდე“. ლექციები ყოველ შაბათს გაიმართება. 30 მარტს წაიკითხავს ლექციას: „Action Painting (მოქმედების ფერწერა): ჯექსონ პოლოკი და მისი მეტაფიზიკა“. ვსაუბრობთ პოლოკზე, დე კუნინგზე, როტკოზე...

ძალიან მომწონს ნინოს ხედვა, რომელიც ეროვნული გალერეის სივრცეში საგანმანათლებლო ელემენტის გაძლიერებას გულისხმობს. ეს აბსოლუტურად დასავლური ხედვა და მიდგომაა, რომლის თანახმადაც საგამოფენო სივრცე აქტიური საგანმანათლებლო სივრცის ფუნქიასაც იძენს. ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდება, უფრო სწორად კი გვჭირდება ყველას. ეს არის, ასევე, ის, რაც ძალიან სჭირდება ეროვნულ გალერეას, როგორც ქვეყნის ცენტრალურ საგამოფენო და სახელოვნებო სივრცეს, რომ აქტიურ სივრცედ გადაიქცეს. დღეს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი პატარა თუ დიდი საგამოფენო და სამუზეუმო სივრცე სწორედ ასე ფუნქციონირებს.

29 მარტი, პარასკევი
ავად ვარ. მარცხენა თვალი ისევ მეცრემლება.

30 მარტი, შაბათი
ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი დღიურია.

დასასრულისთვის ის მახსენდება, რომ...

როდისღაც ყოვლისშემძლე მეფემ მადლიერების ნიშნად ერთ პოეტს უთხრა:

- რასაც ისურვებ, ყველაფერს მოგცემ. რა გინდა?

- ყველაფერი რასაც თქვენ ინებებთ, სერ. თქვენი საიდუმლოს გარდა...
XS
SM
MD
LG