Accessibility links

logo-print
სასჯელაღსრულების სამინისტრო, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ არ დასტურდება ვანო მერაბიშვილის არასანქცირებული გაყვანა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან, რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მისი ადვოკატები ამტკიცებენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოთქვამენ ეჭვს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ გაანადგურა მტკიცებულებები, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი ვიდეოჩანაწარების სახით.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატების მტკიცებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან 14 დეკემბერს, გვიან ღამით გაიყვანეს, თავზე მისივე ტანისამოსი გადააფარეს და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, ჩვენების მისაცემად მიუყვანეს. მერაბიშვილის ადვოკატების მოთხოვნას, 17 დეკემბერს გაკეთებული ამ განცხადების საფუძველზე დაწყებულიყო გამოძიება, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა 19 დეკემბერს ასე უპასუხა:

2013 წლის 17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის...
„პოლიტიკურად ჩვენთვის ძალიან მომგებიანია, რომ დაიწყოს გამოძიება და გაიგოს საზოგადოებამ სიმართლე, მაგრამ პროკურატურა პოლიტიკური შემადგენლით ვერ დაიწყებს მოქმედებას, პროკურატურას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი. პროკურატურა ვერ ჩაწერს, რომ რადგან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ითხოვენ გამოძიებას, ამიტომ გამოძიება უნდა დაიწყოს. თუ მონახავენ სამართლებრივ საფუძველს, დაიწყება გამოძიება, თუ არადა, ვერ დაიწყება“.

სოზარ სუბარმა მაშინ ისიც თქვა, რომ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში განლაგებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ავტომატურად იშლება ათი დღის განმავლობაში, თუმცა 14 იანვარს სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ ჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათი ყოფილა. ფრაგმენტი განცხადებიდან:

„2013 წლის 17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის. შემოწმდა სასჯელაღსრულების N 9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ. ამდენად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, ივანე მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა“.

გავრცელებულმა განცხადებამ აშკარა გახადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებას კრიმინალი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ადგილი...
განცხადების მიხედვით, საქმისთვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ასევე ვერ იქნა აღმოჩენილი მე-9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის განლაგებულ სათვალთვალო კამერებშიც. სამინისტროს ამ განცხადების პასუხად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა, გამოთქვა ვარაუდი, რომ მოკვლევისათვის დახარჯული თითქმის ერთი თვე მოხმარდა ყოყმანს, მომხდარიყო მტკიცებულებათა ფაბრიკაცია, თუ განადგურებულიყო ჩანაწერები, რომელთა გაკეთების არსი სწორედ იმაშია, რომ გამოიყენონ, თუკი საჭირო გახდება გამოძიების ჩატარება მათზე აღბეჭდილი ნებისმიერი ფაქტის გამო:

„ამდენად, გავრცელებულმა განცხადებამ აშკარა გახადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებას კრიმინალი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ადგილი. პირადად მინისტრმა სუბარმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული - მტკიცებულებათა განადგურება. მთელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას. უდავოა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების დაკვეთასთან, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია მთელი მმართველი კოალიცია“.

სასჯელაღსრულების სამინისტროს სამსახურებრივმა მოკვლევამ ვერც სახალხო დამცველს გაუფანტა ეჭვები. უჩა ნანაუშვილი დაჟინებით მოითხოვს გამოძიების დაწყებას, რათა ყველა კითხვას გაეცეს სათანადო პასუხი. გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომლის თქმითაც, ერთია ის, რომ მინისტრი სოზარ სუბარი განცხადებების კეთებისას არათანმიმდევრულია და მეორე ის, რომ გამოძიება არ დაწყებულა.

საპარლამენტო კომისია არ იქმნება ნებისმიერ ბრალდებაზე, რომელსაც ვინმე წამოაყენებს უსაფუძვლოდ. ვანო მერაბიშვილის სიტყვები ვანო მერაბიშვილის სიტყვებია და მორჩა! თუ არ არსებობს დამატებით რამე, რაც ამ სიტყვებს ამყარებს...
„გამოძიება უნდა დაეწყო როგორც პროკურატურას, ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს, მაგრამ არც ერთმა არ დაიწყო გამოიძება. სამსახურებრივი შემოწმება არ არის გამოძიება და არ ნიშნავს ეს იმას, რომ სამინისტრომ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენ ყველას გვახსოვს სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები 10 დღის განმავლობაში ინახება, ბოლო განცხადებაში კი მითითებულია, რომ შიგნით გაკეთებული კამერების ჩანაწერები წაიშალა 24 საათში. ამ ორი განცხადებიდან ერთ-ერთი აუცილებლად არის ტყუილი“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კრიტიკას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. დეპუტატი თინათინ ხიდაშელი ასევე წინააღმდეგია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა, რასაც საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს. „უდავოა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების დაკვეთასთან, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია მთელი მმართველი კოალიცია. საქმე გვაქვს იმ ტიპისა და მასშტაბის დანაშაულთან, რომლის გამოსაძიებლად აუცილებელია საპარლამენტო კომისიის შექმნა იმ ფონზე, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება დაკავებულია დანაშაულის დაფარვით და არა ობიექტური სინამდვილის დადგენით", ვკითხულობთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის პასუხად თინათინ ხიდაშელი ამბობს:

„საპარლამენტო კომისია არ იქმნება ნებისმიერ ბრალდებაზე, რომელსაც ვინმე წამოაყენებს უსაფუძვლოდ. ვანო მერაბიშვილის სიტყვები ვანო მერაბიშვილის სიტყვებია და მორჩა! თუ არ არსებობს დამატებით რამე, რაც ამ სიტყვებს ამყარებს, მაშინ მე პირადად აბსურდად მიმაჩნია რამე ტიპის ასეთი მაღალი ხარისხის რეაგირების მოხდენა, როგორიც არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. შესაბამისმა უწყებამ ჩაატარა მოკვლევა და გასცა პასუხი - ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი და ამ თემის დასასრული. ვანო მერაბიშვილი არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომლის სიტყვასაც უპირობოდ უნდა ვენდოთ და მივიღოთ როგორც მოცემულობა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი ასევე მოითხოვს თანამდებობიდან გადადგეს სოზარ სუბარი, რომელმაც, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ვარაუდით, მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში, რასაც კატეგორიულად უარყოფს თავად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი.
XS
SM
MD
LG