Accessibility links

logo-print

სოციალურად დაუცველები მერიასა და მთავრობას შორის


სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სახელმწიფო კანცელარიის ფოიეში დახმარებას მოითხოვს

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სახელმწიფო კანცელარიის ფოიეში დახმარებას მოითხოვს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება თბილისელთა სოციალური შეღავათებისა და დაზღვევის პროგრამებისთვის საჭირო ხარჯი. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, აღდგება 2012 წლის 19 ოქტომბრამდე არსებული ვითარება და აღნიშნულ ხარჯს (წლის განმავლობაში დაახლოებით 80 მილიონ ლარს) თბილისის მერია დაფარავს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თბილისის მერი, რომლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თუ პარლამენტი ბიუჯეტის არსებულ პროექტს დაამტკიცებს, თბილისის მასშტაბით, სოციალური შეღავათების გარეშე 600 ათასი ადამიანი დარჩება.

2 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2013 წლის ბიუჯეტში მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს - მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უშიშროების საბჭოს აპარატს - დაფინანსება შეუმცირდებათ. ბიძინა ივანიშვილმა ასევე ილაპარაკა თბილისის მერიის მიერ გაწეულ არამიზნობრივ ხარჯებზე:

„ქალაქის ბიუჯეტიდან ძალიან ხშირად ფინანსდებოდა გაურკვეველი პროექტები, დღესასწაულები, კონცერტები... ასევე ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება რიყეზე მშენებარე გაუაზრებელი შენობები...“

ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადების კომენტირებისას თბილისის მერმა განაცხადა, რომ რიყეზე მიმდინარე მშენებლობა თბილისის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, თუმცა გიგი უგულავას უკმაყოფილება ამ უზუსტობაზე მეტად მთავრობის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც სოციალურად დაუცველთა შეღავათებისა და დაზღვევის დაფინანსებას შეეხება:
ვანო მერაბიშვილმა არჩევნების შემდეგ, როცა მოვალეობას ასრულებდა, ისე რომ არავის ჰკითხა, ისე რომ ბიუჯეტში ამის რესურსი არ იყო, თბილისის ვალდებულებები, რისთვისაც მიღებული ტრანსფერი მერიას დახარჯული აქვს წინასაარჩევნო ტაშ-ფანდურში, აგიტატორებისათვის ნაღდი ფულის დარიგებაში ...

„პირველი დადგენილება ახალი მთავრობისა, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, ეხება 600 ათასი თბილისელისთვის შეღავათების გაუქმებას. წერილში, რომელიც მივწერე პრემიერ-მინისტრს, მოვუწოდებ გაერკვეს ამ საკითხში და მოახდინოს ამ საკითხის რევიზია, რათა არ დაზარალდნენ თბილისელები“.

გიგი უგულავას განმარტებით, შეღავათების გაუქმების ტოლფასი იქნება დაფინანსების ტვირთის ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტისთვის გადაბარება. თბილისის მერის თქმით, გარკვეული პროგრამების ცენტრალურ ბიუჯეტში გაერთიანება იმ კომპლექსური გადაწყვეტილების გამოძახილია, რომელიც სოციალური შეღავათების სტანდარტიზაციას და მთელ ქვეყანაზე განვრცობას ითვალისწინებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ თბილისის მერის ამ არგუმენტმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს აზრი ვერ შეაცვლევინა:

„ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა არჩევნების შემდეგ, როცა მოვალეობას ასრულებდა, ისე რომ არავის ჰკითხა, ისე რომ ბიუჯეტში ამის რესურსი არ იყო, თბილისის ვალდებულებები, რისთვისაც მიღებული ტრანსფერი მერიას დახარჯული აქვს წინასაარჩევნო ტაშ-ფანდურში, აგიტატორებისათვის ნაღდი ფულის დარიგებაში... ეს ხარჯები გადასცა სახელმწიფო ბიუჯეტს ისე, რომ მისი წყარო არ არსებობს. ბიუჯეტში ეს არ იყო გათვალისწინებული. ჯანდაცვის სამინისტროს ამის თანხები არ ჰქონდა. ამიტომ პრემიერმა ივანიშვილმა გააუქმა ვანო მერაბიშვილის უკანონო გადაწყვეტილება და ეს ხარჯები უნდა გასწიოს ქალაქ თბილისის მერიამ“.

პასუხად, თბილისის მერიასა და საკრებულოში აცხადებენ, რომ მსგავსი სიმძიმის ფინანსურ ტვირთს დედაქალაქის თვითმმართველობა ვერ დაძრავს. ამასთან, როგორც საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი ამბობს, პრობლემა ხელოვნურად, მთავრობასა და მერიას შორის დაბალი ხარისხის კომუნიკაციის გამოა შექმნილი.

„ეჭვი მეპარება, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა მუხლიდან მოხერხდება ამ სოციალური შეღავათების დაფარვა. არ არის სწორი, როცა ქალაქის მერი ან მერიის წარმომადგენელი არ ესწრება მთავრობის იმ სხდომას, რომელიც აუქმებს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ადამიანთა დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობდნენ შეღავათებით ტრანსპორტზე, კომუნალურ გადასახადებზე, ჯანდაცვაზე... დარწმუნებული ვარ, მთავრობის სხდომაზე რომ ყოფილიყო თბილისის მერიის წარმომადგენელი, საკითხი უფრო კონსტრუქციულ გარემოში გადაიჭრებოდა“, უთხრა კოკი იონათამიშვილმა რადიო თავისუფლებას.
თბილისის მერიასთან დაკავშირებული პრობლემაც ლოგიკური გაგრძელებაა ყველა იმ წინა მცდელობისა, რომელიც ითვალისწინებდა არაკანონიერი გზით, მუქარით ჩარევას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ...

თუმცა მთავრობამ გადაწყვეტილება მერიის მონაწილეობის გარეშე მიიღო, რაც ეკონომიკის ექსპერტს გიორგი აბაშიშვილს აფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილებას რევანშიზმის ელფერი დაჰკრავს:

„რა თქმა უნდა, საფუძვლიანია შეკითხვა იმის თაობაზე, რამდენად რაციონალურად ხარჯავს თბილისის მერია ბიუჯეტს, მაგრამ, ჩემი აზრით, დისკუსია საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიას შორის უფრო კვალიფიციურად უნდა იქნეს წარმართული და არა ნიშნის მოგებითა და რევანშიზმით“.

რევანშიზმზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაშიც, რომლის წარმომადგენლის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს გავლენა მოიპოვოს ხელისუფლების იმ შტოებზე, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ შეხებია.

„საუბარია პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ადგილობრივ ხელისუფლებაზე განხორციელებულ ზეწოლაზე... თბილისის მერიასთან დაკავშირებული პრობლემაც ლოგიკური გაგრძელებაა ყველა იმ წინა მცდელობისა, რომელიც ითვალისწინებდა არაკანონიერი გზით, მუქარით ჩარევას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და ზეგავლენის მოპოვებას იმ შტოებში, სადაც ჩარევის არავითარი კონსტიტუციური უფლება არ გააჩნია საპარლამენტო უმრავლესობას“, უთხრა ჩიორა თაქთაქიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, საპარლამენტო უმცირესობა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს 2013 წლის ბიუჯეტის განხილვაში, რომელიც პარლამენტში 5 ნოემბრიდან დაიწყება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG