Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრანტთა პრობლემა - მსოფლიოს პასუხისმგებლობა


მიგრანტების რიგი საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე
მიგრანტების რიგი საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოუწოდებს მსოფლიო ქვეყნებს, შემდეგი სამი წლის განმავლობაში მიიღონ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი სირიელი მიგრანტი.

მილიონობით ლტოლვილი დღეს ძირითადად სირიის ოთხ მეზობელ ქვეყანას თურქეთს, ლიბანს, იორდანიასა და ერაყსაა შეფარებული. ბან კი მუნი მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ ადამიანთა მიმართ პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ.

ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ერთდღიან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში (ლტოლვილთა მიმართ) მეტი სოლიდარობაა საჭირო:

„დღეს ვუყურებთ ლტოლვილთა უდიდეს გადასახლებას, რასაც კი შევსწრებივართ. მსოფლიომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას. იმედის მიცემა ნიშნავს დაუსახო ადამიანებს გზა უკეთესი მომავლისკენ. მეზობელმა ქვეყნებმა საკმარისზე მეტი გააკეთეს. ახლა უკვე სხვების ჯერია“.

ბან კი მუნი
ბან კი მუნი

ბან კი მუნის მოწოდებით, 2018 წლამდე ქვეყნებმა, დაახლოებით, 480 000 მიგრანტი უნდა მიიღონ. ეს 10 პროცენტია იმ ლტოლვილებისა, რომლებიც სირიის მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობენ.

სირიის კონფლიქტმა, რომელიც უკვე მეექვსე წელია გრძელდება, სულ ცოტა, 250 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 5-მა მილიონმა ადამიანმა კი ქვეყანა იძულებით დატოვა და ახლა მათი უმეტესობა მეზობელ თურქეთში, ლიბანში, იორდანიაში ან ერაყში ცხოვრობს.

როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ 30 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჭიროა მოქმედება და არ შეიძლება ამ კრიზისის მძიმე შედეგები მთლიანად სირიის მეზობელმა ქვეყნებმა იტვირთონ:

„მსოფლიომ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა და აჩვენოს სოლიდარობა. ჩვენი მიზანია, სამი წლის განმავლობაში ვიპოვოთ თავშესაფარი სირიელი მიგრანტების 10 პროცენტისთვის, ანუ 480 ათასი ადამიანისთვის. შეიძლება ეს დიდ რიცხვად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის არაფერია იმასთან შედარებით, რამდენ ადამიანსაც მეზობელი ქვეყნები მასპინძლობენ. მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით ევროპას რომ პროცენტულად იმდენივე ადამიანი მიეღო, რამდენიც ლიბანმა, მას 100 მილიონი მიგრანტისთვის მოუწევდა თავშესაფრის მიცემა“.

როგორც ლიბანის საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრი რიჩარდ დერბასი ამბობს, 4 ქვეყანა ოფიციალურად 1 მილიონ მიგრანტს მასპინძლობს, ხოლო კიდევ მილიონი სირიელი მიგრანტი აქ დაურეგისტრირებლად ცხოვრობს.

2 მილიონ 700 ათასი სირიელი მიგრანტია თურქეთში. მარტის დასაწყისში ევროპის კავშირთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანამ უნდა მიიღოს კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც დღეს საბერძნეთში უშედეგოდ ელოდებიან დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპისკენ გზის გაგრძელებას.

ზოგიერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის ეკონომიკა აგებულია სწორედ ლტოლვილთა მუშაობის ეთიკაზე. სხვებმა კი გაიაზრეს, როდესაც მათი მოსახლეობა ბერდება, ლტოლვილების მიღება არის საუკეთესო გამოსავალი ეკონომიკური წინსვლისთვის...
ბან კი მუნი

ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული ეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც თურქეთი ევროკავშირისგან ფინანსურ და პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა დაგმო. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს არის ზოგიერთი მიგრანტისთვის თავშესაფრის მიღების უფლების წართმევა.

ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა მიგრანტები საბერძნეთში გადასვლას განაგრძობენ. სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულებზე - ლესბოსზე, სამოსზე, ქიოსსა და კოსზე - 30 მარტს, დილაადრიან, 766 მიგრანტი გადავიდა.

როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა 30 მარტს ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე თქვა, თუ ლტოლვილთა განსახლების პროცესი სწორად წარიმართა, ამით ყველა მოიგებს:

„სოციალურად დაუცველი ბავშვები, ქალები და კაცები მიიღებენ უსაფრთხოებას და მხარდაჭერას, მასპინძელ ქვეყნებს კი ლტოლვილები მოუტანენ მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს. ეს არის ნიჭიერი სტუდენტები და მუშახელი, რომლებსაც უნდათ ისწავლონ, ჩაერთონ თავიანთი ახალი გარემოცვისა და საზოგადოების ცხოვრებაში. ზოგიერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის ეკონომიკა აგებულია სწორედ ლტოლვილთა მუშაობის ეთიკაზე. სხვებმა კი გაიაზრეს, როდესაც მათი მოსახლეობა ბერდება, ლტოლვილების მიღება არის საუკეთესო გამოსავალი ეკონომიკური წინსვლისთვის“.

ბან კი მუნმა ქვეყნებს მოუწოდა უზრუნველყონ ლტოლვილები თავშესაფრით, იზრუნონ მათი ოჯახების გაერთიანებისთვის და მისცენ მათ შრომისა და განათლების მიღების შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG