Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმართვა ოპოზიციის მხარდასაჭერად – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების წინააღმდეგ


სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი შიშობს, რომ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრების საფრთხე არსებობს. ამის თავიდან აცილების შანსი კი, მათი განცხადებით, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა. სწორედ ამიტომ, საგანგებო მიმართვის 45 ხელმომწერი პირი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ, მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი… პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაკეთდა მინიშნებები პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ, რამაც შესაძლოა, გზა გაუხსნას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობას, გადაიყვანოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან და დააკარგვინოს ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წელს, ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების სახით მოიპოვა... ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმოყრა გზას უხსნის იმ რეალობას, რომელიც გვეგონა, რომ ჩვენმა ქვეყანამ განვითარების უკანასკნელი 25 წლის მანძილზე უკან მოიტოვა. ნუ დავბრუნდებით წარსულში!“ – ეს ნაწყვეტია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებული მიმართვიდან, რომლითაც თამარ გურჩიანი, ლაშა ბუღაძე, ნატა ფერაძე, ნინია კაკაბაძე, გიორგი მშვენიერაძე, ბექა მინდიაშვილი და სხვები ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ მეორე ტურში მხარი დაუჭირონ პარლამენტში გასულ ოპოზიციურ ძალას და არ დაუშვან საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო უმრავლესობით დაკომპლექტება.

ხალხს აქვს შანსი, რომ არ დაუშვას საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნების“ პარლამენტში მოსვლა ...
გიორგი ბარამიძე

„მივმართავთ მოსახლეობას და ასევე, პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოუწოდონ თავიანთ ამომრჩეველს, რომ არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დაუჭირონ მხარი ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავთ იმაში, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის წინაშე დავდგებით, ეს უმრავლესობა, პირველ რიგში, კონსტიტუციას შეცვლის, ამით კი აბსოლუტურად ყველა დაზარალდება“, – აცხადებს თამარ გურჩიანი.

მიმართვის ხელმომწერთა განცხადებით, კონსტიტუციური უმრავლესობის ყოლა პარლამენტში, ფაქტობრივად, ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს და შესაბამისად, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.

მიმართვის ადრესატები არიან „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“, ახალი პოლიტიკური ცენტრი – „გირჩი“, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, „ახალი მემარჯვენეები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

მიმართვას ხელს აწერენ: გურჩიანი თამარ, ბუღაძე ლაშა, ბასილაია-შავგულიძე ლიკა, მშვენიერაძე გიორგი, ფერაძე ნატა, ტანგიაშვილი ნოდარ, კაკაბაძე ნინია, ელისაშვილი ცირა, დანელია ნინო, შამუგია პაატა, ხრიკიძე დავით, ცოფურაშვილი თათა, ჭითანავა ეკა, თაბაგარი გიორგი, პატარაია ბაია, ხატიაშვილი თეო ნონიაშვილი გიორგი, ხოშტარია გოგი, ფანცულაია ნანა, მინდიაშვილი ბექა, ცინცაძე ნინო, დევდარიანი ქეთი, ეძგვერაძე გია, კიკნაველიძე ირაკლი, გურული მაგდა, ზაუტაშვილი ილიკო, ცეცხლაძე ნიკო, კორძაია-სამადაშვილი ანა, ჯაფარიძე მამუკა, ჯიბუტი სოფო, მანჩხაშვილი ნოდარ, ბაბუნაშვილი ვახო, მშვილდაძე მიშა, ბასილაია მერაბ, ჟვანია ანა, საღინაძე ირაკლი, გულედანი აჩიკო, უგულავა სალომე, ქავთარაძე გოგი, აბაშიძე ზაზა, ღავთაძე მაკო, ჩხიკვაძე ანა, ხონელიძე ლელა, გელავა სოფო, თურმანიძე თორნიკე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ თუ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის საფრთხეს რეალურად შეაფასებენ და თავის ამომრჩეველს მიმართავენ, შესაძლოა, ხალხმა ეს შანსი გამოიყენოს და შეცვალოს კიდეც მოსალოდნელი რეალობა. ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე:

„ხალხს აქვს შანსი, რომ არ დაუშვას საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნების“ პარლამენტში მოსვლა. არის დიდი რაოდენობა ამომრჩევლისა, ვისაც ეს შეუძლია შეცვალოს, – მთელი 50%, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე და 25%, რომელმაც სხვა პარტიებს დაუჭირა მხარი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

არ ვაპირებ ვინმეს მივუთითო, ასე გააკეთოს თუ ისე, ამომრჩეველი თავად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას...
ზურაბ ჯაფარიძე

„ქართულ ოცნებაში“ ამ მიმართვას აფასებენ როგორ „ნაციონალური მოძრაობის“ აგორებულ პიარკამპანიას, რომელიც ამავე პოლიტიკური ძალის „გადარჩენას“ ისახავს მიზნად. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ისიც განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური განცხადებაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალების მობილიზაციასა და სწორედ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას ისახავს მიზნად, რასაც, პრაქტიკულად, ხელს უწყობენ მიმართვაზე ხელმომწერი პირებიც:

„ეს არის წმინდა პოლიტიკური განცხადება, რომელიც გამოავლენს გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ პოლიტიკური მისწრაფებებს“.

„ქართულ ოცნებაში“ უცნაურად მიაჩნიათ ის ფაქტიც, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ რომელიმე კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი.

მიმართვის ადრესატებიდან რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ უკვე იუარა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მოწოდებების გაკეთება. მათ შორის, „ახალმა მემარჯვენეებმა“, „პოლიტიკურმა პლატფორმამ – ახალი საქართველო“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“... როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამარ კეკენაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში საფრთხეს ნამდვილად შეიცავს, თუმცა:

„მიუხედავად ამისა, ასეთ მოწოდებას ჩვენი ამომრჩევლის მიმართ მაინც ვერ გავაკეთებთ, რადგან მათ მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვთ როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ“.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამაც აღნიშნა მედიასთან საუბარში, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ თავის ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისაკენ მოუწოდონ.

„არ ვაპირებ ვინმეს მივუთითო, ასე გააკეთოს თუ ისე, ამომრჩეველი თავად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, – პასუხობს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის მიმართვას.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

ბუნებრივია, საზოგადოების გარკვეული ნაწილის შიში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ მმართველ პარტიას ავტორიტარიზმისკენ უბიძგოს, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, – თუმცა, მისი თქმით, ამ მიზნითაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიმართვის პათოსის სისწორე.

„მე მაინც მგონია, რომ არჩევნების მეორე ტურში ძალიან ცოტა ამომრჩეველი მივა, მმართველ პარტიასაც გაუჭირდება მათი მომხრეების მიყვანა, ისევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს. მეორეც, საზოგადოების იმ ნაწილისათვის, ვინც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, შესაძლოა, საერთოდაც მიუღებელი აღმოჩნდეს ასეთი მოწოდება იმ იდეოლოგიური შეუთავსებლობიდან გამომდინარე, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით“.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამომრჩეველმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მითითების ზეგავლენით.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG