Accessibility links

logo-print

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იმისათვის რომ ინფექციური დაავადებები არ გავრცელდეს, სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებისა და მაშველებისთვის რეკომენდაციებს იძლევა. პარალელურად, თბილისის ოთხ კლინიკაში ანტიტეტანური აცრები უტარდებათ იმ მოხალისეებს, რომლებმაც სტიქიის ზონაში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

მოხალისეთა რიგი ამჯერად სტიქიის ერთ-ერთი მთავარი ზონის - ზოოპარკის - ნაცვლად, ტაშკენტის ქუჩაზე, „პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრთან“ დგას. ახალგაზრდები ერთმანეთს იმ ნაკაწრებსა და იარებს უჩვენებენ, რომლებიც ბოლო დღეებში, სტიქიის ზონაში მუშაობისას, მიიღეს. ის, რომ ტრავმების შემთხვევაში აუცილებელია ანტიტეტანური აცრის ჩატარება, მოხალისეებმა სტიქიის ზონაში მუშაობიდან მეოთხე დღეს მედიასაშუალებებიდან და სოციალური ქსელებიდან შეიტყვეს. 21 წლის თორნიკე ტატიშვილი სტიქიის მეორე დილასვე, 14 ივნისს, ჩაეწერა მოხალისედ და მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე 17 ივნისის ჩათვლით იმუშავა. მისი ძირითადი სამუშაო იარაღი ნიჩაბი იყო. ცერა თითზე სწორედ ნიჩბის ტარისგან მიყენებული ჭრილობა აქვს. იმუნიზაციის ცენტრში თავის რიგს ელოდება:

„პატარა დაზიანება მივიღე, არაფერია, მაგრამ მაინც, დაზღვევის მიზნით, აცრას ვიკეთებ. ეს, ალბათ, მუშაობისას ნიჩბისგან დამიზიანდა ხელი. ხელთათმანი არ მეკეთა, ისე ვმუშაობდი და ამის ბრალია“.

დაზიანებები არ მაქვს, მაგრამ მაინც მინდა, რომ პრევენციის მიზნით გავიკეთო, რადგან შაბათ-კვირას ისევ ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას.

თავის რიგს ელოდება 26 წლის კერენ ესებუაც. მართალია, მას მოხალისედ მუშაობის პროცესში დაზიანება არ მიუღია, მაგრამ, როგორც მეუბნება, პრევენციისა და თავის დაზღვევის მიზნით, ანტიტეტანურ აცრას მაინც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მერიის გადაწყვეტილებით, 18 ივნისიდან ზოოპარკის ტერიტორიაზე მოხალისეების სამუშაოები შეჩერებულია, კერენი ამბობს, რომ ის მოხალისედ მუშაობას მზიურის ტერიტორიასა და სვანიძის ქუჩაზე გააგრძელებს:

„დაზიანებები არ მაქვს, მაგრამ მაინც მინდა, რომ პრევენციის მიზნით გავიკეთო, რადგან შაბათ-კვირას ისევ ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას“.

სტიქიის შედეგად დაზიანებულ უბნებზე მომუშავე მოხალისეებისა და მაშველებისთვის იმუნიზაციის ცენტრი ტეტანუსის აცრას უფასოდ აკეთებს. აცრის ჩატარება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც ტაშკენტის ქუჩაზე მდებარეობს. გარდა ამისა, აცრის ჩატარება შესაძლებელია თბილისში მოქმედ კიდევ რამდენიმე კლინიკაში.

ყველას, ვინც მოსულია, არ სჭირდება აცრა. კონსულტაციაზე არიან. ძირითადად აცრა იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუკი კანის მთლიანობაა დარღვეული. პანიკაში ჩავარდნაც არ არის საჭირო. ისეთი ადამიანებიც მოდიან, რომელთა დაზიანების პოვნაც კი შეუძლებელია...

იმუნიზაციის ცენტრის ქირურგი ბადრი ბაზაევი სტიქიის ზონაში დაზიანებულ მოხალისეებს ამოწმებს. როგორც ის რადიო თავისუფლებას განუმარტავს, აცრის ჩატარებამდე ექიმი აფასებს ჭრილობის სიღრმეს და მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება აცრა, რათა არ განვითარდეს ტეტანუსი:

„ყველას, ვინც მოსულია, არ სჭირდება აცრა. კონსულტაციაზე არიან. ძირითადად აცრა იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუკი კანის მთლიანობაა დარღვეული. პანიკაში ჩავარდნაც არ არის საჭირო. ისეთი ადამიანებიც მოდიან, რომელთა დაზიანების პოვნაც კი შეუძლებელია. თუმცა ჯობია მოვიდეს და ჩვენ შევაფასოთ მდგომარეობა, ვიდრე თვითონ გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არ სჭირდება აცრა. ძირითადად ნაჩხვლეტი და ნაკაწრი ჭრილობები აქვთ. მათ სიბინძურესთან ჰქონდათ შეხება, იქ არის ცხოველების ფეკალიები და ა.შ. ამიტომ ასეთ დროს შესაძლოა განვითარდეს დაავადება ტეტანუსი“.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ აცრილა ან არ ახსოვს თავისი ვაქცინაციის სტატუსი, აუცილებლად უნდა მიმართოს იმუნიზაციის ცენტრს. მათივე განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, 72 საათი ითვლება ნორმალურ პერიოდად დაზიანების მიღებიდან და ეფექტურია ანტიტეტანური ვაქცინაცია.

მოხალისეებს ვუშვებთ მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ტანსაცმლით, ჩაფხუტით, ე.წ. ბოტებით და ხელთათმანებით...

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ამ ეტაპზე არსებობს საკმარისი რაოდენობა ვაქცინისა. მათივე განმარტებით, მიუხედავად სტიქიის ზონაში დახოცილი ცხოველებისა, ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს, რადგან ზოოპარკის ცხოველები ჯანმრთელები იყვნენ.

გიორგი ბორცვაძე, თავდაცვის სამინისტროს მეოთხე მექანიზებული ბრიგადის წარმომადგენელი, მზიურის შესასვლელთან დგას და მოხალისეებს იმ წესებს აცნობს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებისათვის დააწესა:

„მოხალისეებს ვუშვებთ მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ტანსაცმლით, ჩაფხუტით, ე.წ. ბოტებით და ხელთათმანებით. ამის გარეშე არ შეიძლება“.

რაც შეეხება რეკომენდაციებს მოხალისეებისათვის, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მუშაობისას სხეული მაქსიმალურად უნდა იყოს ტანსაცმლით დაფარული, აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა და ნიღბების გამოყენება. თუმცა, მიუხედავად ამ რეკომენდაციებისა, მზიურის ტერიტორიაზე კვლავაც მუშაობენ მოხალისეები შესაბამისი ჩაცმულობისა და აღჭურვილობის გარეშე. მზიურის ტერიტორიაზე გახსნილია სამედიცინო პუნქტებიც, სადაც სტიქიის ზონაში მომუშავეებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG