Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეინ აირა ბლუმი. ნაწილი II


ჯეინ აირა ბლუმის მეორე სტუდიური ალბომი "Second Wind", განსხვავებით სადებიუტო ნამუშევრისგან, გაცილებით წარმატებული გამოდგა. არტისტის შემოქმედებით ცნობილი გერმანული ხმის ჩამწერი კომპანია "Enja Records" დაინტერესდა, რასაც მოჰყვა მესამე პროექტი ლეიბლის სამარკო ნიშნით. "Mighty Lights" საქსოფონისტის საავტორო კომპოზიციებისგან შედგებოდა.

ჯეინ აირა ბლუმი. ნაწილი II
please wait

No media source currently available

0:00 0:05:42 0:00
გადმოწერა

ჟურნალმა "DownBeat"-მა ალბომს უმაღლესი შეფასება მისცა - 5 ვარსკვლავი მიანიჭა. ჯეინისთვის ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა დიდ კომპანიასთან ითანამშრომლა. მოგვიანებით არტისტმა კიდევ ერთ გიგანტთან, "CBS Rerords"-თან, გააფორმა კონტრაქტი და ორი პროექტი - "Modern Drama" და "Slalom"-ი - გამოსცა. ალბომები იმ მხრივ გალხდათ საინტერესო, რომ სოპრანო-საქსოფონის ცოცხალი ბგერისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზის ექსპერიმენტს წარმოადგენდა.

გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ჯეინ აირა ბლუმი უკვე მსოფლიოს წამყვან საქსოფონისტებს შორის მოიაზრებოდა. ამ პერიოდის ნამუშევრებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას რამდენიმე პროექტი იმსახურებს - მაგალითად, 1996 წლის დისკი "The Nearness". გარდა არტისტის კომპოზიციებისა, ალბომში შევიდა ორი სტანდარტი: "Summertime" და "Round Midnight". ორივე შემთხვევაში საქსოფონისტმა ზურგი აქცია კლასიკურ ინტერპრეტაციას და იმგვარი თავბრუდამხვევი, მისტიკური, ფრიჯაზური ვერსიები წარმოადგინა, რომ მათი ამოცნობა თავად ავტორებსაც კი გაუძნელდებოდათ. ასევე საინტერესოა ალბომი "Chasing Paint: Jane Ira Bloom Meets Jackson Pollock". დისკის სახელწოდებაში ცნობილი მხატვრის მოხსენიება შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჯეინ აირა ბლუმი მხატვრობით გახლდათ გატაცებული. არაერთი გამოფენაც გაუმართავს და თავისი დისკების გარეკანიც მრავალჯერ გაუფორმებია საკუთარი ნახატებით. როგორც თავად განმარტავდა, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, მათი ფერები ბევრჯერ უქცევია მუსიკად. მაგალითად, ალბომში "Art And Aviation" პიესა "Straight No Chaser/ Miro" ესპანელი სიურრეალისტის გავლენის შედეგად ჩაწერა, ხოლო "Chagall/How Deep Is The Ocean" მარკ შაგალის ფერწერით აღფრთოვანებულმა შექმნა. რაც შეეხება "შეხვედრას ჯექსონ პოლოკთან", ეს ერთგვარი ექსპერიმენტი გახლდათ - მხატვრობისა და მუსიკის სინთეზი. ამერიკელის ნახატების რეპროდუქციებს სტუდიაში ჩამოკიდებდა და, მისი ხელწერით შთაგონებული, ფორტეპიანოზე იმპროვიზირებდა. ასე იქმნებოდა ჯეინ აირა ბლუმის ალბომი "Chasing Paint: Jane Ira Bloom Meets Jackson Pollock" - 6 ნაწილისგან შემდგარი ჯაზური სუიტა, რომელიც კვარტეტის ფორმატში ჩაიწერა. მისი საპრემიერო შესრულება ჰიუსტონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შედგა.

ჯეინ აირა ბლუმი მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი თუ ჯილდოს მფლობელი გახლავთ. 2001 და 2003 წლებში მან ჯაზის ჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი დაიმსახურა, როგორც წლის საუკეთესო სოპრანო-საქსოფონისტმა. ამავე ნომინაციაში არაერთხელ გაიმარჯვა ჟურნალ DownBeat-ის გამოკითხვებშიც. 2007 წელს ნოვატორობისათვის ჩარლი პარკერის სახელობის ჯილდო გადაეცა, 1998 წელს კი საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა უსახელო ასტეროიდი ჯეინ აირა ბლუმის სახელით მონათლა.

1978 წლიდან მოყოლებული, ჯეინ აირა ბლუმმა, როგორც ბენდლიდერმა, 16 სტუდიური და საკონცერტო ალბომი გამოუშვა. ბოლო მათგანი - "Early Americans" -2016 წელს გამოვიდა. დისკი ტრიოს ფორმატში ჩაიწერა კონტრაბასისტ მარკ ელიასა და დრამერ ბობი პრევიტთან ერთად. "Other Eyes", "Hips & Sticks", "Nearly" - საქსოფონისტის საკომპოზიტორო ნიჭის საუკეთესო ნიმუშებია, ხოლო ბერნსტაინის "Somewhere" ჯეინ აირა ბლუმის საშემსრულებლო ოსტატობის ჩინებული მაგალითი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG