Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნამასტე ფრომ კატმანდუ“ - ქართველი ტურისტები კარგად არიან


ნეპალი, 2015 წლის 27 აპრილი
ნეპალი, 2015 წლის 27 აპრილი

ნეპალში საქართველოდან წასული შვიდი ტურისტი, სავარაუდოდ, 30 აპრილს დაბრუნდება. ამჟამად ისინი სოფელ ჩიტვანში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნეპალში ამჟამად საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. არც ერთ მათგანს ინდოეთში საქართველოს საელჩოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. როგორც ამ დროისათვის ცნობილია, 25 აპრილს ნეპალში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 4 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს.

“ნამასტე ფრომ კატმანდუ. ყველაფერი კონგენიალურადაა. როგორც წესი და რიგი”, - დაწერა მწერალმა ბესო ხვედელიძემ 21 აპრილს სოციალურ ქსელ ფეისბუკში. 22 აპრილს მან ნეპალიდან კიდევ რამდენიმე ფოტო განათავსა სოციალურ ქსელში. 25 აპრილს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მართალია, ბესო სოციალურ ქსელში აღარ გამოჩენილა და მასთან სატელეფონო კავშირის დამყარებაც ვერ ხერხდება, მაგრამ, როგორც მისი შვილი ირინა ხვედელიძე ტურისტულ კომპანიაზე დაყრდნობით ამბობს, ბესო თავს კარგად გრძნობს. ეს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბესოს მეთოთხმეტე მოგზაურობაა ნეპალში. ის ნეპალში ქართველი ტურისტების გიდია. ამჯერადაც ბესო საქართველოდან წასულ ხუთ ქართველ და ერთ გერმანელ ტურისტთან ერთად იმყოფება სოფელ ჩიტვანში, კატმანდუდან ექვსი საათის სავალ გზაზე: “ტელეფონი არ აქვს და, შესაბამისად, ვერ ვურეკავ. იმ სოფელში ნამყოფი ვარ და იქ ინტერნეტიც არ არის. მიწისძვრის შედეგად ელექტროენერგიაც გაითიშა. როგორც წესი, ფეისბუკით ველაპარაკები ხოლმე, მაგრამ ახლა ვერ ვუკავშირდები. მასთან ერთად მყოფმა ერთ-ერთმა ტურისტმა მოახერხა ახლობლებთან დაკავშირება და მისგან ვიცით, რომ ყველანი კარგად გრძნობენ თავს”, - ამბობს ირინა ხვედელიძე.

საქართველოდან შვიდი ტურისტი ნეპალში 20 აპრილს გაემგზავრა. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლებას ტურისტული კომპანია “კულტურ.ჯის” წარმომადგენელი მაკა ჭაბაშვილი აწვდის. როგორც ის ამბობს, შვიდივე ტურისტი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ კი კომპანიამ მას შემდეგ შეიტყო, რაც ერთ-ერთ ტურისტთან დაკავშირება მოხერხდა: “ისინი მიწისძვრის დროს კატმანდუში არ იმყოფებოდნენ. არიან ჩიტვანში, ეროვნულ პარკში. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და არც დაზიანებები აქვთ”, - ამბობს მაკა ჭაბაშვილი.

მისივე თქმით, ქართველი ტურისტები ნეპალიდან გამომგზავრებას 30 აპრილს აპირებენ. ტურისტული კომპანია უკვე ესაუბრა ავიაკომპანია “ეარ არაბიას” და მაკა იმედოვნებს, რომ ტურისტები საქართველოსკენ სწორედ 30 აპრილს დაიძვრებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნეპალში სულ 30-მდე ქართველი იმყოფება, თუმცა, როგორც 27 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ინდოეთსა და ნეპალში საქართველოს საელჩოსთვის დახმარების თხოვნით ამ დროისათვის არც ერთ მათგანს არ მიუმართავს: “იქ იმყოფება ტურისტების ჯგუფი. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს რაიმე საფრთხე ემუქრება. რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ დახმარება, შველა, რომ გავარიდოთ სტიქიის ზონას”, - ამბობს დავით კერესელიძე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს საკონტაქტო ინფორმაციას ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ინდოეთში მდებარე საელჩოსთან დასაკავშირებლად: +911147078602; +911149496000; +919560093233; +919560791004. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა რაიმე ტიპის დახმარება გაუწიოს მიწისძვრით დაზარალებულ ნეპალს, თუმცა ამ მხრივ ინიციატივას იჩენენ სამოქალაქო აქტივისტები. მათ შორისაა ნათია ფირაშვილი, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ერთ-ერთი თანამშრომელი. 27 აპრილს, დილით, მას ინტერნეტით დაუკავშირდა ნეპალელი მეგობარი ბასანტა ადიკარი, რომელმაც დახმარება სთხოვა: “წერილში მომწერა, რომ ისინი საჭიროებენ საკვებს, ტანსაცმელსა და კარვებს. მე, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს მივმართე და ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ მობილიზაცია ჩვენი მეგობრების, მოვაგროვოთ არამალფუჭებადი პროდუქტი და, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ნეპალის მიმართულებით გავაგზავნოთ”, - ამბობს ნათია ფირაშვილი.

25 აპრილს ნეპალში მომხდარი 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა. ცნობების თანახმად, ჰუმანიტარული ორგანიზაციები ემზადებიან სტიქიური უბედურებით დაზარალებული ქვეყნის ფართომასშტაბიანი დახმარებისათვის. მიწისძვრა, რომელიც ჩინეთისა და ინდოეთის განაპირა რეგიონებსაც შეეხო, ნეპალისთვის ბოლო 80-ზე მეტი წლის უმძიმესი კატასტროფაა. ოფიციალური პირები ძნელად მისადგომი რეგიონებიდან მიღებული ცნობების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. სამაშველო სამსახურები და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საავადმყოფოების უმრავლესობა გადავსებულია, მედიკოსებს არ ჰყოფნით აღჭურვილობა და მედიკამენტები. მეწყრების გამო, მაშველებს ხელი ეშლებათ ძნელად მისადგომ რეგიონებში ხალხის დახმარებისას. მეზობელმა ქვეყნებმა ნეპალში გაგზავნეს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები, დატვირთული სამედიცინო აღჭურვილობით, სურსათითა და წყლით. მიწისძვრამ კატმანდუს ძველი შენობების დიდი ნაწილი დაანგრია.

XS
SM
MD
LG