Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: ევროკავშირი საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რომ "ბრექსიტი" მოინელოს


ევროკავშირის სამიტის სამზადისი
ევროკავშირის სამიტის სამზადისი

28-29 ივნისს ევროკავშირი პირველ სამიტს მართავს დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შემდეგ. ამჯერად, რეფერენდუმში დამარცხებულმა პრემიერმა, დევიდ კამერონმა, კავშირის დანარჩენ 27 წევრს უნდა აუხსნას, როგორ წარმოუდგენია კრიზისიდან გამოსავალი. აქამდე წევრ სახელმწიფოს არასოდეს დაუტოვებია ევროკავშირი.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელსაც, ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ ჰკითხეს, გადადგომას ხომ არ აპირებთო, განაცხადა, გაერთიანებულმა სამეფომ თავის პოზიციაში სიცხადე უნდა შეიტანოსო: „ჩემი სურვილია, გაერთიანებულმა სამეფომ თავისი პოზიცია აგვიხსნას. არა დღეს, არა ხვალ დილით 9 საათზე, მაგრამ მალე.“

ასეთი, თითქოს მომთხოვნი, მაგრამ მაინც დამთმობი იყო იუნკერის განცხადება. რაც შეეხება გერმანიას, ის არ აპირებს არაოფიციალური მოლაპარაკების გამართვას ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პირობებზე, სანამ ლონდონი ოფიციალურად არ მიმართავს კავშირს, რომ მართლაც სურს მისი რიგების დატოვება. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ბრიუსელში ჩავიდა და სხვათა შორის, შეხვდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ფედერიკა მოგერინის - ალბათ იმ მიზნითაც, რომ საკუთარი თვალით ენახა, რას უპირებს ევროპა ბრიტანეთს, მერე კი გაეშურა ალბიონისკენ, რათა თავის იქაურ კოლეგასთან ერთად განიხილოს შექმნილი მდგომარეობა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

პარიზი და ბერლინი ვითარების მოგვარების საკითხზე ერთი აზრისა არიან. მკაფიო და მტკიცე იყო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის სიტყვები: სანამ დიდი ბრიტანეთი არ გამოგვიგზავნის განცხადებას, მანამდე არაოფიციალური წინასწარი მოლაპარაკება მის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ არ გაიმართებაო, თქვა კანცლერის წარმომადგენელმა. როცა უსაყვედურეს, ბრიტანეთის რეფერენდუმზე რეაგირებისას ყოყმანი გეტყობათო, მერკელმა განაცხადა: ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამიტომ ველი, როდის გაუგზავნის ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის საბჭოს წერილს კავშირის ხელშეკრულების 50-ე მუხლის შესაბამისადო. 28 ივნისს, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, მერკელმა ბუნდესტაგს მიმართა: „ევროკავშირი საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რომ ბრიტანეთის გასვლა მოინელოს. ძლიერია საიმისოდ, რომ 27 წევრით იმუშაოს. და საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რომ თავისი ინტერესები დაიცვას მომავლის მსოფლიოში“, თქვა მერკელმა, რომელიც მოგვიანებით გაფრინდა ბრიუსელში, სადაც ევროპის კავშირის სამიტი იმართება. სამშაბათსვე დილას შედგა ევროპის პარლამენტის სხდომა. მასზე, მემარჯვენე პოპულისტმა, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა, ნიაჯელ ფარაჟმა, რომელიც თავგამოდებული მომხრე იყო ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლისა, ევროპარლამენტარებს განუცხადა: სავაჭრო ურთიერთობაზე უარს არ ვიტყვით, თქვენთან ვითანამშრომლებთ, ამიტომ მოდით, სავაჭრო ხელშეკრულებაზე ვიფიქროთო.

დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი
დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი

ფარაჟი კოლეგებს დაჰპირდა, მსოფლიოში თქვენი საუკეთესო მეგობრები ვიქნებითო, და იქვე დასძინა: თუ ეს არ გამოვა, შედეგები ევროკავშირისთვის ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ბრიტანეთისთვისო.

მემარჯვენე პოპულისტს გამოსვლა რამდენიმეჯერ შეაწყვეტინეს სტვენითა და შეძახილებით. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა, კოლეგებს მოუწოდა, დამშვიდდით, ისე ნუ მოიქცევით, როგორც, ჩვეულებრივ, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია იქცევაო.

შულცმა პატივისცემით მოიხსენია ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილება და თქვა, გულმოდგინედ შევისწავლი, რას ნიშნავს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედებაო.

ხელშეკრულების ამ 50-ე მუხლის თანახმად, ვიდრე კავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკება დაიწყებოდეს, შესაბამისმა ქვეყანამ ეს ოფიციალურად უნდა მოითხოვოს. 50-ე მუხლი ახსენა ლონდონის ყოფილმა მერმა ბორის ჯონსონმაც. ჯონსონი არცთუ დიდი ხნის წინ გაიძახდა, ჩვენს ქვეყანაზე კონტროლი უნდა დავიბრუნოთო. ახლა, როცა სასურველი მიიღო, ის აცხადებს, ბრიტანეთი ევროპას ზურგს ვერ შეაქცევსო. ამას ამბობს კაცი, რომელიც ერთიანობისკენ ევროკავშირის ნაბიჯებს ადარებდა სუპერსახელმწიფოების შექმნისკენ ნაპოლეონისა თუ ჰიტლერის სწრაფვას. პარასკევს, რეფერენდუმის მერე დღეს, ჯონსონს ვეღარ იცნობდით: ნუ ავჩქარდებით, 50-ე მუხლის გამოყენება ჯერ არ გვინდაო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი

სიტყვის გატეხვა მოუხდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს, რომელიც ევროკავშირში თავისი ქვეყნის დარჩენას ემხრობოდა. რეფერენდუმამდე კამერონმა თქვა, როგორც უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, პრემიერის პოსტზე დავრჩებიო. მაგრამ რეფერენდუმის შემდეგ მან გამოაცხადა: „ყველაფერს ვიღონებ, რაც კი შემიძლია, როგორც პრემიერ-მინისტრს, იმისთვის, რათა მომავალ კვირებსა და თვეებში ჩვენმა ხომალდმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. მაგრამ არა მგონია, სწორი იყოს, რომ დავრჩე კაპიტნად, რომელიც ჩვენს ქვეყანას მორიგი მიზნისკენ გაუძღვება.“

ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის იოლი არ ყოფილაო, თქვა კამერონმა პარასკევს და უკვე ორშაბათს პარლამენტს დაუდასტურა, გადაწყვეტილებას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩემი მემკვიდრე მიიღებსო. მისივე ცნობით, კაბინეტი მას სათანადო დოკუმენტებს მოუმზადებს, მაგრამ კამერონი მაინც არ აპირებს განაცხადის გაკეთებას, რის შესახებაც ბრიუსელში აცნობა შესაბამის უწყებებს, და ცალკე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.

ბრიუსელში კრიზისია. ბოლო პერიოდში ხან საბერძნეთი იყო პრობლემა, ხან უკრაინა, მერე, რაც მთავარია, მიგრანტები და ახლა − ბრიტანეთი. მოლაპარაკება, არც ოფიციალური და არც არაოფიციალური, არ დაწყებულა, მაგრამ მათი მომზადებაა საჭირო, მათში უნდა ჩართონ იურისტები. 28-29 ივნისის სამიტი კრიზისის სამიტად იქცა. ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს სურს, რომ სამიტის მეორე დღე იქცეს არა 28, არამედ 27 წევრი სახელმწიფოს არაოფიციალურ შეხვედრად. ამ უპრეცედენტო შეხვედრის თემები იქნება: გამოყოფის პროცესი და ევროკავშირის სამომავალო ბედი. საუბარი შეეხება, ასევე, საშინაო და საგარეო უსაფრთხოებას. ამ ორ სფეროში აზრთა სხვადასხვაობა ნაკლებად შეინიშნება, მაგრამ განხეთქილება მოსალოდნელია ევროზონის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშროლობის გამო, რადგან ეს პოლონეთის ავტომატურ გარიყვას ნიშნავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი

ვითარების სერიოზულობაზე მეტყველებს ევროპაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ჩამოსვლა. კერიმ ევროპელები გააფრთხილა კიდეც, ლონდონზე შურისძიება არ იფიქროთო. ის, რამაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ გაგვაერთიანა, ინტერესები და ფასეულობები, ამ რეფერენდუმის შედეგად არ შეცვლილაო, თქვა კერიმ. ამიტომ უმნიშვნელოვანეს სფეროებში მომავალშიც ვითანამშრომლებთ, ძლიერი ევროკავშირი ამერიკის ინტერესებშიაო.

„აშშ შეინარჩუნებს განსაკუთრებულ და მჭიდრო ურთიერთობას დიდ ბრიტანეთთან. დიდი ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია. დიდ ბრიტანეთს დიდი ხანია, აქვს ასეთი ურთიერთობა აშშ-თან. მე აქედან ლონდონში მივემგზავრები და შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰამონდს, რომელსაც უკვე ველაპარაკე და ასევე, პრემიერ-მინისტრ კამერონს,“ თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კერი ლონდონში ჩავიდა, ევროპელებმა კი თავი უნდა გაართვან რთულ ამოცანას − გადალახონ განსხვავებული დამოკიდებულება ბრექსიტის მიმართ. გერმანია, იტალია, მალტა, კვიპროსი და ირლანდია განსაკუთრებით არიან დაინტერესებული ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენით. დანარჩენებს სურთ, რაც შეიძლება მალე გაირკვეს და დამთავრდეს ეს ამბავი. ამის თაობაზე გერმანიის პრესა ავრცელებს ცნობას, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირს მმართველ წრეებთან დაახლოებულ პირს, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ბრიტანელები 50-ე მუხლს გამოიყენებდნენ. მისი აზრით, ორი წელიწადი შედარებით მცირე დროა ამგვარი პროცედურისთვის.

რას აპირებს კამერონი 2017 წლის მეორე ნახევარში, როცა მისმა ქვეყანამ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობა უნდა ჩაიბაროს, დაბეჯითებით არავინ იცის. სამშაბათს საღამოს ბრიტანეთის პრემიერი თავის კოლეგებს განუმარტავს, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი და შეიძლება იმაზეც ისაუბრონ, რატომ დასჭირდა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელს ღრმა შეშფოთების გამოხატვა რეფერენდუმის შემდეგ ბრიტანეთში უმცირესობების წარმომადგენლებსა და უცხოელებზე თავდასხმების გამო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG