Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გეგმას გამოაცხადებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოთხშაბათს საქვეყნოდ გამოაცხადებს იმ გეგმებს, რომელთა მიხედვითაც ავღანეთიდან ამერიკის ქვედანაყოფების გამოყვანა დაიწყება. სწორედ ამ საკითხის გამო ძლიერდება თეთრ სახლზე ზეწოლა ამერიკის კონგრესისა და საზოგადოების მხრიდან, რომელიც დაიღალა ავღანეთში აშშ-ის ჯარების 10-წლიანი ყოფნით.

ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება დამამთავრებელ ფაზაშია და დოკუმენტი არა მხოლოდ იმაზე იქნება ფოკუსირებული, თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს ავღანეთს ივლისის შემდეგ, არამედ ყოვლისმომცველი გეგმა პასუხს გასცემს შეკითხვასაც, თუ როგორ მოხდება ავღანეთისათვის უსაფრთხოებაზე სრული კონტროლის გადაცემა 2014 წლისათვის.
ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია იმ მდგომარეობამდე, როცა შეგვეძლება ადგილობრივ ძალებსა და კარზაის მთავრობას გადავაბაროთ სიტუაციაზე კონტროლი...

ჯარების გაყვანის თაობაზე მრავალგვარი მოსაზრება გასულ კვირაში ბარაკ ობამამ უშუალოდ გენერალ დევიდ პეტრეუსისაგან - ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს მთავარსარდლისაგან - მოისმინა, მას შემდეგ კი, რაც 22 ივნისს გეგმებს გამოამჟღავნებს, ის ფორტ დრამში განთავსებულ ამერიკის სამხედრო ნაწილებს ესტუმრება. ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ რაიონში მდებარე ამ სამხედრო ბაზაში უდევს ბინა მე-10 სამთო-ქვეით დივიზიას, რომლის მებრძოლებიც საბრძოლო ამოცანებს ასრულებენ ერაყსა და ავღანეთში.

ამერიკელ სამხედრო მეთაურებს სურთ, რომ ჯარები რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ავღანეთში, რასაც ასაბუთებენ იმით, რომ სწრაფმა გაყვანამ შესაძლოა გააუარესოს ის მყიფე უპირატესობა, რაც კოალიციის ჯარებს აქვთ მოპოვებული თალიბების რაზმებთან ბრძოლაში, მით უფრო, რომ ზაფხულის სეზონი ავღანეთში, ტრადიციულად, მეამბოხეთა მხრიდან ბრძოლების გააქტიურების სეზონად ითვლება.

როგორც სებასტინა გორკამ, ვაშინგტონში არსებული დემოკრატიების თავდაცვის ფონდის სამხედრო ანალიტიკოსმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, ჯარების სწრაფი გაყვანა ავღანეთიდან მით უფრო სარისკოა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ჯერჯერობით არანაირად არ არიან მზად თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე:
ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადებას, აღჭურვასა და მხარდაჭერას და ყოველმხრივ დავეხმარებით ავღანეთის მთავრობას...

„თუკი ჩვენ დავაკვირდებით იმ ტერიტორიების მოცულობის უბრალო სტატისტიკურ მონაცემებს, რომელზეც ვსაუბრობთ, და შევადარებთ კოალიციის ხელთ არსებულ ძალებს ჰამიდ კარზაის მთავრობის ხელთ არსებულ თუ პოტენციურ ძალებსა და საშუალებებს, ფაქტია, რომ ამისათვის პირობები არ არსებობს. ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია იმ მდგომარეობამდე, როცა შეგვეძლება ადგილობრივ ძალებსა და კარზაის მთავრობას გადავაბაროთ სიტუაციაზე კონტროლი და ავღანეთის სუვერენიტეტის მართვის საქმე.“

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი, რომელიც სულ მალე დატოვებს თანამდებობას, ასევე აცხადებს, რომ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა „მოზომილი“ უნდა იყოს. ივლისის დასაწყისში, როდესაც ქაბულში იმყოფებოდა, გეითსმა დაარწმუნა ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, რომ ამერიკის ჯარების გაყვანის პროცესში ავღანეთის მთავრობა ამბოხებულთა პირისპირ არ დარჩება:
რობერტ გეითსი

„ავღანეთის ხალხს უნდა ახსოვდეს ორი უმთავრესი რამ: პირველი, იმ დროის განმავლობაში, როცა აშშ და მისი მოკავშირეები ჯარებს გაიყვანენ, ჩვენ ვრჩებით დაკავშირებული ავღანეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობით. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადებას, აღჭურვას და მხარდაჭერას და ყოველმხრივ დავეხმარებით ავღანეთის მთავრობას მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მოკლედ, არ იქნება სიჩქარე გასვლის პროცესში.“

მაშინ, როცა ამერიკის სამხედრო სარდლობა მხარს უჭერს ავღანეთში მყოფი 100 000-კაციანი სამხედრო ქვედანაყოფების ეტაპობრივ შემცირებას, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სხვა მრჩევლები იმეორებენ, რომ პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი შემცირება უახლოეს თვეებში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული მრჩევლების ძირითადი არგუმენტები ისაა, რომ მოპოვებული მყარი წარმატებები ავღანეთში, რასაც ემატება ოსამა ბინ ლადენის მოკვლა და „ალ ყაიდის“ ტერორისტული ქსლის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, შესაძლებლობას აძლევს ბარაკ ობამას, რომ სამხედრო ძალის დიდი ნაწილი სამშობლოში წლის ბოლომდე დააბრუნოს. არმიული ქვედანაყოფების მნიშვნელოვანი შემცირებისაკენ მოუწოდებს ობამას 27 კონგრესმენი როგორც რეპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. ეს მოთხოვნა მათ გასულ კვირაში წერილობით გაუგზავნეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელიც 2009 წელს დაჰპირდა ამერიკელ მოქლაქეებს, რომ 2011 წლის ივლისიდან დაიწყებდა სამხედროების სამშობლოში დაბრუნებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG