Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი და მშვიდობა საერთაშორისო მედიის რაკურსში


სირია
სირია

მიმოხილვას დავიწყებთ, ანალიტიკურ პორტალ „სტრატფორ კომენტარში“ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული პუბლიკაციით, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სირიაში აუცილებელს ხდის ერაყისა და აშშ-ის ერთობლივ ძლევამოსილ იერიშს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მიერ კონტროლირებულ რამადიზე. „ერაყში ანტი-„ისლამური სახელმწიფოს“ კოალიციის სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა სტივ ვორენმა (Steve Warren) სამშაბათს განაცხადა, რომ ერაყის არმია მზად არის ბრძოლით დაიბრუნოს რამადი. მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ერაყის სამხედრო ძალებს სულ რაღაც 14 კილომეტრი აშორებთ ქალაქის გარეუბნისგან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეტევა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე გარდაუვალი ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს ერაყის მთავრობაზე, რათა არმიამ რაც შეიძლება მალე დაიკავოს ქალაქი. ბაღდადსა და ვაშინგტონს სურთ ძლევამოსილი გამარჯვება „ისლამურ სახელმწიფოზე“. ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მზარდი სამხედრო ჩარევის ფონზე, ვაშინგტონს წარმატების დემონსტრირება ესაჭიროება, ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალ აბადის მთავრობას კი მოსვენებას უკარგავს მზარდი საპროტესტო მოძრაობა, საბიუჯეტო დეფიციტი და კავშირების სრული მოშლა ერაყელ შიიტებს, არაბ სუნიტებსა და ქურთებს შორის“, - წერს ანალიტიკური პორტალი „სტრატფორ კომენტარი“.

„პუტინის ომი“ - ასე ეწოდება „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც, ერთი მხრივ, გაანალიზებულია იმ ომის მიზანი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს სირიაში საავიაციო და სარაკეტო იერიშების საშუალებით და, მეორე მხრივ, ნავარაუდევია მოვლენათა ისეთი განვითარება, რომ პუტინის ომი სირიაში გადაიქცეს რუსეთის წინააღმდეგ ომად და არა მხოლოდ სირიაში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაშიც.

გთავაზობთ ვრცელ ციტატას სტატიიდან: „ბატონმა პუტინმა გადაწყვიტა ასადის არმიის ნარჩენებს სირიის დაბრუნებაში დაეხმაროს საჰაერო ძალებისა და სარაკეტო ხომალდების მეშვეობით განხორციელებული იერიშებით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სირიის არმია დასუსტდა და დაიშალა, ცალკე დეზერტირობისა და ცალე ჯიჰადისტების სასტიკი იერიშების შედეგად. რუსეთი ასადის ძალებს ამარაგებს აღჭურვილობით, მაგრამ პოზიციებზე მყოფი ქვედანაყოფები ცუდად არიან მომზადებული და არ სურთ სამხედრო ნაწილების დატოვება. ევროპაში გაქცეულ მიგრანტთა უმრავლესობა სირიელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს. დაყრდნობა სირიის არმიაზე, რომელსაც მხოლოდ ასადის ღრმა ზურგის მახლობლად არსებული პოზიციების დაცვა შეუძლია, არ შეიძლება მაინცდამაინც საიმედო იყოს. ამასთან, რუსეთის სამხედრო გეგმებში ლიბანში მყოფი დაჯგუფება ჰიზბოლაჰის, შიიტი მებრძოლებისა და ირანის საექსპედიციო ძალების მხარდაჭერას გადაჭარბებული ადგილი უკავია. ეს პრობლემური ალიანსია, რაც დაღუპავს ბატონ პუტინს“, - წერს „ტაიმსი“ და განაგრძობს: „მუსლიმანი სასულიერო პირები მთელ სპარსეთის ყურეში მოუწოდებენ სუნიტებს, რომ არა უბრალოდ ჩაებან საღვთო ომში, არამედ იარაღი აიღონ რუსეთის წინააღმდეგ. ჯილდოებს ჰპირდებიან მათ, ვინც რუს ჯარისკაცებს შეიპყრობს. ჩრდილო კავკასია, რომელიც რუსეთის საავიაციო იერიშისაგან შორსაა, დიდი ალბათობით, ბატონი პუტინის ყურის ძირში მდებარე ბრძოლის ველად გადაიქცევა, ომის გამო ქვეყანაში გაჩენილი ენთუზიაზმი კი ყინულივით გადნება, როდესაც ოჯახებს მკვდარ ჯარისკაცებს დაუბრუნებს“, - წერს „ტაიმსი“ და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ, საკუთარ ძალებში პუტინის ზედმეტი თავდაჯერებულობის მიზეზით, რუსეთი ისევე ჩაეფლობა სირიის კონფლიქტში, როგორც ეს უკრაინაში მოხდა.

რაკი უკრაინა ვახსენეთ, აქვე გაგაცნობთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას რუსეთის საპატიმროში მყოფ უკრაინელ სამხედრო მფრინავ ქალ ნადია სავჩენკოზე, რომლის მიმართ წაყენებულ ბრალდებას რუსეთის როსტოვის სასამართლო განიხილავს. 34 წლის ლეიტენანტ ქალს ბრალად ედება მძიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენა - კერძოდ, ცეცხლის კორექტირება დონბასში მიმდინარე კონფლიქტის დროს, რასაც ორი რუსი ჟურნალისტის დაღუპვა მოჰყვა. გამოცემა შეგვახსენებს, რომ მფრინავი ქალი, რომელიც ერაყის ომის ვეტერანიცაა, კრემლის მომხრე სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე შეიპყრეს, ისევე როგორც ესტონეთის უშიშროების სამსახურის ოფიცერი ესტონ კოჰვერი დააკავეს გასულ წელს ესტონეთის ტერიტორიაზე რუსეთის უშიშროების აგენტებმა. კოჰვერი გასულ თვეში გაცვალეს რუს ჯაშუშში, რომელიც ორი ათეული წლის განმავლობაში აწვდიდა კრემლს საიდუმლო ინფორმაციებს.

„ორივე ამ შემთხვევის გამო მხოლოდ მცირე აღშფოთება გამოხატეს უკრაინისა და ესტონეთის დასავლელმა მოკავშირეებმა, ანდა რატომ უნდა გამოეხატათ უფრო მეტი, როდესაც აშშ-მა და ევროკავშირმა უკვე დართეს ნება ბატონ პუტინს კიდევ უფრო განემტკიცებინა თავისი მეზობელი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ანექსია?“- ირონიულად კითხულობს „უოლ სტრიტ ჯორნალი“ და ასკვნის, რომ ვიდრე დასავლეთი მზად არის დაეთანხმოს ბატონი პუტინის აგრესიულ ქმედებას, ასეთი - დიდი თუ მცირე - პროვოკაციები შემდგომშიც გაგრძელდება, ლატაკიიდან [სირიის ერთ-ერთი მთავარი პორტია. კ.ლ] ლუგანსკამდე“.

დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრშია მსოფლიოს კიდევ ერთი ცხელი წერტილი, ავღანეთი, სადაც, ქალაქ ყუნდუზის მცირე ხნით ხელში ჩაგდების შემდეგ, ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა 13 ოქტომბერს იერიში მიიტანა კიდევ ერთ პროვინციულ დედაქალაქზე, ღაზნიზე, რომელიც ქაბულიდან 130 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მართალია, თალიბანის შეტევა ავღანეთის ძალებმა მოიგერიეს, მაგრამ საკუთრივ თალიბანის ამ შეტევამ გაზარდა შიში, რომ ექსტრემისტული ჯგუფი პოზიციებს აძლიერებს და მისი გავლენა სცდება ქვეყნის სამხრეთის სოფლებს. „თალიბანი იმარჯვებს“ - ასე ჰქვია „ფორინ პოლისის“ სტატიას, რომელიც ბოლო თავდასხმამდე გამოქვეყნდა. პუბლიკაციის ავტორი ასიმ იუსუფზაი ამ აზრის გასამყარებლად რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: „1 ოქტომბერს, როდესაც ყუნდუზთან ბრძოლები გახურდა, ასობით ადამიანი შეიკრიბა ქაბულში, ქვეყნის პრეზიდენტის აშრაფ რანის გადადგომის მოთხოვნით. ისინი ქვეყნის ეროვნული ერთიანობის მთავრობას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ვეერ მოახერხა ამ იერიშის პრევენცია, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის განზრახვა ყუნდუზზე შეტევისა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ყოფილა ცნობილი. ყუნდუზზე იერიში მხოლოდ მოთელვაა თალიბანისათვის, რომელიც იმედოვნებს, რომ პანიკას დათესავს ქაბულში და გამოცდის წინაშე დააყენებს ვაშინგტონს, რომელსაც, მართალია, სურვილი არ აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც მოუწევს დამატებითი ძალების გაგზავნა კონფლიქტში, რომელიც მას დასრულებული ეგონა“, - აღნიშნავს „ფორინ პოლისში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG