Accessibility links

logo-print

ოთხოზორიას დედა ბრალდებულზე: მინდა დააკავონ, რათა მისი სიცოცხლე იყოს დაცული


ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი

ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების შუამდგომლობით. პროკურატურაზე დაყრდნობით, სააგენტო „აფსნიპრესმა“ 22 ივნის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაშიდ კანჯი ოღლის ბრალი წარდეგინა განზრახ მკვლელობის მუხლით და ის დათხოვნილია სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან. ამავე სააგენტოს ცნობით, საგამოძიებო ორგანოს იმედი აქვს, რომ ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს მიიღებს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე, რომელიც ივლისის დასაწყისში გალში გაიმართება.

აფხაზური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუგდიდში მცხოვრებმა გიგა ოთხოზორიას ოჯახმა ინტერნეტის საშუალებით შეიტყო. გარდაცვლილის დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მათთვის უფრო მეტი რამ ცნობილი არ არის.

ოჯახი მიიჩნევს, რომ გალის ხუთმხრივ შეხვედრაზე პირველ და უმთავრეს საკითხად ქართულმა მხარემ უნდა დააყენოს დე ფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული მტკიცებულებების გასაჯაროების საკითხი.

„6 ივლისს არის შეხვედრა და ამათი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს გასაჯაროება იმ მასალების, რაც არის იქეთა მხარეს. ვიდეოჩანაწერებს ვგულისხმობ. ვიდეოჩანაწერები როგორც ქართულ მხარეს აქვს, ასევე ვრცელდება ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ინფორმაცია ექნება მეორე მხარესაც. ეს უნდა გასაჯაროვდეს. მტკიცებულებებს ვგულისხმობ, რომლებიც ნათელს მოჰფენს ამ კონფლიქტის მიზეზებს. იქ გამოიკვეთება ყველაფერი, იქნებ ჩემი შვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს, იქნებ ეს იყოს დამნაშავე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ.

მისი თქმით, მისი შვილის მკვლელობის მიზეზებზე რაიმე სხვა ვერსია, გარდა იმისა, რაც გავრცელდა მედიასაშუალებებით, ოჯახს არ აქვს. იციან მხოლოდ ის, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. გარდაცვლილის დედის სიტყვებით, დაზუსტებით იცის მხოლოდ ის, რომ რაშიდ კანჯი ოღლი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

„მე მინდა, რომ ის პიროვნება დააკავონ, რათა მისი სიცოცხლე იყოს დაცული, იმიტომ რომ შეშინებული ადამიანი შეიძლება სხვა ქართველის მკვლელიც გახდეს. ის უკვე არის შეშინებული და ყოველ ადამიანში თავის მკვლელს ხედავს, ამიტომ ეს ცოდვა კიდევ აქეთა მხარეს არ მინდა, რომ დაბრალდეს. ის უნდა გასამართლდეს“, - ამბობს ჯულიეტა ჭანტურია.

მკვლელობაში ბრალდებულის სიცოცხლის უსაფრთხოებისათვის მისი დაკავების აუცილებლობაზე ლაპარაკობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც. გიორგი მღებრიშვილმა დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის 22 ივნისის განცხადება, რომ მან მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა:

„ამის შესახებ პრემიერმაც ისაუბრა, მოუწოდა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას, რომ მიიღონ ყველანაირი ზომები, რომ ის დაპატიმრებული იყოს. მე ვფიქრობ, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა მისივე უსაფრთხოებისთვის უკეთესია. არის ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მოხდეს მისი ლიკვიდაცია და ამან გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია კონფლიქტურ ზონაში“, -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს რამდენიმე გასროლით მოკლეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში. მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება მაშინვე მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ. ეს საკითხი განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 36-ე რაუნდზე, რომელიც 15 ივნისს გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისის დელეგაციამ მოლაპარაკების მონაწილეებს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია მკვლელობის საქმეზე და კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG