Accessibility links

logo-print

რუსეთის მოქალაქეები „მაიდნის სცენარის“ აღსაკვეთად პატრულირებენ


კიევის მაიდანი

კიევის მაიდანი

თუკი ვინმე მაიდნის სცენარის რუსეთში ჩატანას გეგმავს, ფრთხილად იყავით - მოქალაქეთა პატრულმა უკვე დაგასწროთ და არ მოგცემთ ამის საშუალებას.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში იქმნება მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მთავრობას უნდა დაეხმარონ რეჟიმის შეცვლის მცდელობებთან ბრძოლაში.

როგორც იუწყებიან, „ანტიმაიდნის“ მოხალისეთა ჯგუფებში 10-10 წევრი იქნება და ყველა ჯგუფს ერთი ხელმძღვანელი ეყოლება.

მოხალისეთა ჯგუფებს აყალიბებს ახლად შექმნილი ანტიმაიდნის საბჭო - უწყება, რომელიც აერთიანებს რუსეთის არმიისა და სპეცრაზმთა ვეტერანებს, აქტივისტებს და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს.

რუსეთის ყოველდღიური გამოცემა „იზვესტიას“ თანახმად, მოხალისეთა ჯგუფები პატრულირებას მიმდინარე თვეში დაიწყებენ.

გამოცემა წერს, რომ მოხალისეთა ქმედებები „უშუალოდ კოორდინირებული“ იქნება სამართალდამცავ სააგენტოებთან და ამის დასტურად ორგანიზატორთა მიერ პროვინციათა გუბერნატორებთან გაგზავნილი წერილიდან მოაქვს ამონარიდები.

კერძოდ, გამოცემას მოაქვს საბჭოს ხელმძღვანელის, ევგენი შაბაევის სიტყვები, რომ მოხალისეთა ჯგუფების პატრულირება, პირველ რიგში, დაიწყება უკრაინასთან მოსაზღვრე და ცენტრალურ რეგიონებში.

შემდეგი ნაბიჯი კი მათი „მთელი ქვეყნის მასშტაბით“ გავრცელება იქნებაო, - აცხადებს შაბაევი.

მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ, რა დაევალებათ მოხალისეებს.

ანტიმაიდნის საბჭოს დამაარსებლები გასულ თვეში აცხადებდნენ, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება რუსეთის ხალხს დასავლური პროპაგანდის მეთოდები გააცნოს, რომელიც, მათი აზრით, მიზნად კონსტიტუციური წყობის დარღვევას და მთავრობის დამხობას ისახავს.

საბჭოს განცხადებით, ანტისამთავრობო აქტივისტები გეგმავენ ქუჩის აქციების გამართვას და სხვა ნაბიჯებს, რათა სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ 14 სექტემბერს დანიშნული რეგიონალური და ადგილობრივი არჩევნების წინ.

საბჭო აცხადებს, რომ აპირებს ალტერნატიული აქციებისა და ღონისძიებების მოწყობას, რათა რუსეთის სახელმწიფო ინტერესები დაიცვას.

საბჭოს წევრებს შორის არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ვეტერანთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის მართლმადიდებელი მოქალაქეების გაერთიანების ლიდერი, სამხრეთელი კაზაკების ორგანიზაციის წევრი, ერთი დეპუტატი და „ღამის მგლების“ სახელით ცნობილი მოტოციკლეტისტთა კლუბის წარმომადგენელი.

„იზვესტია“ წერს, რომ საბჭოს მოხალისე ჯგუფების შექმნამ რუსეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მათ შორის, ანალიტიკოსთა რიგებში.

გამოცემას მოაქვს მოსკოვში განთავსებული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვლადიმირ ლეპეხინის სიტყვები, რომ ამგვარი ჯგუფების შექმნა საჭირო და დროული იყო.

ლეპეხინის აზრით, პოლიტიკური სივრცის მონიტორინგით და ალტერნატიული აქციების მოწყობით მოხალისეები „უფრო ეფექტიანს გახდიან სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას“.

თუმცა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრს იგორ მოროზოვს გამოცემისთვის უთქვამს, ამ ინიციატივას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს, საზოგადოებაში უკმაყოფილების პროვოცირების გამოო.

მოროზოვი ფიქრობს, რომ არ არსებობს საგანგებო ანტიმაიდნის ჯგუფების შექმნის საჭიროება, რადგან რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა მაიდანს ისედაც უარყოფითად უყურებს. „უკრაინის სცენარის რუსეთში გამეორება გამორიცხულიაო“, - უთქვამს „იზვესტიასთვის“ მოროზოვს.

XS
SM
MD
LG