Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კრიზისი და პოლიტოლოგების დიალოგი


დისკუსია დროდადრო კამათში გადადიოდა, კამათს შელაპარაკებაც მოსდევდა, მაგრამ კორექტულობის ფარგლებს არ გასცილებია. საქართველოში ჯერ უკრაინელი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. შეხვდნენ ქართველ პოლიტოლოგებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოიარეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლები. მავთულხლართებთან ჩაილაპარაკეს, როგორ არ გვინდა დონეცკთან ეს სურათი ვნახოთო. უკრაინელ ექსპერტებს რამდენიმე დღეში რუსეთიდან ჩამოსული პოლიტოლოგები შეხვდნენ. თბილისში, „კავკასიურ სახლში“, უკრაინის, რუსეთის, საქართველოსა და ევროპის ექსპერტების ჯგუფი შეიკრიბა და ყველა ერთად, 35 კაცი, ყვარლისკენ გაემართა. ყვარელში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია თემაზე „უკრაინა - კრიზისიდან გამოსავალი დიალოგის გზით“. რეპორტაჟის დასაწყისში ნახსენები კამათი ამ დისკუსიას თან ახლდა. ის, რაც რუსი პოლიტოლოგებისთვის უკრაინის სამოქალაქო ომია, უკრაინელი ექსპერტებისთვის რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციას ნიშნავს. მხარეებს რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. რუსი ექსპერტები ხშირად ახსენებდნენ დონბასის სტატუსს და მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას იშველიებდნენ, რომელიც, მათი აზრით, ჩაშლის პირასაა. შეთანხმების ჩაშლის ნაწილში მათ უკრაინელი კოლეგებიც ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთი ცდილობს მინსკის შეთანხმება ჩაშალოს და საბრძოლო მოქმედებები განაახლოს. უკრაინის პოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ანატოლი ოკტისიუკი ამბობს, რომ რუსეთის პოლიტოლოგები ძირითადად კრემლის პოზიციებს ახმოვანებენ. მისი აზრით, მიუხედავად დაძაბული დისკუსიისა, საექსპერტო ჯგუფებს შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ჯეიმს შერი დიდი ხანია რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს სწავლობს. მისი აზრით, რუსეთმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოახდინა ჯერ ყირიმის ანექსია, შემდეგ კი დონბასის ოკუპაცია დაიწყო. მისი თქმით, ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, საკმარისი არ არის, თუმცა ორი წლის შემდეგ რუსეთი ამ სანქციების ძალას იგრძნობს. შერი მიიჩნევს, რომ ევროპამ უკრაინის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს და ამით რუსეთის საპირწონე შექმნას. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება კრემლის შეჩერება შესაძლებელი.

პოლიტოლოგების ფორუმი თემატურად ძალიან დატვირთული იყო. ყველა მხარემ წარმოადგინა მოხსენებები, რომლებსაც კითხვა-პასუხი და დისკუსია მოსდევდა. „რუსეთ-უკრაინის კრიზისი და საზოგადოების განწყობა მოსკოვსა და კიევში“, „რუსეთ-უკრაინის მომავალი ურთიერთობების განვითარების შესაძლო სცენარი“, „ვითარება დონბასის რეგიონში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ჩართვის შესაძლებლობა“, „მინსკის სამშვიდობო შეთანხმება და გამოწვევები“, „არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების ხედვა დონეცკისა და ლუგანსკის მომავალთან დაკავშირებით“, „სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება დონბასში“ - ამ თემებზე მხარეების წარმომადგენლები დიდხანს მსჯელობდნენ. რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „კრეატიული დიპლომატიის“ პრეზიდენტი ნატალია ბურლინოვა ამბობს, რომ აუცილებელია ემოციების გვერდით გადადება და პრაგმატული საუბრის დაწყება. მისი აზრით, ექსპერტების დიალოგი უნდა გაგრძელდეს და შეხების წერტილები უნდა მოიძებნოს.

ქართველი პოლიტოლოგები ყურადღებით აკვირდებოდნენ რუსი და უკრაინელი ექსპერტების დიალოგს, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ და რუსეთ-საქართველოს რთულ ურთიერთობებზე საუბრობდნენ. მათი აზრით, დღეს უკრაინაში არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიისა და ევროპის რიგი ქვეყნების ბედიც წყდება. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ უკრაინელები, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამ ფორუმზე უფრო მომზადებულები ჩამოვიდნენ.

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი ფიქრობს, რომ ასეთი შეხვედრების ფორმატში უკრაინელებმა ძნელად, მაგრამ შეძლეს ემოციებისგან გათავისუფლება და დიალოგს უფრო რაციონალურად წარმართავენ, რაც ქართველებისთვის გაკვეთილი უნდა გახდეს.

პროექტს „უკრაინა - კრიზისიდან გამოსავალი დიალოგის გზით“ საქართველოში „კავკასიური სახლი“ მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტთან პარტნიორობით ახორციელებს. ეს პროექტი 2014 წლიდან ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.

XS
SM
MD
LG