Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 13 სექტემბერი


„ვერსია“ თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს. თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, „ვერსიის“ კორესპონდენტი ირაკლი ალასანიას ქვეყნის საგარეო კურსზეც უსვამს კითხვას, კერძოდ, ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესვლის პერსპექტივაზე. „გუნდის შიგნით, მთავრობაში ამაზე საუბარი არასოდეს ყოფილა და ეს არც პრემიერის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა; ეს საკითხი არ განიხილება, რადგან ჩვენს ევროატლანტიკურ პოზიციასთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება - საქართველო პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს!“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. „ვერსია“ ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლისა და საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის ალბათობაზეც ეკითხება. ალასანია პასუხობს, რომ ახლა მისი ამბიციაა კარგად შეასრულოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახული ორწლიანი გეგმა, „შემდეგ დრო გვიჩვენებსო“. ორი წლის შემდეგ ოპოზიციაში გადასვლაზე „საუბარი არ არის, თუმცა ერთს გეტყვით - რაც უნდა გადავწყვიტო, ამას ჩემი პარტიის სრული შემადგენლობა დაემორჩილება, რადგან ერთმანეთთან მედროვეობა კი არა, ღირებულებები გვაკავშირებს“, - ეუბნება ირაკლი ალასანია „ვერსიას“.

„ნინო ბურჯანაძეს ამ ეტაპზე პრეზიდენტობა არც სურს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობით მას მხოლოდ იმის ხაზგასმა უნდა, რომ პრორუსული ძალები ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება“, - ეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია. „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის არჩევნების სავარაუდო შედეგზეც ლაპარაკობს: „დიახ, მარგველაშვილი მხოლოდ მცირე ხნით იქნება პრეზიდენტი. შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და პარლამენტში, ნინო ბურჯანაძის პარტიის სახით, პრორუსული ძალები შევა“.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსს“ ეუბნება, რომ „რეალურად მეორე ტურის ალბათობა ჩანს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების პროცესში დაუშვებელი ხერხები გამოყენებული არ იქნება“. სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე მეორე ადგილს ვერ დაიკავებს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარს დაუჭერს“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

„ახალი თაობის“ კორესპონდენტი პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ხარატიშვილს ესაუბრა. ხარატიშვილი აცხადებს, რომ ვითარების გაანალიზების შემდეგ მისთვის „თვალნათლივ გამოიკვეთა იმის საჭიროება, რომ შექმნილიყო ზომიერი პოლიტიკური ძალების კონცენტრაცია“. „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზურაბ ხარატიშვილი ირწმუნება, რომ „ახალი პოლიტიკური ცენტრი სრულიად დამოუკიდებლად შეეცდება მოიპოვოს გავლენა პოლიტიკურ სპექტრში“.

„ალია“ 12 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მიერ სამშობიარო სახლების თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე წერს. ამ შეხვედრაზე საკეისრო კვეთის გახშირების საკითხზე მსჯელობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს „ალიასთვის“ განუცხადებია: „საკეისრო კვეთა საერთაშორისო სტანდარტებით გაკეთდება ამიერიდან, ეს უკვე ჩვენი სამედიცინო საზოგადოებისთვისაც გაწერილი პროტოკოლით მოხდებაო“. დავით სერგეენკოს „ალიას“ ჟურნალისტი საკეისრო კვეთების გახშირებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ურთიერთმიმართებაზეც ეკითხება. სერგეენკო პასუხობს: „მას შემდეგ, რაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი, რაც მშობიარობის დაფინანსებას გულისხმობდა, დავიწყეთ მონიტორინგი სამშობიაროებში - თუ რა პროცენტი იყო საკეისრო კვეთების. გამოიკვეთა სურათი, რომ დასაწყისიდან ეს რიცხვი იყო მაღალი, 60%-მდე. ახლა კი ეს არის 38%. ანუ საყოველთაო ჯანდაცვამ ნათელი სურათი დახატა, რა ხდებოდა ამ მხრივ და მოგვცა მისი რეგულირების საშუალება“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG