Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად კანონიერია საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ფორმა


რამდენიმე დღეა, საქართველოს მოქალაქეები მობილურ ტელეფონებზე იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელთა საშუალებითაც კავშირგაბმულობის მობილური ოპერატორები თავიანთ აბონენტებს ატყობინებენ, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაასრულა ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი. შეტყობინებას თან ახლავს უარის თქმის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს მსგავსი ტიპის შეტყობინებების შეწყვეტა, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უკვე დაიწყო იმის გარკვევა, თუ რამდენად კანონიერად მოიპოვებენ და იყენებენ მოაქალაქეთა პირად მონაცემებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

„გაცნობებთ, რომ ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირის მიმდებარედ დასრულდა გაზონებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა. წარმატებულ დღეს გისურვებთ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი“ - ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება ჩემთან ერთად რუსთავში მცხოვრებმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო. მსგავსი შინაარსის შეტყობინებები მიუვიდათ ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისის, ხაშურის, წყალტუბოს, მარტვილის, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ქედის, ფოთის, სენაკის და ახალციხის მცხოვრებლებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, მალხაზ ჭკადუას, თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტმა აირჩია, სავსებით მისაღებია, თუმცა ეჭვს აჩენს, ადგილობრივი ხელისუფლების გააქტიურება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

„თანმიმდევრულები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ არ გაგვიჩნდებოდა კითხვები საარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებით, არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ორი კვირაა დარჩენილი და ერთ მშვენიერ დღეს ოცამდე მუნიციპალიტეტი ერთდროულად იღებს გადაწყვეტილებას, რომ sms-ები გააგზავნოს, გვაფიქრებინებს, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებული და ეს არის ერთგვარი PR-სტრატეგიის ნაწილი, რაც მოდის ხელისუფლების მხრიდან. ნამდვილად არ ვიცი, რამდენად ცენტრალიზებულია ეს პროცესი, რადგანაც ამ ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული“, უთხრა მალხაზ ჭკადუამ რადიო თავისუფლებას.

არანაირი ბაზა არ გვაქვს. წლის დასაწყისში ტენდერის შემდეგ გავაფორმეთ ხელშეკრულება „მაგთისთან“ და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული იყო sms მომსახურება. უბრალოდ, ახლა დავიწყეთ და ბოლო სამი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას...
თამარ აქუბარდია

მალხაზ ჭკადუას თქმით, ასევე კითხვებს ბადებს თავად ამ შეტყობინების მიმღებთა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობაც, რადგანაც მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები. მოკლე ტექსტური შეტყობინებების ადრესატთა ერთმა ნაწილმა საჩივრებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს, რომელმაც რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას შეტყობინებების გამომგზავნი ორგანიზაციებიდან, რათა დადგინდეს მონაცემთა მოპოვების წყარო, მონაცემთა მოცულობა და განხორციელებული ქმედების კანონიერება:

„ვაგროვებთ ინფორმაციას, ვის მიერ ხორციელდება სარეკლამო თუ არასარეკლამო შინაარსის შეტყობინებების დაგზავნა და მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა მივიღოთ, ასეთია: საიდან მოიპოვეს ტელეფონის ნომრები“.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში კი აცხადებენ, რომ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, როგორც საზოგადოებსთან ურთიერთობის ფორმას, ადრეც იყენებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ მოცემულ პერიოდს დაემთხვა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, შეტყობინებების ნაკადი შესამჩნევი გახდა. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებზე წვდომას, ამასთან დაკავშირებით რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ აქუბარდიამ განაცხადა:

„არანაირი ბაზა არ გვაქვს. წლის დასაწყისში ტენდერის შემდეგ გავაფორმეთ ხელშეკრულება „მაგთისთან“ და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული იყო sms მომსახურება. უბრალოდ, ახლა დავიწყეთ და ბოლო სამი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას. მაგალითად, იყო განცხადება რომელიმე ეზოში სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ არანაირი ბაზა არ გვაქვს. უბრალოდ, ტექსტს ვაწვდით ოპერატორ კომპანიას, „მაგთის“, და ის აგზავნის შეტყობინებებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ აქუბარდიამ, რომლის თქმითაც, რუსთავის მერიას შეტყობინებების გასაგზავნად ბიუჯეტიდან დამატებით თანხები არ დაუხარჯავს.

თუმცა, როგორც უნდა იყოს, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, არ გამოიყენონ მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების პირადი მონაცემები იმგვარად, რომ ამან გააჩინოს ეჭვები საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პერსონალური მონაცემების დაუცველობასთან დაკავშირებით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG