Accessibility links

logo-print

„ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“ - ამ საკითხზე იმსჯელეს ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა“ და „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წევრებმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. მსჯელობის მთავარი თემები ზიანის შემცირება, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება და ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა“ და „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში კვლავ დასჯაზეა ორიენტირებულიო, მიიჩნევენ ორგანიზატორები, ხოლო, მეორე მხრივ, მწირია სახელმწიფოს ინვესტიცია ჯანდაცვის სფეროში მკურნალობის, რეაბილიტაციის, ზიანის შემცირებისა თუ რესოციალიზაციაზე მიმართული პროგრამებისთვის.

ნარკოპოლიტიკის ოთხი სვეტი, რომელიც არის განათლება, ზიანის შემცირების პროგრამები, სამართლებრივი ჩარჩოები და ჩარჩოები, უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანურ პრინციპებს, ადამიანის უფლებების დაცვას და ჩვენი რესურსებისა და ძალისხმევის დიდი წილი უნდა გადავიმასამართოთ სწორედ ჯანდაცვაზე...

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელმა კოკა ლაბარტყავამ აღნიშნა, რომ „ევროპისკენ მიმავალი გზა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე გადის“, ამიტომაც, მისი აზრით, საქართველომ დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს:

„ნარკოპოლიტიკის ოთხი სვეტი, რომელიც არის განათლება, ზიანის შემცირების პროგრამები, სამართლებრივი ჩარჩოები და ჩარჩოები, უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანურ პრინციპებს, ადამიანის უფლებების დაცვას და ჩვენი რესურსებისა და ძალისხმევის დიდი წილი უნდა გადავიმასამართოთ სწორედ ჯანდაცვაზე, რომელიც ამ სვეტებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ნარკოპოლიტიკისა“.

კოკა ლაბარტყავა ამბობს, რომ, მართალია, სახელმწიფოს ამ მხრივ პროგრესი აქვს, მაგრამ ის ცვლილებები, რომლებიც ნარკოპოლიტიკის კუთხით სახელმწიფოში მოხდა, ჯერჯერობით არასაკმარისია. მან ისაუბრა იმაზეც, რომ ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადამიანების დასჯას კარგი შედეგი არ მოაქვს და, პირიქით, პრობლემა უფრო მწვავდება.

პრობლემაა რეაბილიტაციის პროგრამებშიც. ერთ-ერთი ასეთი მეტადონის პროგრამაა. როგორც ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, ამ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს პრეპარატის მისაღებად, გამონაკლისის გარეშე, ყოველდღე უწევთ ნარკოლოგიურ ცენტრებში სიარული:

ზურაბ სიხარულიძე

ზურაბ სიხარულიძე

„ეს პროგრამა ზუსტად იმისთვისაა, რომ ადამიანმა მუშაობა დაიწყოს, მისი რესოციალიზაცია მოხდეს და თუ ჩვენ მას ავუკრძალეთ მუშაობა, დასვენების დღეებში ოჯახთან ყოფნა და ა.შ., ეს ძალიან რთული იქნება“.

ამ თემაზე მსჯელობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ზოგ შემთხვევაში პრეპარატის საჭირო რაოდენობის სახლში წაღება უნდა შეეძლოთ.

მეტადონის ჩანაცვლების პროგრამის ერთ-ერთი დამფინანსებელი თბილისის მუნიციპალიტეტია, ანუ მერია და საკრებულო. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმული ამ საკითხის გადაწყვეტას ღრმად ჩახედვა სჭირდება:

„ესენი [არასამთავრობოები] პროფესიონალები არიან, ჩახედულები არიან. ამას მსჯელობა სჭირდება. ორივე მხარეს აქვს არგუმენტები საქართველოს მაგალითზე. მესმის, ადვილია სათქმელად, რომ მთელ მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროში ასეა, მაგრამ შეიძლება არის არგუმენტები, რატომ არ უნდა იყოს ასე და ეს უნდა გაანალიზდეს“.

ორგანიზატორებმა 11 ნოემბერს გამართულ მსჯელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომოადგენლებიც მოიწვიეს, თუმცა ისინი შეხვედრას არ დაესწრნენ. „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ და „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ მსგავსი შეხვედრების გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ და მათი მიზანი სახელისუფლებო სტრუქტურებს, არასამთავრობო სექტორსა და თემის წარმომადგენლებს შორის დიალოგის წამოწყებაა, რათა ნარკოპოლიტიკასა და ჯანდაცვის სფეროში პრობლემები გამოვლინდეს, გადაიჭრას და სამომავლო თანამშრომლობა შედგეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG