Accessibility links

2016 წლის იანვარში საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ გასული ათი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, იუწყება „ინტერფაქსი“, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. თბილისიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, სააგენტო აღნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 44 200 რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რაც 10 პროცენტით მეტია, გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ინფორმაციის თანახმად, რუსეთი, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის შემდეგ, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით მეოთხე ადგილს იკავებს.

თავის მხრივ კი, რუსეთში შრომითი მიგრაციის შემცირების გამო, რუსეთიდან დსთ-ს ქვეყნებში სატელეფონო კომუნიკაციის შემცირების შესახებ სტატიას აქვეყნებს „ვედომოსტი“. სტატიის თანახმად, სატელეფონო ზარები ყველაზე მეტად - დაახლოებით, სამჯერ და ოთხჯერ - შემცირებულია უკრაინასა და ყირგიზეთთან. დაახლოებით, ორჯერ შემცირდა სატელეფონო საუბრების ხანგრძლივობა უზბეკეთთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან, აზერბაიჯანსა და ბელორუსიასთან.

რუსული მედიის ყურადღების ცენტრში რჩება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების თაობაზე. გაზეთ „როსიისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იგი ამბობს, რომ გამოძიების მსვლელობისას სასამართლომ ქართველი სამხედროების მიერ ოსი ხალხის წამებაზე თვალი დახუჭა. გაზეთთან ინტერვიუში ბასტრიკინი აღნიშნავს, რომ მას ძალიან სურს დარწმუნებული იყოს სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების ობიექტურობაში, მაგრამ, მთელი რიგი ფაქტების გამო, ეს უჭირს. თავის მხრივ, ალექსანდრ ბასტრიკინი გაზეთს ეუბნება, რომ რუსული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული იყო უპრეცედენტო სამუშაო, რის შედეგადაც დაზარალებულად მიჩნეული იქნა 6 ათასი ადამიანი, მათ შორის, რუსული სამშვიდობო კონტინგენტის 270 მოსამსახურე, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ბასტრიკინი ამბობს, რომ საქმე 500 ტომს მოიცავს.

გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“ კი, თავის მხრივ, იუწყება, რომ რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სასამართლოს გამოძიებაში იმის გამო, რომ რატიფიცირებული არ აქვს რომის სტატუტი. ამავე გაზეთში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით„ქართველი სამშვიდობოები კვლავ დაადანაშაულეს სექსუალურ ძალადობაში“. ეს მეორე ბრალდებაა ქართველი ცისფერჩაფხუტიანების მიმართ, ვკითხულობთ სტატიაში. „ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგის დევნილთა ბანაკის მკვიდრმა არასრულწლოვანმა გოგონებმა პრეტენზიები გაეროს სამოქალაქო მისიის თანამშრომლებთან გამოთქვეს. ასე მოხდა პირველ შემთხვევაშიც, თუმცა გამოძიების პროცესში სწრაფად გაირკვა, რომ საქმე შეეხებოდა დამცირებას, რომელიც გოგონებზე განხორციელდა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე, როდესაც ქართული შენაერთები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არ იმყოფებოდნენ. ახლა კი ვითარება შეცვლილია“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც გამოთქმულია აზრი, რომ თუ სექსსკანდალში ქართველი სამშვიდობოების მონაწილეობა დადასტურდა, დამნაშავეები დაისჯებიან, თუ არ დადასტურდა, მაშინ ქართველი ჯარისკაცების რეპუტაციის აღსადგენად გაეროს წარმომადგენლებს სპეციალური განცხადების გაკეთება მოუწევთ.

გაზეთ „კომერსანტის“ სტატიაში „საქართველომ პანკისის ხეობაში ტერორისტები ვერ აღმოაჩინა“ ვკითხულობთ, რომ ხეობაში, ჩეჩნეთის საზღვართან, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები ზედმიწევნით აკონტროლებენ ვითარებას და რომ იქ რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მოსამზადებელი არანაირი ბაზა არ არის. გაზეთის თანახმად, ამ განცხადებებით საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ამასწინანდელ განცხადებას ეხმაურება. გაზეთის შეფასებით, ამავე განცხადების უსაფუძვლობის დადასტურებას ემსახურებოდა გასულ უქმეებზე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს ელჩების ვიზიტი ხეობაში.

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების თემას უკავშირდება „კომერსანტის“ კიდევ ერთი სტატია, „ევროპის ცალხელა საფრთხე“. სტატია შეეხება ახმედ ჩატაევს, რომელიც, რუსული სპეცსამსახურების თანახმად, რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მთავარი მიმწოდებელია რუსეთსა და ევროპაში. ცალხელა ამზადებს ტერაქტების შემსრულებლებს არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპის სახელმწიფოებშიც, ვკითხულობთ სტატიაში, რომლის თანახმადაც, ახმედ ჩატაევი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ იერარქიაში სერიოზულ თანამდებობას იკავებს. საქართველოში პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იგი გადავიდა სირიაში და ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ რუსეთის სექტორს კურირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG