Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 25 სექტემბერი


რუსეთში გამომავალი გაზეთების დიდი ნაწილი აქტიურად ეხმიანება საქართველოს ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. იბეჭდება როგორც რეპორტაჟები, ასევე ანალიტიკური წერილები. თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომლის მიერ გავრცელებული განცხადება „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა. რუსეთის საგარეო უწყებამ კატეგორიულად გამორიცხა ოფიციალური მოსკოვის რამენაირი კავშირი საქართველოში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებთან. ციტატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებიდან: „მოსკოვის გავლენაზე საუბარი სასაცილოდ ჟღერს, რადგანაც ის არაინაირი ფაქტებით არ არის გამაგრებული.“ გრიგორი კარასინის თქმით, ასევე უსაფუძვლოა საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება რუსეთის საზღვრის მახლობლად მიმდინარე სამხედრო სწავლების გამო.

რუსეთის საგარეო უწყების კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს გაზეთი „კომერსანტი“. ლაპარაკია მიმართვაზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში რწმუნებულმა კონსტანტინ დოლგოვმა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტს გაუგზავნა. მიმართვაში ვკითხულობთ: „ამოვდივართ იქიდან, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი წამების ფაქტები გახდება მიუკერძოებელი და დეტალური გამოძიების საგანი, ხოლო დამნაშავეები დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ.“

გაზეთი „კომერსანტი“ თბილისში მიმდინარე მოვლენებს ვრცელი სტატიითაც გამოეხმაურა. ჟურნალისტი ოლგა ალიონოვა წერს საზოგადოების მღელვარების შესახებ, რომელიც პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებამ გამოიწვია. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, პატიმრების წამება სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს ამბავი საქვეყნოდ არ გააქვთ. სტატიის მიხედვით, პატრიარქის ეს განცხადება ოპოზიციამ ხელისუფლების მხარდაჭერად მიიღო და დაწყანარების ნაცვლად მხარდამჭერებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. სტატია, რომლის სათაურია „საქართველოს ოპოზიციამ პატრიაქს არ დაუჯერა“, მთავრდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის განმარტებით: „ამ საშინელმა ვიდეოკადრებმა სერიოზული დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ 50 პროცენტზე მეტ ხმას მაინც მივიღებთ, რადგანაც ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა დამნაშავეთა დასასჯელად: ორი მინისტრი გადადგა, პენიტენციური სისტემის 11 თანამშრომელი დააპატიმრეს, ხოლო ომბუდსმენი სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნეს. ძნელი სათქმელია, სხვა რომელ ქვეყანაში იმოქმედებდნენ ამაზე ოპერატიულად და ადეკვატურად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს გუნდი, ოპოზიციას კი -არა“. ოლგა ალიონოვა სტატიას ამთავრებს საქართველოს ომბუდსმენის ყოფილი მოადგილის სოფიო ხორგუანის სიტყვებით: „ეს სისტემის კრახია! იმის შემხედვარე, თუ როგორ აწამებენ პატიმრებს ციხეებში, საზოგადოებამ დაასკვნა: ახალი საქართველოს შიგთავსი კვლავ ძველი დარჩა“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG