Accessibility links

logo-print

ბრძოლა „რუსთავი 2“-ისთვის, ახალი ფარული აუდიოჩანაწერების ფონზე


ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერის მხარდამჭერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან

ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერის მხარდამჭერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან

მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის უკრაინულ საიტზე uarevo.in.ua ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ „რუსთავი 2“-ის დირექტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი 30 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმეების სახით დაკითხეს. საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით ჯერ კიდევ 24 ოქტომბრიდანაა აღძრული, თუმცა ახალი აუდიოჩანაწერების გამოჩენის შემდეგ საქმეს ახალი გარემოებები დაემატა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ტელევიზიამ რევოლუციური გზით უნდა დაიცვას თავი და შენობასთან ბარიკადები უნდა აღიმართოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და მთელი პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა. ამ ფონზე, ჯერ უცნობია „რუსთავი 2“-ის სასამართლოს საბოლოო შედეგი, რადგან სხდომა 2 ნოემბრისათვის გადაიდო.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად ამორალურია მათი მიდგომა პოლიტიკის, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ“ - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე წინადღით გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რომლებშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის დირექტორს ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, ტელევიზიასთან ბარიკადების აღმართვისაკენ მოუწოდებს და პრობლემის გადაჭრას რევოლუციური გზით სთავაზობს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურები და პოლიცია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ ყველა მოქალაქის სიცოცხლე იყოს დაცული:

„მოგიწოდებთ ყველას შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა შევეცადოთ დავდგეთ ამ ყველაფერზე მაღლა და, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, არ დავუშვათ არანაირი არეულობა. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საქმეს ბოლომდე, აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას. ასევე მოგიწოდებთ ყველას, რომ მისცეთ სასამართლოს და მოსამართლეს შესაძლებლობა, რომ მიიღონ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე. მე ასევე მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას: კარგად დაფიქრდით, არავინ გამოგიყენოთ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და არ აღმოჩნდეთ პროვოკაციის თანამონაწილენი“.

30 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამაც გამართა და თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკვე მიმართაუკრაინის შესაბამის სამსახურებს. იზორიას თქმით, გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობასა და ნამდვილობას გამოძიება დაადგენს. დაკითხავენ საქმეში ჩართულ ყველა საჭირო პირს:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 24 ოქტომბერს უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე ჩატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით“.

„რუსთავი 2“ არანაირ რევოლუციურ სცენარზე არ ფიქრობს“, - განაცხადა არხის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს. მან ტელეკომპანიის ჟურნალისტების სახელით თქვა, რომ ისინი თავად დაიცავენ თავს, თუმცა ხალხს ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეკრებისაკენ აღარ მოუწოდებენ, რადგან მათ უსაფრთხოებაზე ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას:

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი ინტერესი - თავისუფლად მაუწყებლობა. ჩვენ გვინდა პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ამას ჩვენ მივიჩნევთ სამართლიანად, სწორად და საჭიროდ. დღეიდან ჩვენ თვითონ დავიცავთ კომპანიას, მაგრამ ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე, რადგან არ გვაქვს ამის კომპეტენცია. არ მოვუწოდებთ არავის შევიკრიბოთ და დაიცვათ „რუსთავი 2“, მიუხედავადა იმისა, რომ ამას ვაკეთებდით ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა დღეს მოვლენები სხვაგვარად შეიცვალა და ამ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვეღარ ავიღებთ“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის შინაარსის ნამდვილობა არ უარუყვიათ. საუბრის ჩანაწერი 29 ოქტომბერს უკრაინულმა გამოცემა uareview.in.ua-მ გაავრცელა.

ამონარიდი ამ საუბრიდან:

„უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ... უნდა გამაგრდეთ, უნდა ბარიკადები გააკეთოთ.. მოიმარაგოთ წყალი...2000 კაცს ყოველთვის ვიშოვით, რომ გავამაგროთ იქაურობა და საკმარისია ერთი კვირა გავამაგროთ, რომ ძაან გაუჭირდებათ. იშოვეთ „ბაევიკები“, რომლებიც დაგიცავენ, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება“, - ეუბნება სააკაშვილი გვარამიასა და ბოკერიას.

სატელეფონო საუბრის გასაჯაროების შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ტელეკომპანიის თანამშრომლები კატეგორიულად ემიჯნებიან ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას, ხოლო მათისარედაქციო პოლიტიკა არ უკავშირდება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს.

თავად სააკაშვილმა სატელეფონო ჩანაწერების შინაარსის ახსნა ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსით სცადა და თქვა, რომ არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ის ბრძოლისაკენ მოუწოდებს ყველას, ვისაც ამის ძალა შესწევს:

„თუ გვინდა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნდეს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პუტინის სცენარით საქართველოში თავისუფალი აზრის ჩახშობა. თუ თავისუფლების ფიზიკურად დაცვა გახდა საჭირო, ჩვენ ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად…ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოქმედებს იანუკოვიჩის მოდელით, მან უკვე ყველა დაარწმუნა, რომ ყველაფერზეა წამსვლელი.
ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა"
, - წერს სააკაშვილი.

„ეს საუბარი ადასტურებს სააკაშვილის დამოკიდებულებას მთლიანად საქართველოს საზოგადოების მიმართ. მისი რიტორიკა მიუღებელია“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ პოლიტიზებულმა პოლიციამ უნდა შეწყვიტოს ფარული მოსმენები.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სააკაშვილისგან მსგავსი საუბრის მოსმენა მოულოდნელი არ ყოფილა: „რევანშიზმის ტიპის ქმედებები, ძალადობრივად ძალაუფლების დაბრუნების წყურვილი რომ აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხალხმა სადავეებს ჩამოაშორა, ეს განცდა არსებობს და მათ რომ ასეთი სურვილი აქვთ, არც ეს არის ახალი“, - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით კი, გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ დადგინდება, რომ ის კანონიერად არის მოპოვებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG