Accessibility links

საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაცია კითხვის ნიშნის ქვეშ


ხმისმიცემის პროცესი

ხმისმიცემის პროცესი

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცველებს, ქმედითად გამოიძიონ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, დამკვირვებლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. ამასთან, ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ გაითვალისწინონ კომისიების თავმჯდომარეთა და წევრთა შეცდომები, რადგან მიიჩნევენ, რომ საუბნო კომისიების წარმომადგენელთა კომპეტენცია, ხშირ შემთხვევაში, ძალიან დაბალი იყო. ​

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღიდან გავიდა 14 დღე და ეს პერიოდი საკმარისად მიაჩნია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელს, ალეკო ცქიტიშვილს იმისთვის, რათა ეფექტური რეაგირება მომხდარიყო იმ ფაქტებზე, რომლებიც არჩევნების დღეს გამოავლინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამასთან, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ეს პერიოდი საკმარისი იქნებოდა, მაგალითად, მათი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამკვირვებლის დაზარალებულად ცნობისთვის. საქმე ეხება მარნეულის ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას, ამასთან, მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც, მარნეულის სოფელ ალგეთის პოლიციაში დაიკითხა კიდეც, თუმცა ის დაზარალებულად აქამდე არ არის ცნობილი.

„საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიუღია კონკრეტული ზომები და ვფიქრობთ, რომ ხვალ, როცა იქნება განმეორებითი არჩევნები მარნეულის კონკრეტულ უბანზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მხრიდან, სწორედ ეს საარჩვენო მოხელეები იქნებიან ხვალაც და მოემსახურებიან ამომრჩევლებს. ჩვენი პოზიციაა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება და ეს ორი ადამიანი უნდა გაათავისუფლოს თანამდებობიდან“.

მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობა და საარჩევნო ადმინისტრაციის გულგრილობა, მთლიანობაში, უარყოფითად ახასიათებს ჩატარებულ არჩევნებს, – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, მაშინ, როცა წინ განმეორებითი არჩევნები და არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული კომისიის წევრთა მუშაობის გამოცდილებაც.

„გამოდის, რომ განმერეობითი არჩევნებიც და მეორე ტურებიც ამ ადამიანებმა უნდა ჩაატარონ და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს გამოძიება და შესწავლა მივიდეს ბოლომდე და, შემდგომში, როცა კომისიის წევრები შეირჩევიან, კომისიის ყველა წევრის მიერ განხორციელებული მოქმედებები, და, მით უმეტეს, თუ ეს მოქმედებები არ ჯდებოდა კანონის ფარგლებში, იყოს მხედველობაში მიღებული, მათი თავიდან კომისიის წევრებად დანიშვნის დროს“.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები გამოვლინდა სამეგრელოში. როდესაც ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ დამკვირვებლებს უბნის დატოვება ფანჯრიდან მოუხდათ და მეორე შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლებს, ნორვეგიის ჰელსინკის ჯგუფის წარმომადგენლებს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, როდესაც ისინი ცდილობდნენ, უბნის დარბევის ფაქტი გადაეღოთ მობილური ტელეფონის მეშვეობით. ამ სამ პირს დაზარალებულის სტატუსი აქვს და მათ ინტერესს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მაგრამ ანა ნაცვლიშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ გამოძიება მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე და გამოვლინდნენ რეალური დამნაშავე პირები.

არასამთავრობო ორგანიზაციათა პრესკონფერენცია

არასამთავრობო ორგანიზაციათა პრესკონფერენცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლის, ირმა ბასილაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა, რომელიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა უჩვენა, არის ის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯმდომარეებს არ ჰქონდათ შესაბამისი კვალიფიკაცია.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთა დაბალ კვალიფიკაციაზე ისაუბრა „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელმა დემეტრე ლომაძემაც. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა დამკვირვებელი წერდა საჩივარს, კომისიის მდივანი და თავმჯდომარე კი უარს ეუბნებოდა მის ჩაბარებაზე და ეს კიდევ დამატებითი დარღვევაა. თუმცა, ხშირად, კომისიის თავმჯდომარეებს მიაჩნდათ, რომ თუ არ ჩაიბარებენ საჩივარს, ეს საჩივარი გაქრება, რაც კანონის არცოდნასა და არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს. მიიჩნევს დემეტრე ლომაძე.

„ასეთი შემთხვევები რამდენიმე დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში, როცა უარს ამბობდნენ საჩივრის ჩაბარებაზე და მიაჩნდათ, რომ საჩივრის არჩაბარებით მათი პრობლემა გადაწყდებოდა, მასობრივ არაპროფესიონალიზმთან გვქონდა საქმე, ეს შეეხებოდა როგორც პროცედურულ საკითხებს, ასევე კანონმდებლობის არცოდნას“.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებზე ადმინისტრაცია რეაგირებს და დამკვირვებლებს დაუბრკოლებლად ეძლევთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიას.

„იმ ფაქტებზე, რაც დღეს მედიაში გაჟღერდა, თუკი დადასტრდება, რომ ეს ფაქტები არის ნამდვილი და ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის 91-ე მუხლის დარღვევას, რაც ითვალისწინებს დამკვირვებლის უფლების შეზღუდვას ან ხელშეშლას საქმიანობაში, საარჩენო კომისია დაიწყებს საკითხის შესწავლას, თუმცა, ამ ეტაპზე და ამ დრომდე, არანაირი მომართვა არ ყოფილა“.

ანა მიქელაძის თქმით, რაც შეეხება საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების კომპეტენტურობის საკითხს, 46 ათასმა წევრმა ოთხეტაპიანი ტრენინგი გაიარა და მხოლოდ 600-ზე ცოტა მეტ მათგანს დააკისრა საარჩევნო ადმინიტრაციებმა დისციპლინური პასუხისმგებლობა, საუბარია შენიშვნასა და ხელფასის დაქვითვაზე. და ახლა გასარკვევი ისაა, რამდენია მათგან დანიშნული საოლქო საარჩვენო კომისიის მიერ და რამდენი დაინიშნა პოლიტიკური პარტიებისგან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG