Accessibility links

logo-print

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ახალ საზღვრებში განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი საარჩევნო ბარიერის საკითხს მიუბრუნდა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, 30-პროცენტიანი ბარიერის ნაცვლად, 50-პროცენტიანი ბარიერის დაძლევა მოუწევთ. შესაბამისად, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. რას შეცვლის ბარიერი და რა კავშირი აქვს მას ოლქების შექმნის ახალ წესთან, რომელიც, ოპონენტების აზრით, მმართველი ძალის კანდიდატების გასამარჯვებლად შეიქმნა?

მაჟორიტარის არჩევისთვის 50-პროცენტიანი ბარიერის შემოღების შესახებ ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა. როგორც კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, პრინციპი უზრუნველყოფს გამარჯვებულის მეტ ლეგიტიმაციას და ზოგადად ხელს შეუწყობს რეპრეზენტაციის გაუმჯობესებას:

“უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ინიციატივა იყო ასეთი, რომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში დაწესებულიყო 50-პროცენტიანი ბარიერი. შემდგომი დისკუსიების შედეგად ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ცალკე გამოგვეყო ეს საკითხი, რადგან იყო ასეთი მოსაზრებები. განხილვებმა აჩვენა, რომ საკითხი აქტუალურია, ჩვენ ჩვენი პოზიცია არ შეგვიცვლია და ჩამოვაყალიბეთ კანონპროექტი ერთი მუხლის ფორმით, სადაც განსაზღვრულია, რომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საჭიროა 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა იმისათვის, რომ კანდიდატი ჩაითვალოს გამარჯვებულად“.

50-პროცენტიანი ბარიერის დაწესება არის კარგი იმ მხრივ, რომ ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი ექნებათ არჩეულ დეპუტატებს, თუმცა რეალურად ეს არანაირ ცვლილებას არ წარმოადგენს სისტემის მხრივ...

საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. თავის მხრივ კი, ეს კანონპროექტი შეიძლება ჩაითვალოს იმ პაკეტის ნაწილად, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის და რომელიც 2016 წლის არჩევნების ჩატარებას საარჩევნო სისტემის ცვლილების გარეშე გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პრინციპულად ეწინააღმდეგება მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, მისი წარმომადგენელი, ნინო ხითარიშვილი, გვეუბნება, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო ბარიერის გაზრდა არის საშუალება იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობის ნება მეტი სიზუსტით აისახოს:

“ერთი მხრივ, 50-პროცენტიანი ბარიერის დაწესება არის კარგი იმ მხრივ, რომ ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი ექნებათ არჩეულ დეპუტატებს, თუმცა რეალურად ეს არანაირ ცვლილებას არ წარმოადგენს სისტემის მხრივ. რეალურად გაიწელება დროში, ასე რომ ვთქვათ, საჭირო გახდება ტექნიკური უზრუნველყოფა მეორე ტურებისა, რაც რეალურად დამატებით რესურსს საჭიროებს და დროში გაწელავს ამ პროცესს. თუმცა ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ, მაგალითად, ეს მხოლოდ მთავრობის ინტერესში შეიძლება იყოს 50-პროცენტიანი ბარიერის დაწესება“.

ნინო ხითარიშვილისგან განსხვავებით, საარჩევნო კანონმდებლობის შემოთავაზებულ ცვლილებებში მმართველი ძალის ცალსახა დაინტერესებას ხედავს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი. მისი განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტარული ოლქების ახალი საზღვრები და მაჟორიტარული არჩევნების ბარიერის გაზრდა ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა, თავის მხრივ, ბარიერის გაზრდა თითქოს საპირწონეა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება არ შეასრულა და მაჟორიტარული სისტემა მომავალი არჩევნებისთვის არ გააუქმა. ხათუნა გოგორიშვილი ფიქრობს, რომ იმ ოლქებში, რომლებიც ხელისუფლებამ შექმნა, აზრი არ აქვს, რამდენპროცენტიანი ბარიერი დაწესდება. ოლქები კი, ხათუნა გოგორიშვილის აზრით, ხელოვნურად შეიკრა იმ მიზნით, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მხოლოდ მმართველი ძალის კანდიდატებმა გაიმარჯვონ. დეპუტატი ამბობს, რომ ეს გათვლები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ეყრდნობა:

“შეგიძლიათ, მაგალითად, ნახოთ ყვარლის ის სოფლები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ წააგო. ეს უბნები მოაჭრეს ყვარელს და მიუმატეს ლაგოდეხს, ანუ მათ ისე გააკეთეს, რომ წაგებული უბნები გააერთიანეს უფრო მეტ მოგებულ უბნებთან. მაგრამ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებზე დაყრდნობა დღევანდელ პირობებში არის, რბილად რომ ვთქვა, უვიცობა. იმიტომ რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობიდან დღემდე დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი საკმაოდ არის დაცემული. ასე რომ, ეს ნამდვილად ვერ უშველის, მაგრამ ისე დაჭრეს და შეკერეს ოლქები, რომ წაგებული უბნები მაქსიმალურად გაიფანტოს 2014 წელს მოგებულ უბნებში“.

თავის მხრივ, ზურაბ ხარატიშვილი, თავმჯდომარე პოლიტიკური გაერთიანებისა „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, ამბობს, რომ, ადგილობრივი არჩევნების შედეგების გარდა, არის სხვა შედეგები და გარემოებებიც, რომელსაც ხელისუფლება ითვალისწინებს იმისთვის, რომ არჩევნებში დამაჯერებელ წარმატებას მიაღწიოს:

ზურაბ ხარატიშვილი

ზურაბ ხარატიშვილი

“ნებისმიერმა მაჟორიტარმა და ადგილობრივმა იცის, სად აქვს უპირატესობა, სად აგებენ, სად იგებენ, მეტ-ნაკლები დაშვებების დონეზე, რა თქმა უნდა. ამის 100- პროცენტიანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ სად აქვთ მეტი შანსი, ნათელია. მაგალითად, ეროვნული უმცირესობებით დასახლებული სოფლები. მაგალითად, თელავში, ყარაჯალა. იქ მოგების ბევრად მეტი შანსია და აგერ საგარეჯოს არჩევნებმაც აჩვენა. ასევე ჯარის ნაწილები სად როგორ განლაგდება და იქაური ხმები სად წავა. ამ გავლენების გადანაწილება, პლუს კიდევ წინა არჩევნების შედეგები“.

ზურაბ ხარატიშვილი ფიქრობს, რომ გარკვეული დაშვებების გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, ქაოტურად და ნაჩქარევად შემუშავდა პროექტი, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. თუმცა იგი აქვე ვარაუდობს, რომ შესაძლოა საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი იძულებული გახდეს ამ პროექტს კვლავ მიუბრუნდეს და მის რევიზიაზე იფიქროს. მისივე აზრით, რომ არა ხმის თანაბრობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხელისუფლება მაჟორიტარულ ოლქებს ძველ საზღვრებში დატოვებდა.

ამ გარემოებას გარკვეულწილად ადასტურებს მმართველი კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური. საარჩევნო კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის, საკუთარ თავზე მორგების ბრალდების საპასუხოდ, ერთ-ერთ საკომიტეტო მოსმენაზე მან, მაგალითად, განაცხადა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანია ხმის თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა, კანონის საკუთარ თავზე მორგების სურვილის შემთხვევაში კი უმრავლესობა ოლქების საზღვრებს საერთოდ არ შეცვლიდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG