Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა 2016 წლიდან აპირებს აკრძალოს ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია. ეს სიახლე ნაწილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამისა, სახელწოდებით „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, რომლის პრეზენტაციაც შინაგან საქმეთა სამინისტროში 3 დეკემბერს გაიმართა. პროგრამა ითვალისწინებს ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გააქტიურებას,ავტოპარკის განახლების წახალისებას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას... საქართველოს მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი დედაქალაქში მომრავლებული ავტომობილებია და სწორედ ამიტომ არის საჭირო ეტაპობრივად ავტოპარკის განახლება, ტექდათვალიერების შემოღება და საწვავის ხარისხის მუდმივი კონტროლი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე ლაპარაკისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას იშველიებს, რომლის მიხედვით, საქართველო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით, 10 ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყანას შორისაა.

ბექა გოქსაძე 13 წელია ავტომობილს მართავს. მართალია, მარჯვენასაჭიანი მანქანა არასდროს ჰყოლია, მაგრამ, მრავალწლიანი გამოცდილების გამო, არც მისი მართვა უჭირს. მისი აზრით, ასეთი ავტომობილი ყველაზე დიდ დისკომფორტს მძღოლს ავტომაგისტრალზე უქმნის, რადგან მას უჭირს შემხვედრი ავტომობილის დროულად შემჩნევა და კონტროლი. თუმცა ბექა ეჭვობს, რომ საგზაო შემთხვევების უმრავლესობაში „დამნაშავე“ სწორედ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი და მისი მძღოლი იყოს. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე, ბექა გოქსაძის აზრით, ეს, შესაძლოა, მოძრაობის მოწესრიგებას უფრო ემსახურებოდეს, ვიდრე მანქანების რიცხვის შემცირებას და მოძრაობის განტვირთვას:

„თუ არგუმენტად მთავრობას ის მოჰყავს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი უფრო იაფია და ბევრი ადამიანი ყიდულობს, მაშინ იაფი ავტომობილების ჩამოყვანა ამერიკიდანაც შესაძლებელია და ევროპიდანაც. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მოძრაობის მოწესრიგებას ემსახურება, რადგან საქართველოში მარცხენასაჭიან ავტომობილებზე მორგებული მოძრაობაა“.

2016 წლიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობას შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 3 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე მიაწოდა და იქვე განმარტა, რომ ახალი წესი არ შეეხებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ამ დრომდე უკვე ჰყავდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილი:

„მარცხენასაჭიანი რეგისტრირებული ავტომობილების მფლობელებს, ასევე მათ, ვისაც გადატანილსაჭიანი ავტომობილები ჰყავთ, ეს ცვლილება არ შეეხებათ. მათ შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები, ჩვენ მათ არ ვეხებით, მაგრამ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც შევთანხმდებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია საქართველოში აიკრძალება“.

ინიციატივა მოიწონა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც და განაცხადა, რომ ამ საკითხზე სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, მით უმეტეს, თუ დედაქალაქში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ:

„ეკოლოგიის კუთხითაც თბილისში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ყველა ჩივის, რომ ავტომობილების უმრავლესობას არა აქვს ე. წ. კატალიზატორი, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს. ასევე მინდა გთხოვოთ, გაგრძელდეს საწვავის ხარისხის გეგმიური შემოწმება, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ“.

ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო რომ სწორედ ავტომობილებია, ეს 3 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმაც დაადასტურა დასაქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარებული გამოკვლევების შედეგებიც მოიშველია:

„ასეა თბილისშიც, რაც ავტოპარკის სიძველით არის გამოწვეული. საწვავის ხარისხთან ერთად დიდი პრობლემაა გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც საწვავის არასრული წვის შედეგია. იმისათვის, რომ თბილისში ჰაერის მდგომაროება გამოსწორდეს, საჭიროა ეტაპობრივად გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები და ნელ-ნელა შევცვალოთ მოძველებული ავტოპარკიც“.

ხელისუფლებას რა გათვლაც აქვს, რომ ამ ახალი წესით ავტომობილების ზრდის ტენდენციას შეაჩერებს, ამას ამ გზით ვერ მივაღწევთ. სამაგიეროდ, მივიღებთ იმას, რომ, შედარებით მოწესრიგებული ავტომობილის ნაცვლად, ქვეყანაში შემოვა ბევრად უფრო ამორტიზებული ავტომობილები...

გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, ისეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტი, რომლის ხარისხიც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, 10 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება, რომლის ხარისხიც ასევე ვერ აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს, 9 000 ლარით დაჯარიმდება, ამგვარი საწვავის შენახვა და მიწოდება კი - 8 000 ლარით.

საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ საგზაო უსაფრთხოების დაცვა და მოწესრიგება, ავტოპარკის გადახალისება, საწვავის ხარისხის კონტროლი რამდენიმე წახნაგია ერთი დიდი სისტემური პრობლემისა, რომელიც ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს. თუმცა მოგვარების გზებს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე - პირიქით. მაგალითად, „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე კატეგორიულად არ ეთანხმება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას. ამბობს, რომ ეს ადამიანების არჩევანის თავისუფლების შეზღუდვაა, რაც თბილისში არსებულ პრობლემებს მაინც ვერ მოაგვარებს, და მოუწოდებს პარლამენტარებს მხარი არ დაუჭირონ ამ ინიციატივას:

„ხელისუფლებას რა გათვლაც აქვს, რომ ამ ახალი წესით ავტომობილების ზრდის ტენდენციას შეაჩერებს, ამას ამ გზით ვერ მივაღწევთ. სამაგიეროდ, მივიღებთ იმას, რომ, შედარებით მოწესრიგებული ავტომობილის ნაცვლად, ქვეყანაში შემოვა ბევრად უფრო ამორტიზებული ავტომობილები, რომლებიც უფრო ბევრს წვავენ, ბევრი აქვთ გარბენი და ტექდათვალიერების შემთხვევაშიც ასეთი მანქანები უფრო ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ვიდრე მარჯვენასაჭიანი, იაპონიიდან ჩამოყვანილი, გაცილებით მოწესრიგებული და უსაფრთხო მანქანები“.

საწინააღმდეგო აზრისაა გელა კვაშილავა, დამფუძნებელი ფონდისა
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“. მისი თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა ამოირჩიოს თავისი საგზაო მოძრაობის სისტემა, უნდა გადაწყვიტოს, მარჯვენა მხარეს ირჩევს პრიორიტეტად თუ მარცხენას. ეს არჩევანი საფრთხეს ამცირებს:

„ჩვენი ინფრასტრუქტურა ამ მანქანებზე მორგებული არ არის. გარდა ამისა, სტატისტიკამაც აჩვენა, რომ ავტოავარიების 35-40 % ერთი ხაზიდან მეორეში გადასწრებაა, მაშინ როდესაც მძღოლი გზას ვერ აკონტროლებს. ხშირია საჭის ხელოვნურად გადატანის ფაქტები და ეს მაშინ, როდესაც ამას ხელოსნები კუსტარულად აკეთებენ და არავითარი ცენტრი არ არსებობს. და ეს მხოლოდ პრობლემების ერთი ნაწილია. საჭიროა, რომ ამ პროგრამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხი, რომ ამდენი ოჯახი არ გაუბედურდეს და ყოველწლიურად ავტოავარიას ამდენი ადამიანი არ ემსხვერპლოს“.

გელა კვაშილავას განცხადებით, დღეს საქართველოში ავტომობილების საერთო რაოდენობის 29 % მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოდის და თუ მათი შემოყვანა ისევ ისე გაგრძელდა, ორ-სამ წელიწადში მათი რაოდენობა 50 %-ს მიაღწევს და ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს საგზაო მოძრაობა მარცხენასაჭიან ავტომობილებზეა გათვლილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG