Accessibility links

რას მიიღებს ან დაკარგავს საქართველო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას


დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ საქართველოში კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეკითხვა - ხომ არ შეიცვლება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მისი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. მართალია, დონალდ ტრამპი, მაგალითად, რუსეთსა და მის პრეზიდენტთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, ხოლო ნატოს როლის მიმართ სკეპტიკურ განწყობებს ამჟღავნებს, მაგრამ საქართველოში მაინც იმედოვნებენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი რადიკალურად არ შეცვლის ვაშინგტონის ამჟამინდელ მიდგომებს საგარეო პოლიტიკურ სარბიელზე და ამ პროცესში არ დაზარალდება საქართველოს ინტერესები.

პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს. ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და არჩევნების შედეგები ვერანაირად ვერ იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე - ძირითადად სწორედ ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდა თბილისში 9 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლის მარათონში გამარჯვებულად რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპი დასახელდა. თბილისი დარწმუნებულია, რომ ამერიკისა და საქართველოს 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის და პრეზიდენტის შეცვლას არ შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი ცვლილებები. საქართველოს მხარდამჭერებს შორის არიან როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, - განაცხადა 9 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ახლო წარსულის მაგალითი მოიშველია:

მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე

„ჩვენ გვაქვს აშშ-ის ორივე პარტიის - ორპარტიული - მხარდაჭერა, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახან, სექტემბერში, როდესაც ამერიკის კონგრესმა ერთსულოვნად მიიღო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და, შესაბამისად, ამერიკის ხალხის ნებისმიერი არჩევანი, რა თქმა უნდა, იქნება ამ ურთიერთობების გაგრძელების მხარდამჭერი“.

მომავლის პერსპექტივებთან მიმართებით ოპტიმისტური ხედვაა გამოკვეთილი მისალოც წერილებში, რომლებიც შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილ ტექსტში ვკითხულობთ, რომ „ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის“ და საქართველო კვლავაც მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან „მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა".

გიორგი მარგველაშვილი კი თავის მისალოც წერილში დონალდ ტრამპს სწერს, რომ ქართველი ხალხი უაღრესად აფასებს აშშ-ის განსაკუთრებულ როლს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში“. საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს რწმენას, რომ „ერთობლივი ძალისხმევით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“.

ტრამპის რიტორიკა ზოგჯერ ცოტა იზოლაციონისტურად ჟღერდა ბევრისთვის, მაგრამ, მე მგონია, ეს არის მხოლოდ რიტორიკა... მას ერთი აზრი ჰქონდა, რომ ამერიკა უნდა დადგეს ფეხზე, - ისედაც ფეხზე იდგა, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა რეიგანმა ...

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა ანალიტიკოსთა იმ მცირე ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც დონალდ ტრამპს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გულშემატკივრობდა. 9 ნოემბერს, არჩევნების შედეგებით კმაყოფილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კვლავ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა:

„ტრამპის რიტორიკა ზოგჯერ ცოტა იზოლაციონისტურად ჟღერდა ბევრისთვის, მაგრამ, მე მგონია, ეს არის მხოლოდ რიტორიკა... მას ერთი აზრი ჰქონდა, რომ ამერიკა უნდა დადგეს ფეხზე, - ისედაც ფეხზე იდგა, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა რეიგანმა, - რომ შემდეგ უკვე ძლიერის პოზიციიდან დაიცვას თავისი ქვეყნისა და თავისი მოკავშირეების ინტერესები... ასე რომ, მე მგონია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში თუ შეიცვლება რაიმე, ყველაფერი ისევ უკეთესობისკენ და გაღრმავებისკენ შეიცვლება... ასე რომ, მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ“.

თუმცა ანალიტიკოსებში განსხვავებული აზრებიც არსებობს იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდში არ ერიდებოდა სიმპათიების გამოხატვას ვლადიმირ პუტინისა და მისი პოლიტიკის მისამართით. ანალიტიკოსების შეშფოთებას იწვევს, ასევე, დონალდ ტრამპის სკეპტიკური მიდგომები ნატოს როლისა თუ ალიანსში ამერიკის როლის განსაზღვრასთან მიმართებით. „თქვენ გსურთ გააჟღეროთ პუტინის ხაზი, სურვილები შეუსრულოთ მას, დაშალოთ ნატო, გააკეთოთ ყველაფერი, რაც მას სურს“ - გავიხსენოთ, რომ ამ შინაარსის სიტყვებით ადანაშაულებდა კონკურენტს ჰილარი კლინტონი წინასაარჩევნო დებატების ფარგლებში.

იმაში, რომ ტრამპის გამარჯვება რუსეთს ძალიან გაახარებდა, ეჭვი არ ეპარება პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს და, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის ახლებური ურთიერთობების ფონზე საქართველოს ინტერესებიც დაზარალდეს:

„მე მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება რუსეთთან უფრო მეტად დაახლოება. კი ბატონო, საქართველოსთან შენარჩუნდება ურთიერთობები, მაგრამ შესაძლებელია, რომ რუსეთის გარკვეულ ქმედებებზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ თვალი დახუჭოს, მათ შორის, იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს პოსტსაბჭოთა სივრცეში - მათ შორის, საქართველოს მიმართ... და ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ნაკლებად აქტიური იყოს საქართველოსთან მიმართებაში“.

ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი და მცდელობაც არაერთხელ ჰქონია, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაერეგულირებინა და მეგობრული მიმართულებით წაეყვანა... მაგრამ, რეალობას თუ გადავხედავთ, რაღაც მომენტში რუსეთი არ აძლევს საშუალებას, რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს....

ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობების დათბობისა და ორი ქვეყნის დამეგობრების პერსპექტივები არცთუ ხანგრძლივ პერსპექტივად მიაჩნია ანალიტიკოს გიორგი რუხაძეს. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, წარსულის გამოცდილების მიხედვით, საკმაოდ მაღალია შეუთანხმებლობის ალბათობა ამერიკასა და რუსეთს შორის:

„ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი და მცდელობაც არაერთხელ ჰქონია, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაერეგულირებინა და მეგობრული მიმართულებით წაეყვანა... მაგრამ, რეალობას თუ გადავხედავთ, რაღაც მომენტში რუსეთი არ აძლევს საშუალებას, რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს. ყოველთვის არსებობს მერე განხეთქილება ან აზრთა სხვადასხვაობა, ან შეუთანხმებლობა მსოფლიოს რომელიმე წერტილში მიმდინარე ოპერაციაზე თუ სხვა სადავო საკითხზე... რაღაცა ხნის განმავლობაში ურთიერთობები მიდის ხოლმე დათბობისკენ და შემდეგ უკვე, იგივე პროპორციით, - გაცივებისკენ... ამის მაგალითია ‘გადატვირთვის პოლიტიკაც’“.

გიორგი რუხაძეს სჯერა, რომ, ისევე როგორც რუსეთთან ურთიერთობების ჭრილში, ნატოს როლთან მიმართებით თუ შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული გეგმების ხორცშესხმის საქმეში, შეერთებული შტატები, ცხადია, მხოლოდ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების მიხედვით არ იმოქმედებს და, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესში დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის ძლიერი პოლიტიკური სისტემა და დამაბალანსებელი ფაქტორები და, შესაბამისად, პრეზიდენტს არ მიეცემა „რადიკალური ცვლილების საშუალება“.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ინტერესებს, იმის გამო, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ზოგადად, უფრო პასიურ საგარეო პოლიტიკას მოელის, გიორგი რუხაძე, სხვა ბევრი ანალიტიკოსის მსგავსად, ფიქრობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობათა შედეგიანად რეალიზების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატურ აქტიურობას. ამ ჭრილში სახელდება სამი აუცილებელი მიმართულება: 1. თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და სამხედრო თანამშრომლობა 2. მოლაპარაკებების დაწყება და დღის წესრიგის გაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და 3. აშშ-ის მხარდაჭერის გააქტიურება ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG