Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გაეროს: მეტ ყურადღებას მოითხოვს ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და დევნილები


საქართველოს ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და დევნილების პრობლემა მსოფლიო გამოწვევების ჭრილში წარმოაჩინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 19 სექტემბერს, როცა ის სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე. საუბარია გაეროს გენასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში გამართულ წარმომადგენლობით შეხვედრაზე, რომელიც წელს პირველად ეძღვნებოდა ლტოლვილებისა და მიგრანტების საკითხს. ხაზი გაესვა მეტი ყურადღებისა და ძალისხმევის აუცილებლობას არსებული პრობლემების მისამართით. ანალიტიკოსების აზრით, საქართველომ მუდმივად უნდა შეახსენოს თავისი პრობლემატიკა საერთაშორისო თანამეგობრობას გამწვავებული გლობალური პრობლემების ფონზე. საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაეროს გენასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში არაერთი შეხვედრა და დისკუსია გამართა.

„წელს დაფიქსირდა საერთაშორისო მიგრანტების, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების გამაოგნებელი რაოდენობა - 300 მილიონი. ამასთან, კონფლიქტები და მღელვარება აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დღესაც იწვევს მასობრივ მიგრაციას, ხოლო საზღვრების გადაკვეთისას დაღუპული მიგრანტების რიცხვი დღითი დღე იზრდება“, – ამ სიტყვებით შეახსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მწარე სინამდვილე საერთაშორისო თანამეგობრობას, რითაც მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ მსოფლიო ვერ ასრულებს გასულ წელს მდგრადი განვითარების დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს და დადებულ პირობას, რომ „უგულებელყოფილი არავინ იქნება".

90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში - რამდენჯერმე გამოვლინდა ეთნიკური წმენდა. დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად...
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა, ხოლო „შინ უსაფრთხოდ დაბრუნება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტირებული უნდა იყოს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა“. სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის გამოწვევები და თავსატეხია, იქ არის საქართველოს დახმარების ხელიც, – პრემიერმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მიიღო თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მაგალითად, უკრაინიდან, ერაყიდან, სირიიდან, ეგვიპტიდან თუ სომალიდან, თუმცა ყურადღებას საქართველოც საჭიროებს და პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ „იძულებითი გადაადგილების ტვირთს საქართველოც განიცდის“. აქვე ნახსენები იყო რუსეთი, ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა:

"90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში - რამდენჯერმე გამოვლინდა ეთნიკური წმენდა. დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს. მათი მშვიდობიანად დაბრუნების პერსპექტივა არცთუ იმედის მომცემია საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების განთავსების პირობებში. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას. უბრალოდ, დაუშვებელია თვალის დახუჭვა ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე".

საქართველოს საკითხის მსოფლიო გამოწვევების კონტექსტში წარმოჩენას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი. როგორც ანალიტიკოსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მეტი ყურადღების მობილიზებაა საჭირო და ამისათვის თითოეული შანსია გამოსაყენებელი:

„რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ (გაეროს) ერთ სამიტზე, თუნდაც ეს ეძღვნებოდეს სპეციალურად ლტოლვილთა საკითხს, საქართველოს საკითხის დასმა პრობლემას გადაწყვეტს. ცხადია, ეს ასე არ არის. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი – საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გამახვილების პროცესი – არ უნდა შეწყდეს. ყველა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ მსოფლიოს შევახსენოთ, რომ ლტოლვილები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით როდი მოძრაობენ“.

ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, საქართველომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, დღემდე მაინც ვერ შეძლო ლტოლვილებისა და დევნილების პრობლემების მისამართით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სასურველი, სათანადო ყურადღების მიპყრობა, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მომხრეს იკრებს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას შეეხება.

საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ყურადღების საჭიროებას ხედავს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს საკითხის წარმოჩენა მნიშვნელოვანი იყო გამწვავებული გლობალური პრობლემების ფონზე:

შორენა ლორთქიფანიძე
შორენა ლორთქიფანიძე

„პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მიგრანტთა კრიზისმა რაღაცნაირად დაჩრდილა ჩვენი პრობლემები უკვე. კრიზისის იმ მასშტაბებთან, პრობლემის იმ მასშტაბებთან, რაც დღეს არსებობს, თითქოს საქართველოს პრობლემა ისე მძაფრად აღარ ჩანს, მით უმეტეს, რომ ეს უკვე გავლილი ამბავია და ასე შემდეგ... დაჩრდილა, მაგრამ არ ვამბობ, რომ ამ პრობლემას მნიშვნელობა დაეკარგა“.

გასაგებია, რომ მსოფლიოს დღეს მილიონობით ლტოლვილისა და დევნილის პრობლემა აწუხებს, – უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მენაღარიშვილმა, – მაგრამ, მისი აზრით, საქართველომ მუდმივად უნდა შეახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სწორედ გლობალური პრობლემის ნაწილია ის ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომელთა ბედიც საქართველოს უკავშირდება.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები 21 სექტემბერს შესაბამისად იქნება ასახული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, გენერალური დებატების ფარგლებში.

მანამდე კი, საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაეროს გენასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში არაერთი შეხვედრა და დისკუსია გამართა. მათ შორის იყო, მაგალითად, ქართული მხარის მიერ ორგანიზებული წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელიც ეფექტიანი ინსტიტუტების მუშაობას ეძღვნებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ პროცესში ხელი შეუწყვეს ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ და ბელგიამ. საგანგებოდ აღინიშნება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერაც. „ღონისძიების მთავარი თემა იყო ეფექტური, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ინკლუზიური ინსტიტუტების განვითარება ელექტრონული მთავრობის და საჯარო სერვისის გზით“, – აღნიშნულია მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდრეი კისკას შეხვდა. გამოითქვა იმედი, რომ სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, ხელს შეუწყობს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის სწრაფად მინიჭების პროცესს. საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტი და ფოტომასალა ასევე გვამცნობს, რომ პრემიერი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას – გლობალური მოქალაქის ყოველწლიურ, რიგით მეშვიდე, დაჯილდოების ცერემონიას - დაესწრო, სადაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისაც შეხვდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG