Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს კენჭს ამ კვირაში უყრიან


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
პარლამენტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის რიგგარეშე სესიების დროს უყრის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელი პლენარული სხდომის გახსნისას. დეპუტატები, სხდომამდე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ვარაუდობდნენ, რომ კენჭისყრა დღეს შედგებოდა, მაგრამ, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის არ მოხვდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა კენჭისყრის საკითხი.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თემაზე 21 იანვარს განცხადება გაავრცელა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური უწყებების სამუშაო ჯგუფმა. ერთობლივ განცხადებაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დეპუტატებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ შექმნილმა კომისიამ 27 კანდიდატი გამჭვირვალე მეთოდით შეარჩია კანონის მოთხოვნის შესაბამისად და ახლა, იმედია, საქართველოს პარლამენტი არჩევის პროცესს ასევე კანონის შესაბამისად განახორციელებს.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა, კენჭის ყრის შედეგად, პირველი მოსმენით დაამტკიცა სამი კანდიდატი: საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული ნათელა სახოკია, საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მარინე მუსხელიშვილი. საპარლამენტო უმცირესობა ხელახლა აპირებს ჩაგდებული კანიდიდატის, ნინია კაკაბაძის, კენჭისყრაზე წარდგენას და ასახელებს მესამე კანდიდატსაც - ჯანა ჯავახიშვილს. სახალხო დამცველმა პარლამენტს ხელახლა წარუდგინა თავდაპირველად დასახელებული და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ლელა გაფრინდაშვილი, განმეორებით წარადგენს ადრე დასახელებული გენო გელაძის კანდიდატურას აჭარის უმაღლეს საბჭოც.
ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამ საკითხზე. სამწუხაროდ, სამი დღე არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ შეჯერებულიყო პოზიციები. ეს იყო ძალიან მოკლე დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად...
ეკა ბესელია

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ანი მიროტაძემ განაცხადა, უმრავლესობა მზად არის კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს ლელა გაფრინდაშვილს, ჯანა ჯავახიშვილის თაობაზე კი აზრი ჩამოყალიბებული არ არის:

„სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იყო კონსულტაციები და უმრავლესობა შეჯერდა ამ კანდიდატურაზე. თქვენ იცით, რომ ის არის სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა. ასევე ჩვენ, ალბათ, მოგვიწევს მსჯელობა, მაგრამ, სავარაუდოდ, ალბათ, ამ სესიაზე ვერ დავუჭერთ მხარს... ყოველ შემთხვევაში, არ გვქონია კონსულტაციები იმ პირზე, რომელიც გუშინ წამოაყენა უმცირესობამ. ეს არის ქალბატონი ჯანას კანდიდატურა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მას პატივს ვცემთ, უბრალოდ, არ ყოფილა კონსულტაციები. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება“.

როგორც ცნობილია, მეურვეების შესარჩევად შექმნილი კომისიის წევრები დეპუტატებს ადანაშაულებენ კანონის დარღვევაში იმით, რომ სამის ნაცვლად კენჭისყრაზე ერთი კანდიდატი დააყენეს. მათი აზრით, ვითარება ჩიხში შევიდა იმის გამო, რომ დეპუტატებმა წარდგენილი 27 კანდიდატიდან ვერ შეარჩიეს მათდამი პოლიტიკურად ლოიალური ადამიანები; საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ისინი ვერავის დააძალებენ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ კანდიდატს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განმარტა, უმრავლესობა წუხს პროცესის გაჭიანურების გამო, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი პასუხისმგებლობით ეკიდება სამეურვეო საბჭოს წევრთა საკითხს:

„ჩვენ ყველანი მართლა ძალიან განვიცდით და მართლა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს, რომელმაც გამოიწვია საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გულისწყრომა და, მართლაც, არ ვუყურებთ ამ საკითხს გულგრილად, პირიქით, ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამ საკითხზე. სამწუხაროდ, სამი დღე არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ შეჯერებულიყო პოზიციები. ეს იყო ძალიან მოკლე დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კანდიდატურები გავიდნენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან მიკერძოებულები, რომლებიც არიან დამოუკიდებლები, აქვთ საკუთარი პრინციპები და ამ პრინციპებს დაიცავენ...
სერგო რატიანი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის თქმით კი, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არჩეული იქნენ მათ მიერ დასახელებული მეურვეები, რომლებიც პრინციპული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი ადამიანები არიან:

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კანდიდატურები გავიდნენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან მიკერძოებულები, რომლებიც არიან დამოუკიდებლები, აქვთ საკუთარი პრინციპები და ამ პრინციპებს დაიცავენ“.

მაუწყებლის შესახებ კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ქმედობაუნარიანი, თუ ის მინიმუმ შვიდი წევრით დაკომპლქტდება. სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის დასამტკიცებლად საჭიროა დეპუტატთა სრული შემადგენლობის მესამედზე მეტის, ანუ მინიმუმ 51 დეპუტატის, მხარდაჭერა. ვაკანტურ ადგილებზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG