Accessibility links

logo-print

სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისშიც აღინიშნა


სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისში

სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისში

17 დეკემბერს მსოფლიოში აღინიშნება ძალადობისგან სექსმუშაკთა დაცვის დღე. 2005 წლიდან კი სექსმუშაკთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სიმბოლოდ წითელი ქოლგა მიიჩნევა, ამ დღეს ეწყობა ხოლმე ასევე ე.წ. „წითელი ქოლგების მარშიც“. ქოლგა, როგორც პროტესტის ნიშანი, პირველად 2001 წელს ვენეციაში გამართულ სექსმუშაკების პირველ მსოფლიო კონგრესზე გამოიყენეს, სადაც ამ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებზე მსჯელობდნენ. უკვე რამდენიმე წელია ამ დღეს მშვიდობიანი აქციით საქართველოშიც აღნიშნავენ.

სექსმუშაკების უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში ხმამაღლა ლაპარაკი ცოტა ხნის წინ დაიწყო. 17 დეკემბერს მათი უფლებების დასაცავად, მათ მიმართ არსებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ, თბილისში მცირემასშტაბიანი აქციაც მოეწყო. წითელი ქოლგებით ხელში, ათიოდე ადამიანი ფილარმონიასთან შეიკრიბა და სექსმუშაკებზე ძალადობა გააპროტესტა. მათ შორის იყო ნატა კოპალიანიც, დამფუძნებელი სათემო ორგანიზაციისა „ქალები თავისუფლებისათვის“:

სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისში

სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისში

„ძალადობა სექსმუშაკებზე ძირითადად პოლიციისა და თავად კლიენტების მხრიდან მოდის. ამას ემატება საზოგადოების აგრესიაც. ამ ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ბევრ ქვეყანაშია. ჩვენთან ამ ბოლო დროს გამოვლინდა ერთი ცუდი ფაქტიც - პოლიციელები სექსმუშაკებს ხშირად უშლიან ქუჩაში დგომას, ამას მოჰყვება ხოლმე უარყოფითი რეაქცია - როგორც წესი, არ გადიან ხოლმე, ძალით გადაჰყავთ განყოფილებაში და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის აჯარიმებენ 400 ლარით. გარდა ამისა, არაერთმა ქალმა გვითხრა, რომ პოლიცია ელექტროშოკსაც იყენებს“.

ნატა კოპალიანი იმასაც ამბობს, რომ ბოლო დროს ქუჩაში სამუშაოდ გასული ქალების რიცხვმა იმატა - მათ შორის ბევრია ყოფილი პატიმარი, რომელმაც ციხის დატოვების შემდეგ ვერსად მოძებნა სამსახური. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში სექსმუშაკებისათვის კრიზის-ცენტრის გაკეთებას გეგმავენ, სადაც მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას შესთავაზებენ, ასევე დასვენებისა და თავის მოწესრიგების შესაძლებლობაც მიეცემათ.

სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისში

სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისში

სექსმუშაკების (კერძოდ კი, მსმ სექსმუშაკების ჯგუფში) უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის ფაქტებს იკვლევს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტი ნინო ბოლქვაძე. გამოკვლევა წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე ნინო რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს დღე, 17 დეკემბერი, საზოგადოებას აძლევს საშუალებას დაფიქრდეს იმ სოციალური ჯგუფის მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და მოწყვლადია ადამიანის ისეთი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, როგორიცაა ჯანმრთელობის უფლება, სიცოცხლისა და შრომის უფლება და ა.შ.:

„ჩვენ არ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალი, თითქოს რომელიმე სოციალური ჯგუფი საერთოდ არ არსებობდეს. ეს პასუხისმგებლობა, მათი უფლებების დაცვის, პირველ რიგში, ხელისუფლებას აკისრია, რომ ყველა მის მოქალაქეზე თანაბრად იზრუნოს, თუმცა მხოლოდ ხელისუფლება ვერაფერს გახდება, თუ საზოგადოება არ გათავისუფლდება იმ ფობიებისა და სტიგმისგან, რომელიც მას აქვს რომელიმე სოციალური ჯგუფის მიმართ“.

მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან ღამის საათებში მუშაობენ, ქუჩაში დგანან. რადგან მათი საქმიანობა ლეგალიზებული არ არის, ხშირად ბინის გამოყენების შესაძლებლობა არ ეძლევათ. ამას ისიც ემატება, რომ, როგორც წესი, ამას ადამიანები აკეთებენ არა გართობისთვის, არამედ თავის რჩენისთვის და ეს უკვე სოციალური პრობლემაა...

ნინო ბოლქვაძე გვიხსნის, რომ საქართველოში, კანონით, პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება სქესობრივი კავშირის დამყარება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს, ფაქტობრივად, „მკვდარი მუხლია“, რადგან მის გამო არავის აჯარიმებენ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებას რაც შეეხება, ნინო ბოლქვაძის თქმით, კანონი სჯის პირს ამ მიზნით ფართის გაქირავებისთვის, ისევე როგორც პროსტიტუციაში არასრულწლოვანის ჩართვისთვის.

რა საფრთხეების წინაშე დგანან სექსმუშაკები საქართველოში და რას აკეთებს პოლიცია მათი უფლების დარღვევის შემთხვევაში?

„მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან ღამის საათებში მუშაობენ, ქუჩაში დგანან. რადგან მათი საქმიანობა ლეგალიზებული არ არის, ამ საქმიანობისათვის ხშირად ბინის გამოყენების შესაძლებლობა არ ეძლევათ. ამას ისიც ემატება, რომ, როგორც წესი, ამას ადამიანები აკეთებენ არა გართობისთვის, არამედ თავის რჩენისთვის და ეს უკვე სოციალური პრობლემაა... ცალკე საკითხია მსმ სექსმუშაკების მიმართ პოლიციის დამოკიდებულება. ჯერჯერობით ყველა მათგანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პოლიცია საერთოდ არ რეაგირებს მათი უფლებების დარღვევაზე. მეტიც, მათი განწყობა პოლიციის გამოძახების კუთხით ძალიან სკეპტიკურია, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ისინი მაინც არ დაიცავენ მათ უფლებებს“.

სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისში

სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე თბილისში

ნინო ბოლქვაძე ასევე შენიშნავს, სახიფათოა, როდესაც ძალის გადამეტება ან, პირიქით, საერთოდ გამოუყენებლობა რომელიმე კონკრეტული სოციალური ჯგუფის მიმართ სისტემურ ხასიათს იძენსო:

„დღეს ასეთი ჯგუფი შეიძლება იყოს სექსმუშაკების ჯგუფი, ხვალ რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი, მაგალითად, მუსლიმები, რომელთაც ლოცვის საშუალებას არ აძლევენ და მათაც ასევე არ იცავს პოლიცია“.

სექსმუშაკების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის სამაგიდო კვლევაზე და შემდგომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობდა კავშირი „საფარი“. 2014 წლის გაზაფხულზე მათ ამ ცვლილებების საჯარო განხილვაც მოაწყვეს. „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია გვეუბნება, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაციის მზაობა საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. ამის სურვილი ცალსახად არც სექსმუშაკებს აქვთ.

ბაია პატარაია

ბაია პატარაია

„იმ ქვეყნებშიც კი, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია, თავად სექსმუშაკები ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან, იმიტომ რომ ამას მოსდევს უამრავი მაკონტროლებელი მექანიზმის ამუშავება, რეგულაციები და ბარიერები. მაგალითად, მათ ძალიან ხშირად უწევთ სავალდებულო-სამედიცინო შემოწმება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ასე რომ, ცალსახად ლეგალიზაციის მომხრე ისინი არც საქართველოში არიან. მეორე მხრივ, როცა ჩვენ მოვამზადეთ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, ვთავაზობდით, რომ პროსტიტუციის ხელშეწყობა დასჯადი გამხდარიყო, არც ეს მოეწონათ“.

ბაია პატარაიას თქმით, მაშინ დისკუსიამ გამოკვეთა, რომ სექსმუშაკებს სურდათ სანქციები დაწესებულიყო მათზე ძალადობრივი ქმედების ან პირის პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმის შემთხვევაში.

რადგან ამ ცვლილებების პროექტმა აზრთა საკმაოდ დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია, ის საკანონმდებლო ინიციატივად აღარ ქცეულა. „საფარმა“, როგორც ბაია პატარაია ამბობს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დროებით შეაჩერა. შესაბამისად, ეს საკითხი დღემდე ღიად რჩება.

XS
SM
MD
LG