Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საქართველოს ვერ ხედავს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

საქართველო ნატოსათვის ძალიან ანგარიშგასაწევი პარტნიორია და ალიანსი აგრძელებს საქართველოსთან მტკიცე თანამშრომლობის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსათვის, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ორდღიანი მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ნატოს შტაბ-ბინაში 27 ოქტომბერს გამართული დასკვნითი პრესკონფერენციის დროს.

ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მეორე დასკვნით დღეს ცნობილი გახდა, რომ ალიანსი შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტის განხორციელებაში ჯერ ვერ ხედავს საქართველოს როლს. თუმცა, ნატო საქართველოს მიიჩნევს ძალიან ანგარიშგასაწევ პარტნიორად, რომელთანაც თავდაცვის სხვადასხვა მიმართულებით მრავალი პროგრამა ხორციელდება.

„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ნატოსთვის, ძალიან ანგარიშგასაწევი პარტნიორი. ჩვენ მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ბოლოხანს მთელი ტრანსატლანტიკური საბჭო ეწვია საქართველოს და, დაახლოებით, ერთი წლის წინ გავხსენით ახალი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში და წელს ერთად ჩავატარებთ ფართომასშტაბიან წვრთნებს. ასე რომ, სხვადასხვა, მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ნატოს წარმომადგენლები გვყავს საქართველოში და საქართველო მონაწილეობს ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციაში. ასე რომ, გავაგრძელებთ საქართველოსთან ძლიერი პარტნიორობის განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია ნატოსათვის, ისევე როგორც საქართველოს უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა მინისტერიალის ბოლო, დასკვნით პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იმ შეკითხვის პასუხად, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში საქართველოს შესაძლო მონაწილეობას შეეხებოდა. თებერვალში ნატოს თავდაცვის მინისტრები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებაზე.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მინისტერიალის მსვლელობის დროს, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნატოს არ სურს რუსეთთან კონფრონტაციაზე წასვლა, ახალი ცივი ომი და ახალი გამალებული შეიარაღება. თუმცა, ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს იმ მასშტაბურ წვრთნებსა და სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე, რასაც რუსეთი ალიანსის საზღვრებთან აწარმოებს. „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა. რუსეთისგან ასევე მუქარის შემცველი რიტორიკა გვესმის. აქედან გამომდინარე, ნატო ვალდებულია მტკიცე შეკავების პოლიტიკა განახორციელოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეკავების პოლიტიკის გარდა, ნატო ცდილობს გააგრძელოს დიალოგი რუსეთთან ელჩების დონეზე, რადგან ნატო-რუსეთის საბჭოს მუდმივმოქმედი ფორმატის (NRC) შეხვედრები შეჩერებულია რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ.

როგორც 26-27 ოქტომბრის მინისტერიალზე ითქვა, ნატომ უკვე შესთავაზა რუსეთს ელჩების დონეზე უახლოეს ხანში შეხვედრის ორგანიზება, თუმცა, მოსკოვს ამ შემოთავაზებაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ გაუცია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG