Accessibility links

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 9 სარჩევნო ოლქის 45 უბანზე, 22 მაისს ჩატარებული, საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. ცხრიდან შვიდ ოლქში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების,“ ხოლო ორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა.

მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა გლდანის, კასპის, წყალტუბოს, ხობის და ზუგდიდის თითო და გარდაბნის და ოზურგეთის ორ-ორ საარჩევნო ოლქში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ოზურგეთის და ზუგდიდის ორ საარჩევნო ოლქში, დანარჩენ შვიდ ოლქში კი წარმატებას მიაღწიეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. მათ გარდა, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიდნენ პარტიების „თავისუფალი დემოკრატების,“ „სახალხო ხელისუფლების“ და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობდა ორი დამოუკიდებელი კანდიდატიც, რომლებიც კენჭს იყრიდნენ გარდაბნის და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში. არჩევნები ყველგან მშვიდ გარემოში ჩატარდა, გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელისა, სადაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები. მომხდარის გამო პარტიები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ხელისუფლებას კორცხელის ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიება მოთხოვეს არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის გამოძიება 22 მაისვე დაიწყო საქართველოს შსს-მ, თუმცა სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. სააგენტო ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე, სადაც ხმები რამდენჯერმე ხელახლა დაითვალეს. წინასწარი შედეგებით, ამ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვარადებულ ლაშხიამ 10 ხმით მოუგო „ქართული ოცნების“ კანდიდატს ამირან ლაგვილავას. ამ შედეგს მთელი საქართველოს შემობრუნება და ისტორიული გამარჯვება უწოდა ოდესის ოლქის გუბერნატორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. მან პარტიის კანდიდატს ვარადებულ ლაშხიას საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვება „სკაიპით“ მიულოცა.

ფიზიკური დაპირისპირება კორცხელის საარჩევნო უბანთან

ფიზიკური დაპირისპირება კორცხელის საარჩევნო უბანთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმო საკრებულოს შუალედური არჩევნებისას სამეგრელოში მომხდარი ინციდენტი. ”ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როცა არჩევნები ტარდებოდა ძალადობით. მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, სამეგრელოში მომხდარი ინციდენტი გამოძიებული უნდა იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ საჭიროა მეტი მობილიზაცია სამართალდამცავების მხრიდან, რათა მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს. „სახელმწიფოს ღირსების საკითხი იქნება, რომ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და თანამოქალაქეებს მივცეთ საშუალება მშვიდობიან გარემოში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე მისცენ ხმა მათ რჩეულს” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG