Accessibility links

logo-print

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური ძალები არ მალავენ, რომ განსხვავებულია მათი დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის შეცვლის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ეს განსხვავება იმდენად დიდია, რომ შესაძლოა კოალიციის დაშლაც კი გამოიწვიოს. საინტერესოა, რამდენად მტკიცეა მმართველი კოალიცია და რა განაპირობებს მის ერთიანობას.

პარალმენტის თავმჯდომარემ 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ შესაძლოა კოალიცია გახლიჩოს. ლაპარაკია მაჟორიტარული სისტემის უარყოფასა და მხოლოდ პროპორციული სისტემის შენარჩუნებაზე, რასაც, როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, კოალიციის ერთი ნაწილი იწონებს, მაგრამ მეორე ნაწილი ეწინააღმდეგება:

„ამ კონკრეტული თემის გამო კოალიციის დაშლა იქნება სწორი გამოსავალი? მეეჭვება, რომ დღეს ქვეყანას კოალიციის დაშლა გამოადგეს. ამ საკითხის გამო პირადად მე კოალიციის დაშლაზე არ წავალ“.

დაშლის წინააღმდეგი არიან კოალიციის სხვა სუბიექტებიც. არადა, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, საარჩევნო სისტემის იმგვარად შეცვლის მხარდაჭერა, როგორსაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, აუცილებლად გამოიწვევს კოალიციის რღვევას:

„წარმოვიდგინოთ ასეთი ვირტუალური სურათი: ვთქვათ, მთელმა ჩვენმა ფრაქციამ, ანუ 46-მა ადამიანმა, მხარი დავუჭირეთ ამ ცვლილებას, მაშინ საკითხის გასატანად „ნაციონალური მოძრაობის“ სრული შემადგენლობა უნდა იყოს მობილიზებული, ასევე უნდა იყოს მობილიზებული „თავისუფალი დემოკრატები“ და კიდევ რამდენიმე ფრაქცია. გარდა ამისა, ჩვენი კოალიციის შიგნით უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და გადავიდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაზე, ანუ ამას მოჰყვება უმრავლესობის დაშლა, დაპირისპირება და ქაოსი, რაც სახელმწიფოს არ აწყობს“.

თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლების ამგვარი პოზიციის პასუხად, ოპონენტები ამბობენ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთში ურევენ თავიანთ პირადსა და სახელმწიფო ინტერესებს. ასე ფიქრობს კოალიციის ყოფილი წევრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ დოლიძე, რომლის თქმითაც, კოალიციის ერთიანობას მაშინ აქვს აზრი, თუკი იგი საერთო და ქვეყნისთვის სასარგებლო პრინციპებს ეყრდნობა.

„ყველა ერთად მოვედით ხელისუფლებაში, მაგრამ მოვედით იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებით, რასაც დღესაც ვემსახურებით „თავისუფალი დემოკრატები“. სამწუხარო ისაა, რომ კოალიციამ გადაუხვია ამ გზიდან. დღეს ხალხს მობეზრდა „ნაციონალური მოძრაობა“ და, მეორე მხრივ, დაინახა „ქართული ოცნების“ რეალური სახე. რაც შეეხება კოალიციის მდგრადობასა და ყოფნა-არყოფნას, რა ნეგატიური უნდა მოიტანოს კოალიციის დაშლამ? ისედაც ეკლექტურია, რაც კიდევ უფრო ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც შარშან, 4 ნოემბერს, ჩვენ გამოვეყავით. ახლაც, კარგად რომ დააკვირდეთ, ნახავთ, რომ კოალიციის სიმყარე და პოლიტიკური სიძლიერე არაფერს ეყრდნობა“, უთხრა ვიქტორ დოლიძემ რადიო თავისუფლებას.

სუბიექტების უმრავლესობას პარლამენტში დამოუკიდებლად მოხვედრის პერსპექტივა არ აქვს. გამონაკლისია თავისთავად პარტია „ქართული ოცნება“ და ბოლო დროს პარლამენტსა და მთავრობაში შთამბეჭდავად წარმოდგენილი რესპუბლიკური პარტია, რომელიც, სავარაუდოდ, გადალახავს საარჩევნო ბარიერს. თუმცა, მთლიანობაში, კოალიცია ძალიან ამორფული ერთობაა...

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძეც, მიიჩნევს, რომ ეკლექტურ კოალიციას არა ღირებულებები, არამედ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი აერთიანებს. მამუკა კაციტაძე, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, აქტიურად მოითხოვს საარჩევნო სისტემის რეფორმას, იხსენებს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის მანკიერ პრაქტიკას, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბირა დამარცხებული ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის“, მაჟორიტარი დეპუტატები. იგივე განმეორდა კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლის შემდეგაც.

„ბუნებრივია, ასეთი უმრავლესობები ჰკიდია ბეწვზე და ხელისუფლება რჩება ამგვარი გადაბირებული დეპუტატების მძევლად. ამიტომ ეს არის ძალიან მყიფე უმრავლესობა და აბსოლუტურად გულწრფელია უსუფაშვილი, როცა ამბობს, რომ კოალიციის ბედი პარლამენტში თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებულია იმ დეპუტატებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში“. მაგრამ მთავარი ისაა, რომ კოალიციას თავიდანვე არ უნდოდა ამ სისტემის შეცვლა - სისტემისა, რომელიც იძლევა საშუალებას ხელისუფლებამ მიისაკუთროს დამატებითი მანდატები“, უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა კაციტაძემ, რომლის თქმით, ასე იქცეოდა ყველა წინა ხელისუფლება და ასე უნდა, რომ მოიქცეს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომლის მდგრადობასა და ერთიანობაში ეჭვი ეპარებათ პოლიტიკის ექსპერტებსაც. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მმართველი კოალიციის მდგრადობა ეფუძნება ცალკეულ წევრთა პერსონალურ სისუსტესა და დაბალ რეიტინგს:

„სუბიექტების უმრავლესობას პარლამენტში დამოუკიდებლად მოხვედრის პერსპექტივა არ აქვს. გამონაკლისია თავისთავად პარტია „ქართული ოცნება“ და ბოლო დროს პარლამენტსა და მთავრობაში შთამბეჭდავად წარმოდგენილი რესპუბლიკური პარტია, რომელიც, სავარაუდოდ, გადალახავს საარჩევნო ბარიერს. თუმცა, მთლიანობაში, კოალიცია ძალიან ამორფული ერთობაა“.

ამ ამორფულ ერთობაში, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, არიან ისეთი სუბიექტები, რომელთა მარგიქმედების კოეფიციენტი უახლოვდება ნულს და კოალიციაში მათ ყოფნას მხოლოდ უმრავლესობის შენარჩუნების სურვილი ამართლებს, თუმცა, ხათუნა ლაგაზიძის ვარაუდით, მოახლოებულ არჩევნებზე კოალიციის რეიტინგული ბირთვი აუცილებლად გათავისუფლდება აღნიშნული ბალასტისგან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG