Accessibility links

logo-print
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა წიგნად გამოსცეს სტალინის დედის მოგონებები, რომელიც 1935 წელს, თავად ეკატერინე (კეკე) გელაძის კარნახით, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრეა ჩაწერილი. წიგნის გამოცემამდე სტალინის დედის მოგონებები მხოლოდ მკვლევარებისათვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი მკითხველს საშუალება ეძლევა პირველწყაროდან გაეცნოს სტალინის სიყმაწვილის ამსახველ ტექსტს, რომელიც ნათელს ჰფენს ბევრ ისეთ საყურადღებო დეტალს, რომელმაც გავლენა იქონია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უსასტიკესი იმპერიის მმართველის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.

კეკე გელაძე მცირე ზომის მოგონებებში, რომლის კარნახსა და ჩაწერას სულ რაღაც სამი დღე დასჭირდა, თხრობას თავისი ბავშვობიდან იწყებს, თუმცა მკვლევარებისათვის მნიშვნელოვანი ამბები ხდება 1874 წლის 17 მაისიდან, როცა ჩვიდმეტი წლის კეკე გელაძე და ბესო ჯუღაშვილი გორის სობოროში იწერენ ჯვარს და იხდიან ყარაჩოღელების შესაფერის ქართულ ტრადიციულ ქორწილს. კეკე გელაძე აღფრთოვანებით აღწერს ამ დღეს: ის კმაყოფილია როგორც ქორწილით, ასევე გულისწორით.

„ბესო იმ დროს სახარბიელო ვაჟკაცი იყო, ყარაჩოღელი, მშვენიერი ულვაშებით, ლაზათიანად ჩაცმულ-დახურული. ის ქალაქიდან იყო ჩამოსული, ქალაქური პეწი დაჰკრავდა. ერთი სიტყვით, გორელ საქორწილო ვაჟკაცებს მთელი თავით მაღლიდან დაჰყიოდა. ...ბედნიერ ქალად მიმაჩნდა თავი. ჩემი ბესო მეოჯახე კაცი გამოდგა, ფულის შემომტანი, ოჯახს არაფერს აკლებდა. კეთილი გულის პატრონი იყო, ღვთის მოშიში.“
კეკე გელაძე

კეკე გელაძე


თუმცა, კეკეს მოგონებების მიხედვით, ამგვარი ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ბესოს ფსიქიკას მძიმე კვალი დაამჩნია წლისთავზე გაჩენილი ვაჟის გარდაცვალებამ. კეკეს თქმით, ბესომ დარდისგან სმა დაიწყო და ოჯახურ ბედნიერებასაც შეერყა საფუძველი, გაიბზარა. მეორე შვილის გარდაცვალებამ ბესო ლამის ჭკუიდან შეშალა. თავმომწონე ძველი ბესო ღვინის მსხვერპლი შეიქნა. სწორედ ასეთ ვითარებაში 1878 წლის 6 დეკემბერს მოევლინება სამყაროს იოსებ (სოსო) ჯუღაშვილი.

„თუმცა ბავშვი ცოცხალი შეგვრჩა, მაგრამ იგი ძალიან სუსტი აგებულობისა გამოდგა, მეტად ნაზი იყო, კაკაროტი, ხორცი ვერ მოვაკიდებინეთ. სადმე ავადმყოფობა რომ გაჩენილიყო, პირველი მას დაეტაკებოდა ხოლმე. საჭმელებში ეჯავრებოდა ხორცეული, სამაგიეროდ, მადიანად ჭამდა ლობიოს. მეტად სასაცილოდ ჩამოიგუნგლიდა ხოლმე თავ-პირს.“

თუმცა ვაჟის შეძენის შემდეგ მეწაღე ბესო, რომელსაც ქალაქში „გიჟ ბესოდ“ იცნობდნენ, დიდად არ შეცვლილა. ლოთობას დაემატა შვილის აღზრდასთან დაკავშირებული უთანხმოება ცოლთან. ბესოს სწავლის გაგონება არ სურდა, მაშინ როცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორის ომარ თუშურაშვილის თქმით, კეკე შვილისთვის განათლების მიცემაზე ოცნებობდა.
ომარ თუშურაშვილი

ომარ თუშურაშვილი


„აქ ჩანს კეკეს დიდი მცდელობა. უნდოდა, რომ მისი შვილი ყოფილიყო განათლებული, მიეღო სასულიერო განათლება და გამხდარიყო ეპისკოპოსი, მაგრამ აღზრდაში უხეშად ერეოდა ბესო ჯუღაშვილი, რომელიც შვილს მეწაღის ხელობის შესწავლას აძალებდა. მკვლევარებისათვის სტალინის ბავშვობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იმიტომ, რომ ფარდას ხსნის ბევრ საკითხს, დაკავშირებულს სტალინის ხასიათთან და ქცევასთან. აქ კარგად ჩანს, თუ რა პირობებში იზრდებოდა სტალინი და როგორ განიცდიდა ის იჯახისა და მამის მხრიდან შეურაცხყოფასა და დამცირებას“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ომარ თუშურაშვილმა.

მამისგან მიღებული სულიერი ტრავმა სტალინს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. კანდიდ ჩარკვიანი, 1938-1952 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, შვილის - გელა ჩარკვიანის - ფილმში „ქართველები კრემლში და მის გარეთ“ იხსენებს სტალინის მონაყოლს იმაზე, თუ როგორ მიუვარდა მთვრალი მამა სემინარიაში სწავლის დროს და როგორ მოსთხოვა ფული:
სადმე სტალინის დედის ჩანაწერი რომ ყოფილიყო და არავის სცოდნოდა, ასეთი რამ გამორიცხულია! ეს არის აშკარად დადგმული ვიღაცის მიერ, კომერციული, პოლიტიკური თუ სხვა რაღაც გარემოებით გამოწვეული...

„მომეცი ფულიო! მე ვუთხარიო, არ მაქვს და საიდან მოგცეო. გაბრაზდა და მიყვირა, ნუ ხარ დედაშენივით ქვაწვია, ახლავე მომეცი ფულიო. უკვე მოზრდილი ვიყავი და ვუთხარი, ნუ ხმაურობ, თორემ დარაჯს დავუძახებ და გაგიყვანენ აქედან-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, ეტყობა, იფიქრა, აქედან ხეირი არ გამოვაო და გინებით წავიდაო.“

ეს იყო სტალინისა და მამამისის უკანასკნელი შეხვედრა. სტალინი არასოდეს მალავდა, რომ მამა, მასთან ერთად, დედასაც სცემდა. მეტიც, სტალინის შვილი სვეტლანა ალილუევა მოგონებების წიგნში ამტკიცებს, რომ სტალინს დედაც სცემდა, თუმცა კეკე გელაძე მოგონებებში ამის შესახებ არაფერს ამბობს, ისევე როგორც არაფერს ამბობს იმ ჭორებზე, რომელთა მიხედვითაც სტალინის ბიოლოგიური მამა ან ბესოს მეგობარი იაკობ ეგნატაშვილი, ან პოლიციის პრეფექტი დამიან დავრიშევი, ანდა მღვდელი ქრისტეფორე ჩარკვიანი უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, ამგვარი ჭორების გაფანტვა სტალინს არასოდეს უცდია. უფრო პირიქით, ამ თემაზე ხშირი ხუმრობით თავად უწყობდა ხელს ჭორების გავრცელებას, თუმცა მსგავს საქციელს არ აპატიებდა სხვას, თუნდაც ისეთ ახლო მეგობარს, როგორიც, მაგალითად, ბუდუ მდივანი იყო. სტალინის ცნობილი მკვლევარი საიმონ სებაგ მონტეფიორე წიგნში „ახალგაზრდა სტალინი“ წერს:
ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივი, უბრალო გლეხის ქალი მოგვითხრობს ამბებს თავის შვილზე, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, არის სტალინი!..

„თვალსაჩინო მსხვერპლი სტალინის ძველი მეგობარი ბუდუ მდივანი გახდა, მეტსახელად „კასრი“, რომელმაც ახალგაზრდობაში ბევრჯერ გადაარჩინა სტალინი. მდივანი შეეწინააღმდეგა სტალინს 1921 წელს. ამას გარდა, ყოფილმა მსახიობმა ბოროტად იხუმრა, რომ ბერიას შეიარაღებული დაცვა უნდა დაეყენებინა კეკეს სახლის ირგვლივ, ოღონდ არა მის დასაცავად, არამედ იმისათვის, რომ ქალს კიდევ ერთი სტალინი არ გაეჩინა. მოგვიანებით სტალინი შეურიგდა ბუდუს და შვილიც კი მოუნათლა მას, თუმცა არასდროს დავიწყებია მისი წინააღმდეგობა. 1937 წელს ბუდუ მდივანი დააპატიმრეს სტალინის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით და მალე დახვრიტეს, ოჯახის თითქმის ყველა წევრთან ერთად.“

თუმცა კეკეს მოგონებები ასე შორს არ მიდის. ის შვილის თბილისის სასულიერო სემიანარიაში სწავლის პერიოდით მთავრდება, მაგრამ, ამის მიუხედავად, როგორც წიგნის გამომცემელი ბაკურ სულაკაური ამბობს, მოგონებების სახით, საქმე გვაქვს უნიკალურ დოკუმენტურ მასალასთან:
ბაკურ სულაკაური

ბაკურ სულაკაური


„ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივი, უბრალო გლეხის ქალი მოგვითხრობს ამბებს თავის შვილზე, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, არის სტალინი! თან ძალიან კარგად იკითხება, იმიტომ რომ ბუნებრივად არის ჩაწერილი, ანუ იწერდნენ მის საუბარს. შესაბამისად, ძალიან კარგი ტექსტია!“

ფრაგმენტი წიგნიდან: „ნელ–ნელა აქეთ-იქიდან ჩურჩული ასტეხეს და ბოლოს აშკარად გამაგონეს, სოსო ბუნტი კაცი გახდაო. გული გამისკდა. ბუნტი კაცი, ვიცოდი, რომ ყოველთვის დევნილი იყო. ჩემს შვილში ეპისკოპოზს მოველოდი და რა ეშმაკმა შეაგონა ბუნტი კაცობა-მეთქი. ჩიხტი წამოვიდგი, გავქანდი ქალაქში. ვინახულე. გამწყრალი დამხვდა, რა მოგარბენინებდა ან რა შენი საქმეა, რას ვიზრახავ და რას – არაო. ძალიან მეწყინა მისი ასეთი მკვახე პასუხი. ასეთი რამ პირველად შემახვედრა ჩემს სიცოცხლეში. შვილო! – შევბღავლე, – არ დამღუპო, დედისერთა ხარ, ნიკოლოზს შენ როგორ აჯობებ, თავი გაანებე ბუნტობას. ეგ იმათ დაუთმე, ვისაც შინ სხვა და-ძმები ეგულება-მეთქი. სოსომ თავს გადასძლია, ისევ გრძნობაზე მოვიდა, მაკოცა, დამამშვიდა, მოუტყუებიხართ, დედი, ხომ ხედავ მე ისევ სემინარიაში ვარ, არც ვბუნტობ და არც არაფერიო. ასეთი კაცი რომ ვიყო, მეტეხში თავს გამიკრავდნენო. ეს იყო იმისი პირველი ტყუილი.“
დავით აფრასიძე

დავით აფრასიძე


როგორ მოხდა, რომ სტალინის დედის ეს მოგონებები აქამდე არ გამოქვეყნდა? ამ კითხვის პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე ამბობს:

„წერილობითი სახით არქივში რამე დოკუმენტი დაცული არ არის, რომ „გრიფით საიდუმლო“ დაედოთ! საბჭოთა პერიოდში არ გამოქვეყნებულა და საბჭოთა პერიოდის შემდეგაც მისი გამოქვეყნების დიდი სურვილიც არავის გამოუჩენია. ანუ ვერ გაჩვენებთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, გამოქვეყნება აკრძალული იყო, მაგრამ ფაქტია, არ გამოქვეყნებულა და, ალბათ, საქმე გვაქვს შემთხვევითობასთან.“

დავით აფრასიძისგან განსხვავებით, საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი მიიჩნევს, რომ მოგონებები აქამდე სულ სხვა მიზეზით არ გამოქვეყნდა. ონიანის ვარაუდით, კეკეს არანაირი მოგონებები არ ჩაუწერია და რომც ჩაეწერა, სტალინის მითითებით მას მაშინვე გაანადგურებდნენ.

„მაშინ როცა სტალინის ოჯახზე, მის შვილებზე, შვილიშვილებზე, არათუ დედაზე, აბსოლუტურად გასაიდუმლოებული იყო ყველაფერი როგორც უცხოური, ასევე გრიშა ონიანი

გრიშა ონიანი

საკავშირო პრესისთვის... ასეთ ფონზე სადმე სტალინის დედის ჩანაწერი რომ ყოფილიყო და არავის სცოდნოდა, ასეთი რამ გამორიცხულია! ეს არის აშკარად დადგმული ვიღაცის მიერ, კომერციული, პოლიტიკური თუ სხვა რაღაც გარემოებით გამოწვეული“, – უთხრა გრიშა ონიანმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა საქმე რომ ასე მარტივად არაა, ამას სტალინის ცხოვრების ცნობილი მკვლევარი საიმონ სებაგ მონტეფიორეც ადასტურებს. წიგნში „ახალგაზრდა სტალინი“ მკვლევარი კეკეს მოგონებების შესახებ წერს:

„კეკეს მემუარების აუდიოჩანაწერი (ჩაიწერა ლ. კასრაძემ) საქართველოს კომუნისტური პარტიის არქივში აღმოჩნდა. ის არასოდეს გამოუქვეყნებიათ სტალინის დიქტატორობის დროს. სავარაუდოდ, თავად სტალინს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ მემუარების არსებობის შესახებ, რადგან ჩანაწერი არასოდეს
1935 წელს, როცა ერთ-ერთ საბჭოთა ჟურნალში გამოქვეყნდა კეკესთან ინტერვიუ, სტალინმა პოლიტბიუროს სხდომაზე მკაცრად მოითხოვა „პრესაში მსგავსი სისულელეების რახარუხის“ აკრძალვა. სავარაუდოდ, კეკეს თავისი მემუარები შვილისგან საიდუმლოდ უნდა ჩაეწერა 1935 წლის 23–27 აგვისტოს...

გაუგზავნიათ მოსკოვის არქივში. ცნობილია, რომ მას არ მოსწონდა პრესით დედამისის დაინტერესება. 1935 წელს, როცა ერთ-ერთ საბჭოთა ჟურნალში გამოქვეყნდა კეკესთან ინტერვიუ, სტალინმა პოლიტბიუროს სხდომაზე მკაცრად მოითხოვა „პრესაში მსგავსი სისულელეების რახარუხის“ აკრძალვა. სავარაუდოდ, კეკეს თავისი მემუარები შვილისგან საიდუმლოდ უნდა ჩაეწერა 1935 წლის 23-27 აგვისტოს.“

ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1937 წლის მაისში, კეკეს ფილტვების ანთება დაემართა და იმავე წლის 4 ივნისს გარდაიცვალა. იმის მაგივრად, რომ ეკლესიური წესით დაეკრძალათ, როგორც მას, სავარაუდოდ, ერჩივნა, საერო წესით დაკრძალეს. კუბოს საქართველოს კომპარტიის უმაღლესი თანამდებობის პირები მიასვენებდნენ. სტალინს დედა უკანასკნელ გზაზე არ გაუცილებია, რადგან მაშინ უმაღლესი სამხედრო პირებისა და პარტიის ხელმძღვანელების წმენდით იყო დაკავებული. კეკეს განსასვენებელი ახლაც მთაწმინდაზე, ალექსანდრ გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის საფლავის მახლობლად მდებარეობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG