Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის კრიზისი და ირანი


აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი
აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ისმის, როგორ ადანაშაულებს ირანის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი დამასკს ქიმიური იარაღის გამოყენებაში. ეს მაშინ, როცა ირანის ოფიციალური პოზიციით, სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა არა სირიის მთავრობამ, არამედ ოპოზიციამ.

განცხადებაში, რომელიც ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა აკბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ გასული კვირის მიწურულს გააკეთა ირანშივე, მაზანდარანის პროვინციაში სტუმრობისას, აშკარად ისმის, რომ ის სირიის მმართველ რეჟიმს უყენებს ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას.

„ხალხი გამხდარია საკუთარი მთავრობის ქიმიური თავდასხმების სამიზნე და ახლა ამერიკული ბომბების ჩამოვარდნასაც უნდა მოელოდეს“ - რაფსანჯანის ეს განცხადება თავდაპირველად წერილობით, ციტატის ფორმით გაავრცელა ირანის ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ. მოგვიანებით ტექსტში ცვლილება შეიტანეს, რათა ამოეღოთ დამასკის მისამართით ბრალდება. ირანის საგარეო უწყებამ ორშაბათს ისიც აღნიშნა, რომ თავდაპირველად გავრცელებულ ტექსტში რაფსანჯანის გამონათქვამი დამახინჯებული იყო.

მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, თუ გავრცელებული ვიდეომასალით ვიხელმძღვანელებთ, ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მართლაც დამასკი დაადანაშაულა ქიმიური იარაღის ხმარებაში. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის თეირანის ოფიციალურ პოზიციასთან, რომ 21 აგვისტოს დამასკთან მომწამვლელი ნივთიერება ოპოზიციამ გამოიყენა. ირანი არის სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირე, ფულით და იარაღით ეხმარება მის რეჟიმს.

ამჟამინდელი სირთულეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, რეალური სირთულეებია. ჩვენს წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს და ალყაშემორტყმული ვართ. ვერ ვიყენებთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ვერ ვყიდით ნავთობს. მაშინაც კი, როცა ნავთობს ვყიდით, ქვეყანაში ფული ვერ შემოგვაქვს...
აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი
რაც შეეხება რაფსანჯანის, მას ხშირად მოიხსენიებენ პრაგმატიკოსად, რომელიც საერთაშორისო სარბიელზე ირანის ზომიერ პოლიტიკას ემხრობა, დასავლეთთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. რაფსანჯანი 1989-97 წლებში იყო ირანის პრეზიდენტი. წელს მან ისევ სცადა ამ პოსტზე დაბრუნება - საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ირანში ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, რითაც რეფორმების ბევრ მომხრეს ჩაუსახა იმედი, რომ, რაფსანჯანის გამარჯვების შემთხვევაში, შერბილდებოდა თეირანის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ბოლო წლებში მკაცრი კურსის მომხრე ძალები განსაზღვრავენ. მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატურა დაიბლოკა: მას უარი უთხრეს რეგისტრაციაზე.

გასული კვირის მიწურულს, მაზანდარანის პროვინციაში სტუმრობისას, აკბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ არამარტო სირიაზე ისაუბრა. ის შეეხო ირანის ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებსაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები იწვევს.

„ამჟამინდელი სირთულეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, რეალური სირთულეებია. ჩვენს წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს და ალყაშემორტყმული ვართ. ვერ ვიყენებთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ვერ ვყიდით ნავთობს. მაშინაც კი, როცა ნავთობს ვყიდით, ქვეყანაში ფული ვერ შემოგვაქვს. როცა საქონელს ვყიდულობთ, დამატებით უნდა გადავიხადოთ და მერე მეტი უნდა გადავიხადოთ ტრანსპორტირებისთვისაც. არის ბევრი სხვა პრობლემაც“ - ირანის ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადებაც წინააღმდეგობაში მოდის თეირანის ოფიციალურ პოზიციასთან, თითქოს ირანს არ ექმნებოდეს პრობლემები სანქციების გამო.

ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ამტკიცებს, რომ ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს შრომის ორგანიზებისა და ადმინისტრაციული მართვის ხარვეზები და არა სანქციები, რომლებიც დასავლეთმა დაუწესა ირანს, ბირთვული პროგრამისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG