Accessibility links

logo-print

4 ნოემბერს მოვლენები საქართველოში ელვის უსწრაფესად განვითარდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა ირაკლი ალასანია, რომელმაც მანამდე თავადვე სცადა შეტევაზე გადასვლა. თუმცა, სტარტზევე მისთვის დამახასიათებელი სიფრთხილე გამოიჩინა და თან, ვფიქრობ, რამდენიმე შეცდომაც დაუშვა.

პირველი შეცდომა იყო იერიში პროკურატურაზე, რომელიც –საქართველოში ბავშვმაც კი იცის – დამოუკიდებლად არ მოქმედებს.

„პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ნატოსთან, ევროკავშირთან, და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, პოლიტიკურ მომავალს, ხვალ მივმართავ მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა თანაგუნდელებით გარშემორტყმულმა ალასანიამ.

მეორე შეცდომა იყო ევროატლანტიკურ მიმართულებასთან საკუთარი თავის გაიგივება. ალასანიამ ყოველგვარი მოკრძალების გარეშე განაცხადა, რომ სამხედრო უწყების რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება არის „შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“.

ალასანიას ბევრი მომხრე და თაყვანისმცემელი სწორედ ამ მესიჯს თვლის მინისტრის მიმართვის უძლიერეს ნაწილად. თავად მიმართვა კი პოლიტიკური კრეშჩენდოთი დასრულდა:

„მე მინდა ასევე გითხრათ, რომ კარგად ვიცი, ვისი გორისა ვარ. ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელიც იყო ზოგიერთი მედიის წარმომადგენლის მხრიდან ნასროლი. მე გპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვან ჩემ მიერ დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა მთავარია სიმშვიდე, სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა“, - თქვა ალასანიამ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრს მართლაც ბლომად შეასხა ტალახი ზოგიერთმა მედიასაშუალებამ და მას სრული უფლება აქვს, გაბრაზებული იყოს შეკვეთილი პუბლიკაციების გამო; ალასანიას არაერთი საყვედურის მოსმენა მოუხდა თავისივე კოალიციის ყოფილი ლიდერისა თუ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც და, შესაბამისად, მას ასევე სრული უფლება აქვს, მოითხოვოს საქმის გარკვევა პოლიტიკურად ჭრელსა და ფასეულობების მხრივ არცთუ ერთგვაროვან კოალიციაში; ალასანიას შეიძლება ლეგიტიმური ეჭვი ჰქონდეს იმის თაობაზეც, რომ პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას აწარმოებს სამხედრო უწყების წინააღმდეგ, იმ უწყებისა, რომელზე ხელის შეწმენდაც აქამდე ყოველთვის ადვილი იყო საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის.

მაგრამ არა მგონია, ალასანიასთვის მოგებიანი ყოფილიყო საკუთარი თავის გაიგივება პროდასავლურ ორიენტაციასთან. მით უფრო, ისეთი აპოკალიფსური სურათის დახატვა, თითქოს მისი კრიტიკით, ან სამხედრო უწყებაში ხელმრუდობის ფაქტის გამოვლენით (თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა) საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი იღუპებოდეს; რაც, ჩემი აზრით, არის მესამე და მთავარი შეცდომა.

ამ მესიჯის გავრცელებით ალასანია არა მხოლოდ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, არამედ, ვფიქრობ, კრიტიკის საბაბსაც აძლევს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებმაც თავდაცვის აწ უკვე ყოფილ მინისტრს მწარედ შეახსენეს მისი და მისი თანაგუნდელების გამოთქმები და საქციელი.

ოპონენტები მართებულად სვამენ შეკითხვას: განა სააკაშვილის დროინდელი საქართველო სხვა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში აპირებდა გაწევრიანებას და ახლანდელმა ხელისუფლებამ სხვა ნატო აღმოაჩინა? განა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მაშინ არ იყო „პირდაპირი ჯაჭვი ნატოსთან, ევროკავშირთან“, როდესაც ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციას მართავდა სამხედრო უწყების წინ და „მკვლელებს“ და „მილიონობით ლარის გამფლანგველებს“ უწოდებდა თავდაცვის მაშინდელ მინისტრებს ბაჩანა ახალაიასა და დიმიტრი შაშკინს? როდესაც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნატოს 2012 წლის ნოემბრის საპარლამენტო ასამბლეის წინ სწორედ ირაკლი ალასანიას კაბინეტში დააპატიმრა გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე, განა მაშინ არ არსებობდა მინისტრისა და გენშტაბის უფროსის პატივისცემის დაუწერელი კანონი?

განურჩევლად ყოფილი მმართველი ძალისადმი დამოკიდებულებისა, გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობის თავდაცვის მინისტრებს, ალასანიასგან განსხვავებით, არასოდეს, არც ერთ ეტაპზე არ მიუციათ საკუთარი თავისათვის უფლება, ეთქვათ: ნატო - ეს ჩვენ ვართო, და არც პროკურატურა გამოუყვანიათ ანტიდასავლური შეთქმულების მთავარ ციტადელად.

ნაციონალური მოძრაობის წევრებს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, არ უთხოვიათ ინდულგენცია საკუთარი პროდასავლური თუ პროამერიკული იმიჯის გამო.

კანონზე მაღლა არავინ იქნება: ეს იყო ის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და იდეალიც, რომლის სახელითაც ორი წლის წინ ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“. ამ იდეალების ერთგულება კი შექმნილ ვითარებაში ირაკლი ალასანიასაგან ორ რამეს მოითხოვდა: მას თავადვე უნდა ემხილებინა მის უწყებაში მომხდარი ნაკლოვანებები; ანდა სააშკარაოზე გამოეყვანა ის პოლიტიკოსი თუ თანამდებობის პირი, რომელმაც პროკურატურას „სამხედრო უწყების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა დაუკვეთა.“

ალასანიამ ვერც ერთი მოახერხა, და ვერც მეორე. მან მხოლოდ პოლიტიკური ტარიგის როლში ყოფნა არჩია, რითაც მოხერხებულად ისარგებლა აგრესიულმა ირაკლი ღარიბაშვილმა და არა მხოლოდ თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი, არამედ იგი გამოიყვანა კორუფციის მფარველად და თავისი უწყების პოლიტიზების მსურველ პოლიტიკოსად, რაც ირაკლი ალასანია ნამდვილად არასოდეს ყოფილა. თუმცა, ამას უკვე აღარც აქვს დიდი მნიშვნელობა – კენჭი ნაყარია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG