Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიბილოვის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ – შანსი?


ლეონიდ თიბილოვი, 2012 წლის 26 აგვისტო
ლეონიდ თიბილოვი, 2012 წლის 26 აგვისტო
ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა ორი ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებაა: „რუსეთის შემადგენლობაში ორი ოსეთის გაერთიანების მიმართულებით უნდა ვიაროთ და გადავლახოთ პოლიტიკური და იურიდიული დაბრკოლებები. თუ გაერთიანება ჩემი პრეზიდენტობის დროს მოხდება, მაშინ ჩავთვლი, რომ ამოცანა შევასრულე“ - თიბილოვის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოსკოვის და თბილისის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მზადყოფნის შესახებ განაცხადა. რუსი პოლიტოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თიბილოვის განცხადება გამოწვეულია იმის შიშით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები დათბება და ცხინვალი კრემლის მიერ მიტოვებული აღმოჩნდება. პოლიტიკური ინფორმაციების ცენტრის ხელმძღვანელის ალექსეი მუხინის აზრით, თიბილოვმა მოსკოვის მიმართ საკუთარ ერთგულებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ცნობილია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება კრემლის უკითხავად ერთ ნაბიჯსაც არ დგამს, ამიტომ ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თიბილოვს ამ განცხადების გაკეთება მოსკოვიდან ურჩიეს. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მიერთების პერსპექტივას შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სიტუაციური ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი სერგეი უტკინი. მისი აზრით, რუსეთი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება. უტკინის თქმით, მოვლენების ამგვარად განვითარების სცენარად ჯერ საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება და შემდეგ უკვე ცხინვალში რუსეთთან გაერთიანების იდეის რეფერენდუმით გამყარებაა საჭირო, რაც წარმოუდგენლად მიაჩნია.

ანალიტიკოსი ჩრდილო კავკასიის საკითხებში გიორგი გვიმრაძე მიიჩნევს, რომ თიბილოვმა წინდაუხედავი განცხადება გააკეთა, რადგან ახლა უკვე მთელი მსოფლიო ხვდება, რომ ოსების მთავარი მიზანი თვითგამორკვევა და დამოუკიდებლობა არ ყოფილა. მისი აზრით, მოსკოვს ნამდვილად ხელს აღარ აძლევს ისედაც შელახული ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიფუჭოს.

ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები ყოველთვის ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდათ ჩამოყალიბება, ცხინვალში კი პოლიტიკური პარტიები საკუთარ კამპანიას სწორედ რუსეთთან გაერთიანების იდეასა და დაპირებაზე აგებენ. ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის მიერთებით კიდევ ერთი თავის ტკივილი აღარ სჭირდება, მით უმეტეს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ახლა იწყება.
XS
SM
MD
LG