Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ თათეშვილი: ,,მეტი რეკლამა ტურისტების მოსაზიდად“


რაბათის ციხე
რაბათის ციხე

სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი მრავალფეროვანია. რესურსით მდიდარ კუთხეს ტურისტის დაინტერესება ეთნო, აგრო, კულტურული, სამთო-სათხილამურო თუ ეკოტურიზმით შეუძლია, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვიზიტორთა მოსაზიდად საჭიროა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა – უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზები, სველი წერტილები, დასახლებულ პუნქტებსა და ცენტრალურ ქუჩებზე დამონტაჟდეს სხვადასხვა ობიექტის შესახებ მანიშნებლები, გაკეთდეს მეტი რეკლამა, რათა ამას უცხოეთისგან მეტი დაინტერესება მოჰყვეს,– განმარტავს ახალციხის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი.

ახალი მიმართულება, რომელიც ტურიზმს რეგიონით დააინტერესებს, მესხური ტერასებია. მეღვინე გიორგი ნათენაძე მის აღდგენასა და პირვანდელი იერსახის დაბრუნებას გეგმავს. ამბობს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებით უკვე დაინტერესდნენ როგორც უცხოელი გამვლელები, ასევე ადგილობრივები. შესაბამისად, გიორგი ნათენაძე მიიჩნევს, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარების პროცესში მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული. მათ თავად უნდა შეძლონ შემოსული დამთვალიერებლისთვის სასურველი სერვისის შეთავაზება – ტრადიციული კერძების, საოჯახო სასტუმროებისა და სხვადასხვა საჭიროებების კუთხით.

ტურიზმის განვითარებისთვის სამცხე-ჯავახეთში ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მხარის გუბერნატორი ამბობს, რომ პროცესში მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის წილი. მისგან გამოყოფილი 35 მილიონი დოლარის ფარგლებში, აბასთუმანში, ბორჯომსა და ასპინძაში სხვადასხვა სამუშაოებია დაგეგმილი. აკაკი მაჭუტაძე ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ რამდენიმე წელიწადში კულტურულ ობიექტებამდე მისასვლელი გზები მოწესრიგდება და ტურისტს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება. საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე არ გადაწყდება, გზებზე სველი წერტილების დამონტაჟებაა.

ტურიზმის განვითარება ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. დოკუმენტის მიხედვით, ხელმომწერი მხარე ვალდებულია ქვეყანაში გააუმჯობესოს მომსახურების სფერო, მოაწესრიგოს ტურისტული ზონები, ინფრასტრუქტურა. დასავლურ სტანდარტებთან დასაახლოებლად აუცილებელია ქვეყანამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG