Accessibility links

logo-print

ტურიზმის სტატისტიკა საქართველოში


ანაკლია

ანაკლია

ავტორი: ირინა გურული

წელს საქართველოს ზღვისპირეთში ტურისტების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნებოდა. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად ამას ხელი შეუწყო აჭარისთვის უჩვეულოდ მზიანმა ამინდმაც. ადგილობრივი მოსახლეობა და მედია მიმდინარე ზაფხულს ბევრს ლაპარაკობდა იმაზე, რომ ეს იყო უპრეცედენტო სეზონი ტურისტების მოზღვავების თვალსაზრისით. პასუხს კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია ასეთი აღქმა და როგორ აისახა ეს სიტუაცია ციფრებში, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული შვიდი თვის მონაცემები იძლევა. ამ მონაცემების თანახმად, ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 4 პროცენტით გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით. 2014 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 2 913 618, ანუ დაახლოებით 3 მილიონამდე, სტუმარი შემოვიდა. პირველ ხუთეულში არიან: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიაში ძირითადად უშუალო სამეზობლო შედის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოსადმი ტურისტული ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ყველაზე მეტად ლიტვიდან შემოსულ სტუმართა რაოდენობა გაიზარდა, ასევე 46 პროცენტით გაიზარდა პოლონეთიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად იკლო უზბეკეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან შემოსულ სტუმართა რაოდენობამ. ვიზიტორთა უმეტესობა საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით შემოვიდა, მხოლოდ 12 პროცენტი შემოვიდა საჰაერო გზით.

ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას საქართველოში ხშირად უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ მისი ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ტრანსპორტის სიძვირე. ამას გარდა, სერიოზული პრობლემაა ხარისხიანი და საშუალო ფასის საწოლი ადგილები. რამდენად მომზადებული დახვდა ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას საქართველოს სასტუმროები 2014 წელს, ეს, ალბათ, სეზონის საბოლოოდ დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღეისათვის კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულია 2013 წლის სასტუმროების სტატისტიკა. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 836 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება. მათი რაოდენობა, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 7,6 პროცენტით. ნომრების საერთო რაოდენობა 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, 6,1 პროცენტით გაიზარდა და 15,351 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს დაახლოებით 1,3 მილიონი სტუმარი სტუმრობდა, ხოლო მათგან 62 პროცენტი არარეზიდენტი იყო. სტუმართა რაოდენობა 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,9 პროცენტით გაიზარდა. მცირედ არის გაზრდილი სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობაც და ოფიციალურად 8 735-ს შეადგენს.

ცხადია, ეს მონაცემები თავის თავში არ მოიცავს იმ კერძო სექტორს, რომელიც საკუთარი საცხოვრებელი ბინების გაქირავებით არის ჩართული ტურისტულ ბიზნესში. ვერც იმაზე ქმნის საბოლოო წარმოდგენას, რამდენად ხარისხიანი იყო მათ მიერ შეთავაზებული წინადადებები. ერთი რამ კი ფაქტია: ოფიციალურ სტატისტიკაში მოხვედრილი სასტუმროების რაოდენობა ნამდვილად არ შეესაბამება რეალურ მოთხოვნას - 3 მილიონამდე ტურისტს მხოლოდ 7 თვის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG