Accessibility links

საქართველოში პარადოქსული სიტუაციაა: სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უმუშევრობა, ინფლაცია, მზარდი ფასები და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი კი გვამცნობს, რომ, უმუშევრობის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 12 პროცენტია დაუსაქმებელი.

გასული კვირის მიწურულს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2015 წლის დასაქმების მდგომარეობის შესახებ გამოკვლევა, სადაც. კერძოდ, ნათქვამია, რომ, წინა წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 % შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2015 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.8 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.4 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ცნობით, ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა, პირიქით, 2.7 პროცენტით შემცირდა, რის შედეგადაც დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2015 წელს 2014 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და, შესაბამისად, 21.5 და 4.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 15 წლის, ხოლო სოფლად - ბოლო 9 წლის მანძილზე.

საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე რეგიონალურ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად, - 0.8 და 0.7 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

”დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში (0.2 პროცენტული პუნქტით), ასევე კაცებში (0.5 პროცენტული პუნქტით) და, შესაბამისად, 10.2 (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე) და 13.5 პროცენტი (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 11 წლის მანძილზე) შეადგინა. ტრადიციულად, კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად, 41.1 და 21.9 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით, ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცხადია, ვინც მეთოდოლოგიის შესახებ და იმის შესახებაც იცის, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახური ყველა ადამიანს, ვისაც სოფლად მიწის ნაკვეთი აქვს, დასაქმებულად თვლის, მისთვის ეს შედეგები მოულოდნელი არ იქნება. თუმცა, თუ მოსახლეობის მიერ დასაქმების რეალურ აღქმას დავაკვირდებით, მაგალითად, NDI-ის მარტი-აპრილის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხვაში 67 %-მა სამუშაო ადგილები, 43 %-მა ინფლაცია და მზარდი ფასები, ხოლო 37 %-მა სიღარიბე დაასახელა მთავარ პრობლემად. ანუ მოსახლეობის 2/3 ქვეყნის მთავარ პრობლემად სწორედ უმუშევრობას მიიჩნევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG