Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველო და ქართველები კვლავ შთაბეჭდილებას ახდენენ”


ერიკ რუბინი
ერიკ რუბინი
საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები და მის შემდგომ შექმნილი ახალი რეალობა იყო 24 ოქტომბერს ვაშინგტონში, ცენტრში ”ნაციონალური ინტერესებისათვის” გამართული შეხვედრის თემა. თემაზე მომხსენებელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი იყო. მან თავის მოხსენებაში პოზიტიურად შეაფასა საქართველოში ხელისუფლების ტრანსფორმაციის მშვიდობიანი პროცესი და აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოს დემოკრატია ლოზუნგზე მეტია.

ერიკ რუბინის განმარტებით, ძალაუფლების ერთი მმართველი პარტიის მიერ მეორისათვის გადაცემის პროცესი სანიმუშოა ყველა ახალი დემოკრატიისთვის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიისა და თავისუფალი საზოგადოების საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ერიკ რუბინის დამოკიდებულება ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესების მიმართ პოზიტიურია და საქართველო და ქართველები მასზე ახლაც შთაბეჭდილებას ახდენენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკ რუბინის მოხსენებაში კი, დემოკრატიული პროცესების გარდა, აქცენტები გაკეთდა ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა საქართველოს სამომავლო პოლიტიკური ორიენტირები და ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება ამ ორიენტირების მიმართ, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები და, ამის პარალელურად, საქართველო-რუსეთისა და საქართველო-ნატოს ურთიერთდაახლოების პროცესები. საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ერიკ რუბინმა განაცხადა:

” შესაძლოა, ქართველები ვერ თანხმდებიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთ ძირეულ საკითხზე არსებობს შეთანხმება. პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ივანიშვილისა და მისი გუნდის პოზიცია მკაფიოა - მათ სურთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება და, საბოლოოდ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება.”
ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, იმის პარალელურად, რომ განვაგრძოთ სვლა ნატოში გაწევრიანებისკენ, აუცილებლად დავიწყოთ რუსეთთან დიალოგი ...
ალექსი პეტრიაშვილი

ერიკ რუბინი აზუსტებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს და ამ გზაზე მას ყოველმხრივ დახმარებას უწევს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ამ კონტექსტში ცალკე გამოყოფს ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ამერიკის შეერთეული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას და სამომავლო გეგმებს. ერიკ რუბინი აღნიშნავს იმასაც, რომ შეერთებული შტატებისთვის საინტერესოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ მათი მოსაზრებების გაცნობა. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, როდის შედგება ასეთი შეხვედრა, თუმცა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების მხარდამჭერი განცხადებები ახალი ხელისუფლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, თავად ხელისუფლება, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ღრმა და ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზაობას გამოხატავს, როგორც ქარტიის, ისე ყველა სხვა არსებული მექანიზმის ფარგლებში. რაც შეეხება ნატოს და რუსეთს, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს:

”ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, იმის პარალელურად, რომ განვაგრძოთ სვლა ნატოში გაწევრიანებისკენ, აუცილებლად დავიწყოთ რუსეთთან დიალოგი, რომელიც არ იქნება ერთმნიშვნელოვნად მარტივი, მაგრამ ეს აუცილებელია. და საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური და საინტერესო სიგნალია“.
ამ გზავნილში, რომელიც ამერიკული მხარიდან მოდის, არაფერი ახალი არ არის - ეს არის ჩვეულებრივი, ტრადიციული გზავნილი, რომელიც ამერიკას გააჩნია საქართველოსადმი, როგორც სტრატეგიული პარტნიორისადმი ...
სერგი კაპანაძე

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა ვაშინგტონში, ცენტრში ”ნაციონალური ინტერესებისთვის” განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, სამხედრო ძალები 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს და საერთაშორისო მეთვალყურეები ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს დაუშვას. თუმცა, იმავდროულად, ერიკ რუბინმა აღნიშნა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას და ვერ ხედავს წინააღმდეგობას საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურ, ჯანსაღ ურთერთობებსა და საქართველო-რუსეთს შორის აქტიურ, ჯანსაღ ურთიერთობებს შორის. საქართველო-რუსეთის პოზიციების დაახლოების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევის მაგალითად კი ერიკ რუბინს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე წარმოებული მოლაპარაკებები მოჰყავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე კი ფიქრობს, რომ დიალოგი რუსეთთან შესაძლებელია, თუმცა საქართველო-რუსეთის კარგი ურთიერთობები წინააღმდეგობაშია საქართველოს გაცხადებულ საგარეოპოლიტიკურ მიზნებთან:

”ამ გზავნილში, რომელიც ამერიკული მხარიდან მოდის, არაფერი ახალი არ არის - ეს არის ჩვეულებრივი, ტრადიციული გზავნილი, რომელიც ამერიკას გააჩნია საქართველოსადმი, როგორც სტრატეგიული პარტნიორისადმი, რომ მას შეუძლია ჰქონდეს რუსეთთან კარგი ურთიერთობები. თუ ეს არის, ბუნებრივია, ჯანსაღი. არაჯანსაღი ურთიერთობებია, როდესაც მოსკოვი ითხოვს, რომ ჩემთან ურთიერთობების გამო არ შეხვიდე ნატოში, არ გქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, არ წახვიდე ევროკავშირში და ასე შემდეგ, ან უარი თქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შენს ტერიტორიად აღიარებაზე, უარი თქვა ოკუპაციაზე და ასე შემდეგ. ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა, ჯანსაღია, რასაც ბატონი ერიკი გულისხმობს თავის განცხადებაში.”

სერგი კაპანაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მოხსენების ძირითადი გზავნილების შეფასებისას განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა არსებულ ფორმატებში გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG