Accessibility links

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს, გია სოსანაშვილს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივი, თუმცა მთავარი პროკურატურა ირწმუნება, რომ 20 იანვარს იური ვაზაგაშვილი, შვილის საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, სწორედ გია სოსანაშვილმა მოკლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გია სოსანაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაკავებულის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე, რადგანაც თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აბსოლუტურად უდანაშაულოა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მაინც არ აპირებს. „აზრი არა აქვს“, – უთხრა მან ორშაბათს ჟურნალისტებს.

8 თებერვალს, როდესაც მოქმედ პოლიციელ გია სოსანაშვილის დაკავების ამბავი გახმაურდა, საზოგადოების ერთი ნაწილი შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მთავარმა პროკურატურამ გია სოსანაშვილს პირდაპირ მკვლელი უწოდა და თანაც იმ ეტაპზე, როცა მას ჯერ ბრალიც კი არ ჰქონდა წაყენებული. ასეთები ბრალდების მხარეს უდანაშაულობის პრეზუმფციასა და იმ მარტივ ჭეშმარიტებას შეახსენებენ, რომ მსგავსი დასკვნების გამოტანა სასამართლოს საქმეა. თუმცა გია სოსანაშვილთან დაკავშირებულ განაცხადს პროკურატურა მტკიცებულებათა უტყუარობით ხსნის და მისხალი ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ყარაფილის სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის – ზურაბ ვაზაგაშვილის - საფლავზე სწორედ მოქმედმა პოლიციელმა გია სოსანაშვილმა მოკლა.

უტყუარ მტკიცებულებათა ჩამონათვალშია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ნაწილი, რასაც გამოძიება ე.წ. „ფალიის სახელურად“ მოიხსენიებს და რომელზეც ექსპერტიზამ გია სოსანაშვილის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა. ბევრს არ სჯერა, რომ აფეთქების შედეგად იქ რაიმე ამდაგვარი კვალი დარჩებოდა, მაგრამ, როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ აღნიშნა 8 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, დნმ–ის კვალი ფალიის სახელურის დამჭერად გამოყენებული საიზოლაციო ლენტის წებოვანმა ნაწილმა შემოინახა. „ეს არის მკვლელის შეცდომა და ჩვენ გაგვიმართლა“, – თქვა ირაკლი შოთაძემ.

კონკრეტულად რამდენიმე ადამიანია თვითმხილველი, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე სასაფლაოს ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე... გვყავს თვითმხილველი მოწმეები, – რამდენიმე ადამიანი, – რომლებიც ამ პიროვნებას იცნობენ და დაინახეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე...

ისინი, ვისაც ეჭვი შეაქვს გამოძიების ოფიციალური ვერსიის მართებულობაში, სვამენ შეკითხვას: როგორ დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილას აღმოჩენილი დნმ–ის კვალი მაინცდამაინც გია სოსანაშვილს ეკუთვნოდა? მთავარი პროკურორის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული ათასობით აბონენტის ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე და განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე. როგორც 8 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 19-20 იანვარს გია სოსანაშვილი იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილის ტერიტორიაზე; ხოლო დღის მეორე ნახევარში, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მან ეს თემა კიდევ უფრო განავრცო და დეტალებიც დააზუსტა:

„კონკრეტულად რამდენიმე ადამიანია თვითმხილველი, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე სასაფლაოს ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე... გვყავს თვითმხილველი მოწმეები, – რამდენიმე ადამიანი, – რომლებიც ამ პიროვნებას იცნობენ და დაინახეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 19 იანვრიდან მოყოლებული, 20 იანვრის ჩათვლით“.

მთავარი პროკურატურა აბსურდულს უწოდებს გია სოსანაშვილის ადვოკატის მიერ ალიბის სახით დასახელებულ ფაქტს, რომ 20 იანვარს, როდესაც აფეთქება მოხდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავის მეგობართან ერთად კასპის ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა. პროკურატურა აცხადებს, რომ სულაც არ იყო იმის საჭიროება, რომ აფეთქების დროს გია სოსანაშვილი შემთხვევის ადგილას ყოფილიყო და რომ მან ხელყუმბარა სასაფლაოზე მანამდე დაამონტაჟა.

დაკავებულია პიროვნება, რომელიც ბრალდებულია ამ დანაშაულის ჩადენაში და თუ ეს ასეადა დადასტურდება სასამართლოს მიერაც, ეს, ერთი მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გახსნა და ამის გამო ყველას, ვინც იღვაწა და აგრძელებს შრომას, დიდი მადლობა ეკუთვნით; მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ეროვნული სირცხვილი...

არსებითი კითხვა ისმის დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივის თაობაზე, რასთან დაკავშირებული ვერსიების გახმაურებასაც ამ ეტაპზე თავს არიდებს მთავარი პროკურატურა. ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატების წინასწარი ინფორმაციით, რადგანაც არ იკვეთება იური ვაზაგაშვილისა და გია სოსანაშვილის ნაცნობობის ფაქტი, შესაბამისად, პირადი შურისძიების მოტივზე ვერ ვილაპარაკებთ და, დიდი ალბათობით, მკვლელობა შეკვეთილი იყო.

ვიდრე დანაშაულის მოტივი არ გაირკვევა, უპასუხოდ დარჩება შეკითხვა, უკავშირდება თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მისი შვილის – 2006 წელს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის - საქმეს. გავიხსენოთ, რომ ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი 11 პირს და მათ შორის არის შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა. გამოძიებამ დაადგინა, და ამას გია სოსანაშვილის ადვოკატიც ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს (20 იანვარს) მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, წინა დღით კი სოსანაშვილი ურეკავდა ფირცხალავას, რომელმაც სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას 9 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და საკითხი ორ განსხვავებულ ჭრილში – დადებით და უარყოფით კონტექსტში - შეაფასა:

„დაკავებულია პიროვნება, რომელიც ბრალდებულია ამ დანაშაულის ჩადენაში და თუ ეს ასეადა დადასტურდება სასამართლოს მიერაც, ეს, ერთი მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გახსნა და ამის გამო ყველას, ვინც იღვაწა და აგრძელებს შრომას, დიდი მადლობა ეკუთვნით; მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ეროვნული სირცხვილი, როდესაც პოლიციის თანამშრომელი, – ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს ადამიანის უფლებებს, – გეგმავს და ახორციელებს ასეთ საზარელ დანაშაულს“.

პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს მხოლოდ დადებით ჭრილში განიხილავს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია. მისი თქმით, მოქმედი პოლიციელის დაკავება სისტემის პრინციპულობასა და მიუკერძოებლობაზე მეტყველებს. ამასთან, იზორია ჰპირდება საზოგადოებას, რომ გაძლიერდება მუშაობა საიმისოდ, რომ თითოეულმა ადამიანმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის (,,გ“ ქვეპუნქტის) შესაბამისად, რაც 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG