Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერები განადგურდება


შსს
შსს
დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ, 7 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების შესახებ. ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას კი ზედამხედველობას გაუწევს სპეციალური კომისია, რომელიც მთავრობის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება კონკრეტული მასალების განადგურების პროცესი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თებერვლიდან, ანუ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების აუცილებლობის დეკლარირებიდან, დღემდე გასული დრო მასალების დახარისხებას მოხმარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამბობს, რომ ამ ჩანაწერების უმრავლესობა პირდაპირაა მიმართული პოლიტიკური ოპონენტების კომპრომეტირებისაკენ და კავშირი არ აქვს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გაცხადებულ მიზნებთან. ლევან იზორია ადასტურებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები განადგურდება, მაგრამ, ამავდროულად, საჭირო გახდება საკანონმდებლო რეგულაციაც იმისთვის, რომ ამ მასალების დუბლიკატებიც განადგურდეს:
“არსებობს, ბუნებრივია, საშიშროება და ეჭვები და კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს მასალები ასლის სახით ინახებოდეს კერძო პირების მიერ. ჩვენ ვაპირებთ, უკვე გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან, რომ მათი ინიციატივით მოხდეს ამნისტიის კანონპროექტის მიღება პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული დროის ფარგლებში - ლაპარაკია ერთ თვეზე, მაქსიმუმ 2 თვეზე - ამ მასალების კერძო პირებისგან საგამოძიებო ორგანოებისთვის ჩაბარებას“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამბობს, რომ, პროექტის თანახმად, იმ პირთა მიმართ, ვინც ამ ვალდებულებას თავს აარიდებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამოქმედდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების განადგურების მიზანშეწონილობის შესახებ 7 ივნისს წარმოებულ კონსულტაციებში მონაწილეობდა საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი. მისი აზრით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაცული უნდა იყოს პრინციპი, რომ უკანონო ჩანაწერები თავისთავად უკვე სერიოზულ კრიმინალს წარმოადგენს:
“ოფიციალურმა პირებმა პირველ რიგში უნდა გამონახონ გზები ამ მასალების გასანადგურებლად ისე, რომ შეინარჩუნონ კრიმინალური საქმეების გამოძიების შესაძლებლობებიც მათ წინააღმდეგ, ვინც ეს არაკანონიერი ჩანაწერები გააკეთა. საჭიროა ასევე იმ პირების უფლებების დაცვაც, ვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიც გაკეთდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხერხდება ამ მიზნების გაერთიანება“.

პრინციპში მივიღეთ ის პასუხი, რაც ჩვენთის არის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი. სამინისტრო, როგორც ჩანს, აპირებს, რომ მოახდინოს ორი სახის მასალის გამიჯვნა. ერთი - ეს არის უკანონოდ მოპოვებული მასალა, პირადი ცხოვრების ამსახველი, მეორე - ეს არის მასალა, რომელიც კონკრეტულ გამოძიებას ესაჭიროება...
გია გვილავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ საქართველოში მოქმედი ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოტენციურად უკვე მოიაზრებიან სპეციალური კომისიის წევრებად. ერთ-ერთი მათ შორის არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.“ გია გვილავა, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ კონსულტაციებს ესწრებოდა, ამბობს:

“პრინციპში მივიღეთ ის პასუხი, რაც ჩვენთის არის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი. სამინისტრო, როგორც ჩანს, აპირებს, რომ მოახდინოს ორი სახის მასალის გამიჯვნა. ერთი - ეს არის უკანონოდ მოპოვებული მასალა, პირადი ცხოვრების ამსახველი, მეორე - ეს არის მასალა, რომელიც კონკრეტულ გამოძიებას ესაჭიროება. მოხდება ამ მასალების გამიჯვნა ისე, რომ არ მოხდეს პირადი ინფორმაციის იდენტიფიცირება და მოხდება უკანონოდ მოპოვებული მასალის განადგურება. ეს არის მისაღები პასუხი ჩვენთვის“.

გია გვილავას თანახმად, გადაწყვეტილება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის კარნახით იქნა მიღებული და მის საპირწონედ ვერ გამოდგება იმის მტკიცება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მასალების შენახვა ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებისთვისაა საჭირო. ეს მუხლები უკვე ამნისტირებულია, ამბობს გია გვილავა. ამ შემთხვევაში მისი და, ზოგადად, ფარული ჩანაწერების განადგურების ოპონენტი „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახი კახიშვილი კი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკანონო ჩანაწერების განადგურების საკითხზე შეჯერებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო:

“არ შემიცვლია პოზიცია. მე დღესაც ვფიქრობ, რომ სამართლებრივად მე მართალი ვიყავი „არგუმენტებში“ იმ კუთხით, რომ რეალურად უნდა დადგეს იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც სისტემურად აყალიბებდა ამ სქემით ადამიანებზე მანიპულირებას ამ ჩანაწერების შეგროვებით. და ჩვენ ვიცით, რომ ამაში იხარჯებოდა ძალიან ბევრი ფული. მაგრამ არის მეორე სიკეთე. ეს არის იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც იცის ან საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ მათზე გადაღებულია რაღაც მასალები“.

აქვე კახი კახიშვილი აღნიშნავს, რომ ფარული ჩანაწერების თემამ წარმოაჩინა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების აუცილებლობა, რომ უკანონოდ მოპოვებულმა მტკიცებულებამ მტკიცებულების ძალა არ დაკარგოს და, ამასთანავე, განაგდურებასაც დაექვემდებაროს.
XS
SM
MD
LG