Accessibility links

logo-print

რუსეთი უკვე ვმო-ს წევრია, თუმცა საქართველო-რუსეთის საზღვართან მონიტორები არ გამოჩენილან


2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ. ამ ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. თუმცა ჯერ-ჯერობით არ ამოქმედებულა შეთანხმებით გათვალისწინებული მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ნეიტრალურმა კომპანიამ აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის მოძრავი ტვირთები უნდა გააკონტროლოს. რა მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს საქართველოსთვის და რატომ არაა შესრულებული ამ ხელშეკრულების პირობები?

რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა 2011 წლის 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის წყალობითაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც მოსკოვის ვმო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ ქართული მხარე ითხოვდა, რომ საქართველოს სეპატარისტულ რეგიონებსა და რუსეთს შორის ვაჭრობის ზედამხედველობის საშუალება მისცემოდა.

2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოსკოვმა დამოუკიდებელ, კერძო კომპანიას დართო ნება შეემოწმებინა საბაჟო-გამშვები პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის სეპარატისტულ რეგიონებთანაც. საბაჟო ზედამხედველობა სამ ”სავაჭრო დერეფანზე” უნდა გავრცელდეს. ეს დერეფნები მოიცავს აფხაზეთს, ცხნივალის რეგიონსა და ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტს. უშუალოდ მონიტორინგი ”სავაჭრო კორიდორების” საწყის და ბოლო პუნქეტბზე განხორციელდება და ამგვარად მონიტორები სეპატარისტულ რეგიონებში არ შევლენ.

ხელშეკრულების დადების შემდეგ საქართველომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე ვეტო მოხსნა და ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ, 2012 წლის 22 აგვისტოს, რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა. ამის შედეგად შესაძლებელი გახდა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაც, რადგან ეს რუსეთის, როგორც ვმო-ს წევრის, ვალდებულება გახდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს ელჩი იყო გაეროს ჟენევის ოფისში 2011 წელს და მონაწილეობდა ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში. რადიო თავისუფლება მას ესაუბრა საქართველოსთვის ამ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე:

”ხელშეკრულება მთლიანად იცავს საქართველოს ინტერესებს. მასში შენარჩუნებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურად აუცილებელი იყო და ეს არის ძალიან დიდი წარმატება. მეორე მხრივ, ამ ხელშეკრულების წყალობით ბაზარი უნდა გაიხსნას ქართული პროდუქციისათვის.”

ხელშეკრულება ძალაში შევიდა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, ანუ 2012 წლის აგვისტოში. თუმცა ჯერ-ჯერობით არ გადადგმულა რაიმე ქმედითი ნაბიჯი მისი შესრულებისკენ. ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონტრაქტის დადებაზე შვეიცარიის კომპანია ეს-ჯი-ესთან, რომელიც მხარეებმა შეარჩიეს ტვირთების ექსპერტიზისა და შემოწმებისთვის. რა გაკეთდა 2012 წლის შემდეგ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ მიმართა სერგი კაპანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს.

”ბევრი არც არაფერი, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მერე ამოცანა იყო, რომ უნდა მომხდარიყო კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება იმ კომპანიასთან, რომელიც მოახდენდა მონიტორინგს. ამ კონტრაქტზე დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთის მხრიდანაც, ეს-ჯი-ეს-თან (SGS), მაგრამ ბოლომდე არ იქნა ჯერ ეს მიყვანილი. ანუ ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სავარაუდოდ დამთავრდება მალე. მაგრამ ტექნიკური პროცესია უფრო მეტად ვიდრე რაიმე სხვა პროცესი,” განაცხადა კაპანაძემ.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ ფინანსთა სამინისტროში შექმნა უწყებათშორისი კომისია, რომელიც ფინანსთა, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კოორდინირებით მუშაობს ამ საკითხზე. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, რომ სამუშაო პროცესის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გააკეთებდნენ ამ საკითხზე კომენტარს. ეს უარი შესაძლოა ასახავდეს რუსეთის მიმართ საქართველოს ახალი მთავრობის უფრო ფრთხილ პოლიტიკასაც. კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილის აზრით, ”საქართველო ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი და არ აყენებს მწვავე საკითხებს:”

”მე ვთვლი, რომ საქართველო აწარმოებს ძალიან ფრთხილ პოლიტიკას იმისათვის, რომ რაღაცნაირად არ გააღიზიანოს რუსეთი და არ აყენებს მწვავე საკითხებს. მაგრამ ეს გზა გარკვეულ დონემდე მისაღებია, მაგრამ გარკვეულ დონემდე ესეც არის სარისკო. როდემდე შეიძლება არ დააყენო მწვავე საკითხი თუ ის რეალურად დგას?”

საქართველოს მთავრობის ახალი პოლიტიკის გარდა ხელშეკრულების შესრულება პირველ რიგში რუსეთზეა დამოკიდებული. ჯერ კიდევ წინა მთავრობის ოპონენტები ამბობდნენ, რომ რუსეთი თავის სასურველ მიზანს ანუ ვმო-ში გაწევრიანებას იღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე. ამგვარად, ახლა ნეიტრალური მონიტორების საბაჟოზე დაშვება უკვე მხოლოდ რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. გერმანიის მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური აკადემიის ექსპერტი, ანდრაშ რაცი თავის ანგარიშში წერს, რომ რუსეთს თავისუფლად შეეძლება ხელშეკრულების შესრულების გადადება. იმ შემთხვევაშიც, თუ მხარეები კერძო კომპანიაზე შეთანხმდებიან, რუსეთს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მონიტორების სამუშაოსთვის ხელის შეშლა მაინც არ გაუჭირდება. თუმცა სერგი კაპანაძის მოსაზრებით ხელშეკრულებაში ჩადებული მექანიზმები ამ საფრთხეს წინასწარ ითვალისწინებს:

”ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის ნაწილია რუსეთი, მას შეუძლია ძალიან მარტივად ფეხქვეშ გათელოს. რუსეთმა შეიძლება ხელშეკრულება დაარღვიოს, მაგრამ თუ დაარღვია, არსებობს მექანიზმები, რომლითაც ეს შეიძლება იყოს გასაჩივრებული, მათ შორის ვმო-ს ფარგლებში: ამ ხელშეკრულების მიერ შექმნილი ერთობლივი კომიტეტი, რომელიც განიხილავს ამ ხელშეკრულების დარღვევის საკითხებს და კიდევ არბიტრაჟი, რომელიც გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე დაარღვევს ხელშეკრულებას.”

თუმცა ანდრაშ რაცი ასევე წერს, რომ მაშინ როდესაც რუსეთისთვის ხელშეკრულებამ უკვე გამოიღო გრძელვადიანი შედეგი, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, სანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმი არ ამოქმედებულა, ის საქართველოსთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG