Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუს ტბა, წავკისი, საბურთალოს პარკი... - კიდევ რას ემუქრება გაჩეხის საფრთხე?


კუს ტბა
კუს ტბა
გარემოსდამცველი ორგანიზაციების თბილისის საკრებულოს, მერიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან წავკისის ტყის, კუს ტბისა და საბურთალოს პარკის (ე.წ. ასათიანის პარკი) თაობაზე 9 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ გარემოსდამცველთა ნაწილს კვლავაც არ აქვს პასუხი ხელისუფლებისგან - რა ელის აღნიშნულ ტერიტორიას და რატომ ეწირება მწვანე საფარი კონკრეტული ბიზნესმენების კერძო ინტერესებს, თანაც ისე, რომ აღნიშნული ტერიტორიები კანონდარღვევის გარეშეა გასხვისებული. 10 აგვისტოს გარემოსდამცველი ორგანიზაციებისა და საინიციატივო წარმომადგენლების ერთმა ნაწილმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, არ დაუშვას მწვანე საფრის გაჩეხა.
კუს ტბა, წავკისის ტყე, საბურთალოს პარკი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ტერიტორიებისა, რომელთა ნაწილი კერძო ბიზნესის ხელში აღმოჩნდა. თბილისის მასშტაბით რჩება სხვა გამწვანებული ადგილებიც, რომლებიც ასევე გაყიდულია და ეს ინფორმაცია მალე ბომბივით იფეთქებს, - განაცხადა 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე „მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზურაბ ქოროღლიშვილმა. მისი თქმით, 9 აგვისტოს საკრებულოში გამართულ შეხვედრამდე გარემოსდამცველებს იმედი ჰქონდათ, რომ დედაქალაქის თვითმმართველობა ამ პრობლემის გადაჭრას შეეცდებოდა მაინც, მაგრამ მთავარი შთაბეჭდილება, რაც ამ სხდომის შემდეგ ზურაბ ქოროღლიშვილს დარჩა, დამაიმედებელი ვერ არის:

„საკრებულოს, ალბათ, სურს ეს საკითხი ასე გადაწყვიტოს: რაც უკვე გასხვისდა, მას რაღა ეშველება, ბარემ დასრულდეს და აღსრულდეს, რაცაა შეთანხმებული, და მეტს აღარ ვიზამთ, მეტად ეს აღარ განმეორდება. თუმცა ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს ამით არ დასრულდება. იგივე წავკისის ტყის შემთხევაშიც, ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა - კაზინოები და აგარაკები გვინდა ამ ტყეში თუ ტყის მასივი, რომელიც არის ქალაქის ფილტვები“.

წავკისის საინიციატივო ჯგუფის წევრი ალექსი ქოროღლიშვილი აცხადებს, რომ ტყის გაჩეხა წავკისში დღესაც გრძელდება.

ყველა შენობა დაანგრიეს და, როგორც ვიცით, რვა მაღალსართულიანი სახლის აშენებას აპირებენ. ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ იქ არაფერი მოიჭრება. რვა მაღალი შენობა, რომელიც, ფაქტობრივად, ტყეში უნდა ჩადგან, - იქ უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა ...
გიორგი გოთუა
საზოგადოებრივი მოძრაობა „საბურთალოს პარკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი გოთუაც ამბობს, რომ „საბურთალოს პარკში“, სადაც ადრე ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო იდგა, ხეების გაჩეხა შენობის დანგრევის შემდეგ დაიწყო. ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ შესაბამის უწყებებში წერილები მაშინვე დაგზავნა, როგორც კი ხმა გავარდა, რომ ტერიტორია იყიდებოდა, მაგრამ მაშინ, 2006 წელს, ვერც ერთი სტრუქტურიდან პასუხი ვერ მიიღეს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ეს ადგილი 2010 წელს გაიყიდა კომპანია „BD Property”-ზე, 20130-ში კი ნგრევაც დაიწყო.

„ყველა შენობა დაანგრიეს და, როგორც ვიცით, რვა მაღალსართულიანი სახლის აშენებას აპირებენ. ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ იქ არაფერი მოიჭრება. რვა მაღალი შენობა, რომელიც, ფაქტობრივად, ტყეში უნდა ჩადგან, - იქ უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, გზა, - როგორ წარმოგიდგენიათ, მწვანე საფარს არ დააზიანებს?“

ადგილზე ხეების მოჭრაც დაიწყო და მალე მოსახლეობამ ისიც გაარკვია, რომ ქალაქის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურს ადგილზე 37 ხის მოჭრის ნებართვა ჰქონდა გაცემული:

აბსოლუტურად ყველა ნებართვა კანონის სრული დაცვითაა გაცემული. შესაბამისად, მე ვერ დავარქმევდი ბრალდებას იმას, რასაც არასამთავრობო სექტორი ამბობს, უფრო - ვარაუდებს. მესმის, რომ არ არის სასიამოვნო, როცა ხე იჭრება და გარემო ზიანდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი...
გიორგი ქორქაშვილი
„42 ხე უკვე მოიჭრა. მოსახლეობა გარეთ გამოვიდა, გააპროტესტა ეს ამბავი. მაშინ მერიის გამწვანების სამსახურმა გვითხრა, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული მათ მიმართ, ვინც ეს გააკეთა, რომ მათ დააჯარიმებდნენ... ხალხი დროებით დამშვიდდა და დაიშალა. მათი წასვლიდან რამდენიმე საათში კიდევ რამდენიმე ხე მოჭრეს. ამის შემდეგ ჩვენ ამ 37 ხის მოჭრის ნებართვაც მოვიპოვეთ, სადაც ეწერა, რომ მათ ჰქონდათ გადაბერებული და გადაბელილი ხეების მოჭრის ნებართვა. მალე ექსპერტიზის პასუხიც მივიღეთ, სადაც ეწერა, რომ მხოლოდ 4 ხეს ჰქონდა დაავადება და, ისიც, იოლად განკურნებადი. მისი მოჭრის აუცილებლობა არ არსებობდა“.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, თუ დღეს ვინმესთან არის სადავო, ეს ის ორგანოა, რომელმაც ნებართვა გასცა. პასუხი, მისი თქმით, ბიზნესს არ მოეთხოვება.

იმ ორგანოში კი, რომელსაც პასუხს სთხოვენ, აცხადებენ, რომ კანონი არავის დაურღვევია.

„აბსოლუტურად ყველა ნებართვა კანონის სრული დაცვითაა გაცემული. შესაბამისად, მე ვერ დავარქმევდი ბრალდებას იმას, რასაც არასამთავრობო სექტორი ამბობს, უფრო - ვარაუდებს. მესმის, რომ არ არის სასიამოვნო, როცა ხე იჭრება და გარემო ზიანდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი, რომ არ დავკარგოთ ქალაქის განვითარების პერსპექტივა და, ამავდროულად, შევინარჩუნოთ გარემო“, - ამბობს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი.

თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის ეს პასუხი საკმარისი არ არის. მათი განცხადებით, წინა ხელისუფლების მავნე პრაქტიკა სწორედ ის იყო, რომ კერძო გადაწყვეტილებებს არგებდნენ კანონებს. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ სამართლებრივი დავის დროს ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგშია და არასამთავრობო სექტორს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არსებული გარიგებების დამტკიცება უჭირს. ამ ყველაფერს კი თბილისისა და მისი შემოგარენის მწვანე საფარი ეწირება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG