Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობამ სამეგრელოს პრობლემები შეუქმნა


ზუგდიდი
ზუგდიდი

თოვლმა პრობლემები შეუქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს. უხვი ნალექისა და მოყინული გზების გამო ქალაქსა და მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება, სოფლების უმრავლესობაში კი საერთოდ არ მოძრაობს. მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით, რადგან გზები ოპერატიულად არ გაიწმინდა და არ დაიყარა ტექნიკური მარილი:

„მარილი დავყარეთო, მაგრამ არსად არ არის დაყრილი“.

„არსად არ არის მარილი დაყრილი. ნახეთ, ხალხი რა დღეშია, წვალობს ყველა. ვალი მაქვს და მაგიტო ვმუშაობ, თორემ რა მინდა დღეს აქ“.

„ქალაქში 10 ავტობუსი თუ მუშაობდა, ახლა მუშაობს 4. მეხუთეც გამოვა და დღის ბოლომდე დაემატება კიდევ, ალბათ“.

„ტექნიკური მარილი რომ დაეყარათ, მანქანა იმოძრავებდა“, - აცხადებენ მძღოლები.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში მძღოლების შენიშვნებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ პირველი თოვლისთანავე შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ამასთან, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება, რომ ცენტრალურ ქუჩებში რამდენჯერმე დაიყარა ტექნიკური მარილი. ანალოგიური განმარტება კეთდება მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაია ღურწკაიას განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ადრინდელი განრიგით ვერა, მაგრამ მაინც მოძრაობს:

„ტრანსპორტის უმრავლესობა არის კერძო და ჩვენ ასეთ ცუდ ამინდში ნამდვილად ვერავის ვერ დავავალებთ... მუნიციპალური ტრანსპორტი შეძლებისდაგვარად მოძრაობს“.

გადაადგილება, ასევე დიდთოვლობის მიზეზით, წუხელ გვიან ღამემდე შეზღუდული იყო ზუგდიდი-სვანეთის ცენტრალურ მაგისტრალზე. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნელი ნავერიანი აცხადებს, ამ დროისთვის გზები გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია:

„თვითონ სოფლებს საწვავი მიწოდებული აქვთ ჩვენგან, ტრაქტორები ყველა სოფელში გვაქვს შეძენილი და ისინიც გამოდიან ცენტრალურ გზამდე. ასე რომ, პრობლემა გზის ჩაკეტვის არ არის“.

სწორედ გზებზე გადაადგილების სიძნელეს უკავშირდება ქალაქ ზუგდიდის სამაშველო სამსახურში შესული შეტყობინებების დიდი ნაწილი. როგორც სამსახურის უფროსის მოადგილე ელგუჯა აკობია აცხადებს, ბოლო სამი დღის განმავლობაში მათთან 74 შეტყობინება შევიდა, რომლებიც ძირითადად ავტოსაგზაო შემთხვევებს შეეხებოდა:

"მოძრავი მანქანები გადადიან გზის სავალი ნაწილიდან და ითხოვენ ამოყვანას. ასევე რეკავენ და ხალხი ითხოვს სახურავების გაწმენდას, რადგან ეშინიათ მისი ჩამონგრევის. არის გამოძახებები გაზის მილებიდან აირის გამოჟონვის გამო. ეს გამოიწვია ძლიერმა ყინვებმა, ამიტომაც ამ საკითხზეც შემოდის შეტყობინებები", - განაცხადა ელგუჯა აკობიამ.

ანალოგიურ ვითარებაში უწევთ მუშაობა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურ ჯგუფებს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოში აბონენტების მხოლოდ 2 %-ს მიეწოდება შეზღუდვით.

XS
SM
MD
LG