Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ბურჭულაძის არასკანდალური ”გასაბერი ანგელოზი”


თბილისში გამოვიდა მწერალ ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი - ”გასაბერი ანგელოზი”. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზენტაციაზე წიგნზე მეტი ილაპარაკეს, ვიდრე სკანდალურობით ცნობილ მის ავტორზე. და ეს არის წიგნი, რომელიც ლიტერატურულ წრეებში რადიკალურად განსხვავებული გემოვნების ადამიანებს მოეწონათ. ჯერჯერობით კრიტიკოსებს არაფერი უთქვამთ - რომანი ხომ სულ ახლახან გამოვიდა.

ზაზა ბურჭულაძე - ავტორი.
„გასაბერი ანგელოზი“ - რომანი.
ისევ შავი გარეკანი, ყდაზე ფოტო - განწყობისთვის.
206 გვერდი. წაკითხვის დრო - ორი საათი.
ჯერ რომანიდან ნამდვილად მომხდარი ფაქტები ამოვკრიფე: რომანის აწმყო - ისლანდიაში ვულკანი ეიაფიალაიოკული ამოიფრქვა. გორში სტალინის ძეგლი აიღეს.კვლავ ეთერშია გადაცემა ”პროფილი”.
მერე ფრაზები: „სულები ხომ ჰოლივუდის ვარსკვლავებივით არიან, მათთან დაკავშირება სრულიად შეუძლებელია“. ან სხვა: „ცოტა სუნი სოფელში ყველას ასდის“, ან კიდევ: „ღმერთი გწამს? ღმერთმა დამიფაროს“. ამბობენ, რომ სკანდალური წიგნი საერთოდ არაა, „გასაბერი ანგელოზი“ კი ჰქვია...
ის სიყალბეები, რაც ამ წიგნშია მოცემული და რაც შეიძლება ჰიპერბოლიზებულია და ანგელოზივით გაბერილია, ჩემს არც ერთ წიგნში არ მახსენდება...

და ბარემ უცებ გეტყვით, რა ხდება. ზაზა ბურჭულაძის ამ რომანის მთავარი გმირები - თბილისში, მთაწმინდაზე მცხოვრები ცოლ-ქმარი ნინო და ნიკო გოროზიები - ერთ მშვენიერ დღეს თეფშს ატრიალებენ და რატომღაც ცნობილი ფილოსოფოსის, იოგისა და მოგვის, გიორგი გურჯიევის სულს იძახებენ. გურჯიევი მოდის, მაგრამ უკან, სასულეთში ვეღარ ბრუნდება, მოკლედ, ვერ ქრება და ახალგაზრდა ოჯახთან საცხოვრებალდ რჩება. დაუჯერებელი ამბები რომანში მას შემდეგ იწყება, რაც გურჯიევის დახმარებით გოროზიები მდიდარ მეზობელს იტაცებენ და გამოსასყიდს - მილიონ ევროს - ითხოვენ, რომელიც მათთან თავად გატაცებულს მიაქვს. მაგრამ ასე მარტივად გამდიდრების სასწაული ამ რომანის მთავარი სასწაული არ არის.
”ეს ცოლ-ქმარი, ნინო და ნიკო გოროზიები, პირველივე სცენაში უყურებენ ”პროფილს”, რომანის ბოლო სცენაშიც უყურებენ ამავე ტიპის გადაცემას. არადა, ამ ორ გადაცემას შორის, ანუ მთელი წიგნის განმავლობაში სასწაულები მათ თვალწინ ხდება. ისინი რეალურად მდიდრდებიან, მილიონრები ხდებიან, მაგრამ ესეც კი არ შველით მათ. მათი საშველი არ არის - ეს ადამიანები როგორებიც იყვნენ, ისეთები რჩებიან”, - ამბობს თავად ავტორი, ზაზა ბურჭულაძე. როგორებიც იყვნენ, ანუ - ოჯახი, სადაც ფულის შემომტანი ცოლია, ქმარი უმუშევარია და თან დიეტაზეა. ცოტა სექსი აქვთ, ჰყავთ ძაღლი ფუკო... რაღაც-რაღაცების ზედაპირული ცოდნა, ზერელე რწმენა, ადამიანის მოტაცების გამო დანაშაულის შეგრძნების დაფარვა რომელიღაც ეკლესიის მშენებლობისათვის ათლარიანი შესაწირით. ერთი სიტყვით თუ დავახასიათებ იმას, რაც რომანში ხდება, სიტყვა სიყალბე გამომადგება. ამ სიტყვას თავად ავტორიც ახსენებს:

”ის სიყალბეები, რაც ამ წიგნშია მოცემული და რაც შეიძლება ჰიპერბოლიზებულია და ანგელოზივით გაბერილია, ჩემს არც ერთ წიგნში არ მახსენდება. ასეთი იდეოლოგიური აფეთქება ჩემს არც ერთ წიგნში არ მქონია.”
ნაწარმოებში ყველა სახელიანი გმირი - გრიბოედოვი იქნება ეს, შავი კაცი, აფხაზი ზანგი - ყველა საქართველოსთანაა მიბმული...

ეს არის წიგნი სარკის ეფექტით:
”იმიტომ, რომ აქ რამდენიმე ჩვენში პოპულარული ნაწარმოებია სარკის ეფექტით მოცემული - რუსთაველის ”ბოროტსა სძლია კეთილმან”, ოღონდ აქ არის - ” ბოროტმან სძლია კეთილსა”, მეორე, გოეთეს ”ფაუსტიდან”, აქ პირიქით ამბობს ჩემი გმირი, გურჯიევი: ”მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის, ვისაც კარგი სურს და ავსა სჩადის” - ანუ პირიქით ამბობს ფაუსტის სიტყვებს და, რაც მთავარია, დოსტოევსკის ”ძმები კარამაზოვები“ - როდესაც იქ წმინდანი მამა ზოსიმე ყროლდება, აქ, პირიქით, აყროლებული წმინდანდება... და კიდევ ბევრი გადაძახილია მსოფლიო ლიტერატურასთან.”

მგონია, რომ ვინც ამ წიგნის კითხვას დაიწყებს, გურჯიევის სახელს გუგლში ერთხელ მაინც მოძებნის. ისე, რომანში თავად გურჯიევმა გუგლიდან ამოკრეფილი საკუთარი ფოტოებით ფეისბუქზე საკუთარი პროფილიც კი შექმნა. ”შეშლილივით ლეპტოპთან ათენებდა და აღამებდა, მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ერთდროულად ასობით ადამიანს ესაუბრებოდა, უპაჭუნებდა თვალს, უცვლიდა მუსიკასა თუ ფოტოს, უმეგობრდებოდა და იმეგობრებდა ყველას განურჩევლად”... ნაცნობი სიტუაციაა, ხომ?
რატომ მაინცდამაინც გურჯიევი? ზაზას მიზანი ასეთი იყო:

”თუ დააკვირდებით, ნაწარმოებში ყველა სახელიანი გმირი - გრიბოედოვი იქნება ეს, შავი კაცი, აფხაზი ზანგი - ყველა საქართველოსთანაა მიბმული, ისევე როგორც გურჯიევი, და ეს რომანი მინდოდა ყოფილიყო აბსოლუტურად ქართული პროდუქტი.”

ზაზა ბურჭულაძე
”აბსოლუტურად ქართულ პროდუქტში” ლიტერატორი და პუბლიცისტი შოთა გაგარინი იმ მესიჯებს პოულობს, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურაში შეიძლება გადავაწყდეთ:

”კარგად თქვა, ვინც თქვა, რომ მეორედ მოსვლა რომ მოხდეს და ”ბიბისიმ” არ გააშუქოს, მეორედ მოსვლა არ შედგებაო... ანუ მედია ახდენს რეალობის ლეგიტიმაციას თითქოს და აქაც, ამ რომანშიც, მთავარი გმირების თვალწინ მოხდა ამ წმინდანის გარდასახვა, რაზეც რეაქცია არ აქვთ, მაშინ როდესაც რეაქცია აქვთ მაია ასათიანის სატელევიზიო შოუზე, რომელშიც ამ წმინდანზე ჰყვება წამყვანი. იჯერებს იმ რეალობას, რომელსაც ”პროფილი” ეუბნება და არა იმას, რასაც ხედავს. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, აქ რელიგიასა და სულიერებას შორის გამყოფი ხაზის ძებნაცაა, რაც აღრეულია. ნორმან მეილერმა თქვა კარგად, რომ რელიგია და სულიერება ისეთივე დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან, როგორც პორნოგრაფია და სექსიო და ვფიქრობ, აქაც ავტორს თითქოს საზღვრის გავლება სურდა რელიგიასა და სულიერებას შორის.”

მართლა იმდენი შეფასებაა, რამდენიც მკითხველი. ეს არის თავშესაქცევი რომანი, - თქვა მწერალმა დავით ქართველიშვილმა ”გასაბერ ანგელოზზე”.

წიგნის გამომცემლის, ბაკურ სულაკაურისთვის კი ”გასაბერი ანგელოზი” ერთგვარი შეჯამებაა - მასში არის ყველაფერი, რასაც ზაზა ბურჭულაძემ თავის დღემდე დაწერილ წიგნებში მიაღწია:

”დახვეწილი ენა, ძალიან მკაფიო, კარგად გადმოცემული ამბავი, ძალიან ცოცხლადაა დახატული ნებისმიერი პერსონაჟი და, რაც მთავარია, აქვს ისეთი რამ, რაც არ ჰქონდა აქამდე მის ნაწარმოებებს - იუმორი. და პირველი წიგნია ზაზასი, სადაც არაფერია სკანდალური. შესაძლოა, იმიტომ რომ იმდენად ღრმა ნაწარმოები შექმნა, რომ სკანდალურობისთვის იქ ადგილი აღარ დარჩა.”

მართალია, ჯერ ”გასაბერ ანგელოზზე” ლიტერატურის კრიტიკოსების გამოხმაურება არ გამოჩენილა, მაგრამ სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ბურჭულაძე ამ რომანით რაღაცით მწერალ ”ლაშა ბუღაძეს დაემსგავსა” და რომ ლაშა ბუღაძე ლაშა ბუღაძესავით გაცილებით უკეთ წერს... „გასაბერმა ანგელოზმა“ ვის ბუღაძე გაახსენა და ვის ამერიკელი მწერალი, ე.წ. მაგიური რეალიზმის წარმომადგენელი ლუციუს შეფარდი... თუმცა შეფასებები, ალბათ, მაინც ჯერ წინაა, რადგან წიგნი ახლახან გამოვიდა.

რომანის ბოლოს, როცა გოროზიები უკვე ახალ ევრორემონტიან ბინაში ცხოვრობენ, როცა მათ მიერ მოტაცებული მდიდარი მეზობელი წმინდანადაა ქცეული და ხმალას ეკლესიაში სასწაულებსაც ბლომად ახდენს (რასაც შემდეგ წარმატებულად აშუქებს მედია), ნიკო გოროზია ძველ ბინაში გურჯიევის მოსაკითხად შეივლის და აღმოაჩენს, რომ მოხუცს შიმშილისგან ცოტა ხნის წინ თავისი ერთგული მეგობარი ძაღლი - ფუკო - შეუჭამია. მისგან მხოლოდ თავია დარჩენილი, რომელიც საგულდაგულოდ შეუნახავს გურჯიევს საყინულეში.
ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, ფუკოს შეჭმის ამბავს უბრალოდ სამწუხარო ფაქტად აღიქვამთ თუ სასწაულის ნაწილად.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG