Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასმელი წყლის დეფიციტი დევნილთა დასახლებებში


დევნილთა ზოგიერთ დასახლებაში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა. ბერბუკის დასახლების ერთ ნაწილს დიდი ხანია წყალი საერთოდ აღარ მიეწოდება. ამის მიზეზი გვალვა და მათივე თანასოფლელების მიერ სასმელი წყლის სარწყავად გამოყენება გახდა. დასახლებაში ჭაბურღილი კი არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა წყალი ყველასთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სოფლის განაპირას მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ. წვიმის შემთხვევაში ვითარება უკეთესობისკენ იცვლება, რადგან დევნილების ნაწილი სასმელ წყალს უკვე სარწყავად აღარ იყენებს და იგი უკვე ყველას ჰყოფნის.

დევნილები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. მათი აზრით, პრობლემა შესაძლოა დამატებითი ჭაბურღილის დამონტაჟებამ გადაჭრას. ბერბუკის დევნილთა დასახლების მამასახლისის თამაზ რომელაშვილის თქმით, დასახლებას წყალი ნორმალურად მიეწოდება, მაგრამ დეფიციტს სასმელი წყლის სარწყავად გამოყენება ქმნის. მისი განცხადებით, სოფელში მალე დამატებითი სარწყავი ჭაბურღილები ამოქმედდება, რაც პრობლემას მთლიანად მოხსნის.

უწყლოდ დარჩენილი დევნილთა ერთი ნაწილი გვალვის პირობებში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. სოფელში უკვე დაძაბული მდგომარეობაა, გახშირდა კონფლიქტები. ზოგს წყალი არ აქვს, ზოგი კი მოსავლის გადარჩენას ცდილობს.

უწყლოდ დარჩენილები ცაზე ღრუბლების გამოჩენას ელოდებიან, რადგან წვიმის შემთხვევაში მათი თანასოფლელები სასმელი წყლით რწყვას შეაჩერებენ და წყალი ყველასთვის საკმარისი იქნება.
XS
SM
MD
LG